რატომ არ უყვართ და რატომ ებრძვიან “ნაციონალები” მრავალშვილიანებს

რატომ არ უყვართ და რატომ ებრძვიან “ნაციონალები” მრავალშვილიანებს


ექსპერტების თქმით, დემოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოს ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაშია - ბოლო 20 წელიწადში ქვეყნის მოსახლეობა მილიონით შემცირდა, ამდენივე კი, საზღვარგარეთ გადაიხვეწა. შობადობის მიხედვით, მსოფლიოს 196 ქვეყანას შორის, საქართველო 164-ე ადგილზეა. ამასთან, გაზრდილია სიკვდილიანობაც, განსაკუთრებით - ჩვილ ბავშვებში... ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი, დეპუტატი, 7 შვილის მამა დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მრავალშვილიაონობა სასჯელად აქცია:

- მინდა, კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება მრავალშვილიანობის განმსაზღვრელ დებულებაზე, რომელიც, სამწუხაროდ, არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ გვხვდება. ბიუჯეტში მითითებულია, რომ სახელმწიფო ფულადი კომპენსაციით მხოლოდ იმ ოჯახებს ეხმარება, რომლებსაც 7, ან მეტი შვილი ჰყავთ და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი უფროსი შვილი არასრულწლოვანია. არადა, საქართველოში ძნელად მოიძებნება ისეთი ოჯახი, სადაც შვიდი შვილიდან სრულწლოვანი ერთი მაინც რომ არ იყოს, მაგრამ თუ ასეთი ოჯახი მოიძებნა, მას თითო შვილზე მხოლოდ 5 ლარი ერგება. ეს დაცინვა, ანუ საქმე გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან დეკლარირებულ სამარცხვინო აქტთან, რომლითაც სახელისუფლო გუნდის სახე კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა. “ნაციონალებისთვის” სოციალური პოლიტიკა პირველი ხარისხის ამოცანაა არაა. ეს საკითხი პარლამენტის სხდომაზე რამდენჯერმე დავაყენე და ფინანსთა მინისტრს საკმაოდ მარტივი შეკითხვით მივმართე, თუ რატომ არ თვლის სახელმწიფო 4, 5 და 6-შვილიან ოჯახებს მრავალშვილიანად, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.

ბატონო დიმიტრი, როგორც მახსოვს, “ვარდების რევოლუციამდე” მოქმედებდა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დახმარებას ითვალისწინებოდა. ამასთან, მრავალშვილიანებისთვის მშობიარობა უფასო იყო. ეს პროგრამა რატომ გაუქმდა?

- საერთოდ, “ვარდების რევოლუციამდე” მრვალშვილიან ოჯახებს გაცილებით მეტი ყურადღება ექცეოდათ. სხვათა შორის, მაშინ დემოგრაფიული საზოგადოებაც არსებობდა და მეხუთე შვილზე ოჯახს 500 ლარი გადაეცემოდა. დიახ, რევოლუციამდე მრავალშვილიანი დედა უფასოდ მშობიარობდა. ოჯახი კი, გარანტირებულ ყოველთვიურ დახმარებას იღებდა. სხვათა შორის, ეს პოლიტიკა მაშინაც კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან თვლიდნენ, რომ ამგვარი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახისთვის საკმარისი არ იყო, თუმცა ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, ეს პოლიტიკა მიწასთან გასწორდა და “ნაცონალებმა” იმდენი ქნეს, რომ ამ ქვეყანაში მრავალშვილიანობა უკვე სასჯელია! ჩვენ, მრავალშვილიანები ამ სასჯელს ნამდვილად ვგრძნობთ - ჩვენთვის, მაგალითად, სასკოლო სახელმძღვანელოების ყიდვა ასტრონომიულ ციფრებს აღწევს. ყოველ შემთხვევაში, ოჯახს, სადაც სკოლის ასაკის 4-5 ბავშვია, მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის 1000 ლარი სჭირდება.

თუ არ ვცდები, განათლების სამინისტრო ღატაკი მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს სახელმძღვანელოებს უფასოდ აძლევს...

- დიახ, მაგრამ ეს ხელისუფლების პიარ-აქცია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანობის მიმართ მხარდაჭერას არ ნიშნავს. უწმინდესმა და უნეტარესმა ძალიან მნიშვნელოვან წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი - ეკლესიის მხრიდან მესამე და მეოთხე შვილის გაჩენა წახალისებულია. ამიტომ, ძალიან ბევრი წყვილი ცდილობს, რომ მისი შვილი პატრიარქის ნათლული გახდეს და, შესაბამისად, ბევრი შვილის გაჩენასაც ბედავს. სახელმწიფო კი, ნაბიჯს არ დგამს, რომ ასეთ ოჯახებს დაეხმაროს. არადა, ჩვენი გადარჩენის ფორმულა მრავალშვილიანობაა!
სხვათა შორის, პალიკო კუბლაშვილსა და გოკა გაბაშვილს შევთავაზე, რომ ამ თემის ირგვლივ ბიუჯეტში დასაფიქსირებელ პარამეტრებზე გვემსჯელა, თუმცა მათ ჩემი საპარლამენტო გამოსვლა პოპულიზმად მონათლეს. უკაცრავად, მაგრამ ჩემს თავს ვაძლევ უფლებას, რომ ამ თემაზე ვისაუბრო, რადგან საკუთარ ტყვაზე მაქვს გამოცდილი, თუ როგორია სახელმწიფოს მხრიდან უარყოფილი მრავალშვილიანი ოჯახების მდგომარეობა - მაღალჩინოსნები უძვირფასი ავტომანქანებით დადიან და არანაირ საბიუჯეტო ბონუსს არ იკლებენ, მრავალშვილიანებითვის კი, მხოლოდ 5 ლარს იმეტებენ, თუმცა “ნაციონალებსგან”, რა უნდა გაგიკვირდეთ, როცა ჩემს ინიციატივას მხარი არც საპარლამენტო ოპოზიციამაც დაუჭირა.

