სვანეთში დაცული საქართველოს საგანძურის გადასარჩენად შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელშიც გაერთიანებულები არიან: შოთა გლურჯიძე, სოსო მანჯავიძე, თეა წულუკიანი, დავით ლილუაშვილი, მანანა კვაჭაძე, მაია ბარნაველი, მირონ ფირცხელანი, თამარ იმნაძე, ლია სიხარულიძე, არჩილ ლეკიშვილი, ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და მე, ნინო მიქიაშვილი, 18 ნოემბერს საქართველოს მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სახელზე ასეთი შინაარსის საჩივარი შეიტანეს:
“საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდება ქმედება, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით დაცული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანების ან განადგურებისაკენ მიმართულ მოქმედებებს.
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კონსერვატორის, რუსუდან ქოჩქიანის მიერ პრესაში გაკეთებული განცხადებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ფასეულობები მუზეუმიდან ე.წ. კონტეინერებში 2011 წლის 28 ივნისს გადაიტანეს.
აღნიშნული ნივთები დღემდე ამ კონტეინერებშია განთავსებული. დღეისათვის მუზეუმის შენობა თითქმის დანგრეულია, ხოლო იმავე ადგილას აპირებენ ახალი მუზეუმის შენობის აგებას და აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება.
2011 წლის მაისში სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობას სახურავი ისე გადახადეს, რომ ეროვნული საგანძური და სხვა ნივთები იმ დროს ჯერ კიდევ შენობაში იყო განთავსებული. “სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიიდან რეკავდნენ და გვაჩქარებდნენ, დროზე გაიტანეთ ყველაფერი, თორემ ჩამოვალთ და თავად გავიტანთო“, - აცხადებს მესტიის მუზეუმის ხელმძღვანელი, რუსუდან ქოჩქიანი.
სექტემბრიდან ჩვენს მიერ ატეხილი განგაშის მიუხედავად (რომელსაც საზოგადოების ბევრი სხვა წევრიც შემოუერთდა), მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ხელისუფლებასთან, რომ განადგურებისათვის განწირული მსოფლიო მნიშვნელობის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები მესტიაშივე, უსაფრთხო ადგილას ყოფილიყო გადატანილი. ორიოდე კვირის წინ, 1-3 ნოემბერს მესტიაში იმყოფებოდნენ პატრიარქის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის წევრები და ასევე, ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის მიერ შექმნილი კომისიის წარმომადგენლები. ორივე კომისია სიტყვიერად შეთანხმდა იმაზე, რომ საგანძურის გადატანისთვის ყველაზე საუკეთესო ადგილი იყო მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, რომელსაც ეკლესია თმობს საცავად, ახალი მუზეუმის აშენებამდე.
წმინდა ნიკოლოზის ტაძარი შეირჩა იმიტომ რომ მესტიაში სხვა შესაფერისი შენობა არ არის. საპატრიარქო ხელისუფლებას სთავაზობს, რომ დაიდოს ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ახალი მუზეუმის აშენებამდე საქართველოს ეკლესია მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს თმობს საცავად, სადაც რასაკვირველია, წირვა-ლოცვა არ იქნება.
13 ნოემბერს პატრიარქმა ეროვნულ საგანძურთან დაკავშირებით, პირდაპირ განაცხადა:
“ძალიან არასასურველი მდგომარეობაა ზემო სვანეთში. ზემო სვანეთში, როგორც უვარგისი შენობა, დაანგრიეს ყოფილი მუზეუმი და ეს ძვირფასი ხატები და ნივთები, რომელსაც ინახავდა ქართველი ხალხი, ჩაკეტილია სპეციალურად გაკეთებულ სათავსოებში. ეს იმდენად მოუხერხებელი და საშიშია, რომ შეიძლება ყინვამ, თოვლმა და თოვლჭყაპმა დააზიანოს ეს ხატები და ერთადერთი გამოსავალია, რომ ეს ხატები იყოს დალაგებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში იქნება იქამდე, სანამ აშენდება კარგი მუზეუმი, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველაფერი და საშიშ მდგომარეობაში არ იქნება. ეს საკითხი თითქოს უკვე წყდებოდა, მაგრამ დღემდე არ არის გადაწყვეტილი და ჩამოდიან სვანები, თბილისში, აწუხებენ ჩვენს ხელისუფლებას, ჩემთან მოდიან და არასასიამოვნო, სულ უბრალო საკითხზე ასეთი არასასიამოვნო და მიუღებელი მსჯელობა და კამათია. ჩვენ ხომ შეგვიძლია გავუგოთ ერთმანეთს?! ჩვენ უნდა აუცილებლად გვესმოდეს ერთმანეთის“.
იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მიზანმიმართულად აცხადებენ უარს აღნიშნული საგანძურისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მათ ქმედებაში ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის (მეორე ნიშნით) მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს:
„2. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
3. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განადგურება, ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის დაზიანება ან განადგურება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გამოიყენოთ თქვენთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, შეასრულოთ თქვენი ვალდებულება და დაიწყოთ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, იმის გამოსაკვლევად, თუ ხელისუფლების კონკრეტულად რომელი უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან იქნა ჩადენილი 259-ე მუხლის (მეორე ნიშნით) მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული“.