საქართველოს რესპუბლიკური პარტიის საგანგებო განცხადება ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის საგანგებო განცხადება ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ

დღეს დილით რესპუბლიკურმა პარტიამ გაავრცელა განცხადება ევროპარლამენტის რეზოლუციის თაობაზე, რომელიც ეყრდნობოდა ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე დღეს დილის მდგომარეობით არსებულ რეზოლუციის ტექსტს.

რამდენიმე წუთის წინ ევრო-პარლამეტის ვებ-გვერდზე დაიდო ტექსტის ახალი ვერსია, რომელშიც რამდენიმე დებულება შეცვლილი სახით არის წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი და მართალი ინფორმაცია ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ და შესაბამისად, უნდა განვმარტოთ რომ

დებულება ადვოკატების ცემისა და შეურაცხყოფის შესახებ ტექსტიდან ამოღებულია. შეცვლილია ფორმულირება პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების შესახებ. შესაბამისად, ჩვენი განცხადების საბოლოო ვერსია ასეთია:

„ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა, როდესაც ევროპის უმაღლეს ორგანოში - ევროპარლამენტში - კიდევ ერთხელ დასტურდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და დემოგრაფიული ვითარების ძალადობრივად შეცვლა, გაისმის მოთხოვნა რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რათა მან უპირობოდ შეასრულოს 2008 წ. 12 აგვისტოს შეთანხმება და გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება.

რესპუბლიკელებს მიგვაჩნია, რომ ევროპარლამენტის 2011 წ. 17 ნოემბრის რეზოლუციაში ობიექტურად აისახა საქართველოში არსებული ვითარება, მართებულად ჩამოყალიბდა მოთხოვნები ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, როგორიცაა:

უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მათ შორის გახმაურებული პოლიტიკური, ადამიანის უფლებებისა და საკუთრების სასამართლო საქმეების მიუკერძოებლად განხილვა;

უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, პლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება; ამ მიზნით:

ა) საშუალება მისცეს მედიას პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გარეშე დამოუკიდებლად და ობიექტურად წარმართოს საკუთარი საქმიანობა;

ბ) ჩაებას კონსტრუქციულ დიალოგში პოლიტიკურ ოპოზიციასთან,

პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭოს სასამართლო რეფორმას მისი სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად რათა აღმოიფხვრას ადამიანის უფლებების, საკუთრების უფლებების და პოლიტიკური უფლებების შელახვა;

გააუმჯობესოს პირობები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში;

შექმნას სათანადო პირობები ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს შრომითი უფლებები და სტანდარტები.

აშკარა და მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ამახვილებს ყურადღებას არა მხოლოდ ქრონიკულად ქცეულ პრობლემებზე, არამედ განსაკუთრებით მედიაზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემთხვევებზეც, რასაც სათანადო რეაქცია უნდა მოჰყვეს როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან“.