2012 წლის ბიუჯეტს ხმა იმიტომ არ მიეცით, რომ პრიორიტეტული მიმართულებები არასწორად იყო გადანაწილებული?

- 2012 წლის ბიუჯეტის პროექტით, დაფინანსება ეზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ფულის ერთ-ერთი მთავარი გამთეთრებელია, ანუ სხვადასხვა პროგრამაში თანხების მობილიზებას სწორედ ეს სამინუსტრო უზრუნველყოფს. მაგალითად, სოფლის დახმარების პროგრამით არაერთი ათასი ლარი შავი გზით არჩევნების მიმართულებით მიემართება. ნუთუ, ახალ ბიუჯეტში კონტრიბუცია, რომელსაც მრავალშვილიანი ოჯახი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებასა და თავდაცვის ამაღლებაში დებს, ნუთუ, გათვალისწინებული არ უნდა იყოს? ეს ქვეყნის დემოგრაფიის მიმართ ყოვლად მიუტევებელი დამოკიდებულებაა. საქართველო, დემოგრაფიული სიმწავიდან გამომდინარე, აუტსაიდერთა რიგებშია - ჩვენ მივეკუთვნებით იმ ერთა რიცხვს, რომელთა რიცხოვნობა კატასტროფულად იკლებს, შესაბამისად, ქართველი ერი გადაშენების საფრთხის პირასაა, მით უმეტეს, თუ ამ პრობლემას ფართომასშტაბიან მიგრაციულ პროცესებსაც დაუკავშირებთ.

თუ გაქვთ მონაცემები, სულ რამდენი ათასი ადამიანია საქართველოდან გასული?

- მხოლოდ 2010 წელს საქართველოდან ელექტორული ასაკის 160 ათასი ადამიანი გავიდა. ამას ემატება არცთუ ორაზროვანი სახელისუფლო პოლიტიკა, რომელიც რეადმისიის კანონთანაა კავშირში. ამის შესახებ ევროპის სახელმწიფოებთან ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნიდან მხოლოდ ჩვენი თანამემამულეები კი არა, ისინიც უნდა დაბრუნდნენ, ვინც ევროპის კონტინენტზე ჩვენი ქვეყნის გავლით მოხვდნენ. ასეთი კატეგორიის ადამიანების დეპორტირების შემდგომ, საქართველო ვალდებულია,
მათი დაბრუნება ე.წ. წარმოშობის ადგილებში უზრუნველყოს, მაგრამ სანამ ამას გააკეთებს, მათ თავშესაფარი და ინფრასტრუქტურა უნდა მოუწყოს. წარმოგიდგენიათ, რა დღეში შეიძლება, ჩავვარდეთ ცოტა ხანში?

რას გულისხმობთ?

- ბოლო დროს ჩვენთან საკმაოდ მომრავლდნენ აფრიკელები, აზიის ქვეყნებსა თუ ინდოჩინეთიდან ჩამოსული ადამიანები, თუმცა ვერ გაიგებ, აქ ლეგალურად იმყოფებიან თუ არა. სხვათა შორის, სამხრეთ აფრიკის ძალიან ბევრი მოქალაქე ცდილობს, რომ საქართველოში მიწის ნაკვეთი იაფად შეიძინოს.Eეს საგანგაშო თემაა და, საერთოდ, დემოგრაფიაზე ზრუნვა ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან კონსესუსის საგანი უნდა გახდეს. ამ ხელისუფლების პირობებში ხსენებული პრობლემის გამოსწორება, რა თქმა უნდა, არ მოხდება...

იმის თქმა გინდათ, რომ სახელმწიფო თავის ხალხს გენოციდს შეგნებულად უწყობს?

- ხე ნაყოფით იცნობაო და ხელისუფლების პოლიტიკაც აშკარად უბიძგებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ თავიანთი ქვეყნიდად განიდევნონ. ამის ნათელი დადასტურება თუნდაც ისაა, რომ 2009 წელს ერთიან მონაცემთა ბაზაში სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი 900 ათასი ადამაინი ირიცხებოდა, დღეს კი, - მილიონ 450 ათასი. სხვათა შორის, მიგრაციის ხარისხით საქართველო მსოფლიო ათეულშია... მოგეხსენებათ, წმინდა ადგილი ცარიელი დიდ ხანს არ რჩება და მას უცხო ტომები იკავებენ. ასე რომ, იმ მოქმედებების ერთობლიობით, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, გამოდის, რომ საკუთარი ხალხის გენოციდი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია!