დენიელ ჰელპერი, “Atlantic”
გაზეთ Atlantic-ის ვებსაიტი ისეთ რამეს წერდა, რაც ცოტა არ იყოს გაოცებას იწვევს. ”კონდოლიზა რაისი რუსეთთან ომის გამო საქართველოს ლიდერს ადანაშაულებს” – ნათქვამი იყო კუცერას სტატიის სათაურში. ქვესათაური კი შემდეგს აცხადებდა: ”ყოფილი სახელმწიფო მდივანი უპირისპირდება ბევრი ამერიკელი რესპუბლიკელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2008 წლის ომი რუსებმა დაიწყეს.” ავტორი წერს: ” საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლო მოკავშირეები ნატოდან გაიუცხოვა, როდესაც „რუსებს საკუთარი თავის პროვოცირების საშუალება მისცა” და სამხრეთ ოსეთის გამო ომი დაიწყო”. თუ კუცერას სტატიაში გასაოცარი არის რამე, ეს ისაა, რომ ის მთლიანად მცდარია, თუმცა Atlantic-მა ის მაინც გამოაქვეყნა.
”ეს აღმაშფოთბელია, ” განაცხადა კონდოლიზა რაისმა Atlantic-ის სტატიაზე. ”არაფერი არ შეიძლება ისე შორს იყოს სიმართლისგან, როგორც ის ის აზრი, რომ მე შეიძლება ქართველები დამედანაშაულებინა”.
კუცერას სტატია მთლიანად ეფუძნება რაისის ამას წინათ გამოცემული მემუარების ტექსტს (”ყველაზე დიდი პატივი: მოგონებები ვაშინგტონში გატარებულ წლებზე”). მაგრამ ავტორმა როგორღაც მოახერხა და ისე დაამახინჯა ტექსტი, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი საკუთარ სიტყვებს ვეღარ ცნობს.
”ის იდეა, რომ მე ამაში სააკაშვილს ვადანაშაულებდი… ვფიქრობ, ეს უბრალოდ შეცდომაა,” მითხრა რაისმა სატელეფონო ინტერვიუში. ”მართალია, ჩვენ ვწუხდით იმაზე, რომ რუსები (საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის) პროვოცირებას მოახერხებდნენ და ის მისცემდა საკუთარი თავის პროვოცირების საშუალებას. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იყო ქართველების ბრალი. ვფიქრობ, სრულ ტექსტში ეს ცხადად სჩანს”.
”ვფიქრობ, რუსებს უნდოდათ ეს ომი,” მითხრა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და დასძინა, რომ რუსებმა მიიღეს ის, რაც უნდოდათ. ”მათ ყველეფერი გააკეთეს ქართველების პროვოცირებისთვის. ომი აშკარად ოსების, რუსების მოკავშირეების მიერ ქართული სოფლების დაბომბვით დაიწყო.”
რაისი, პირველ რიგში პუტინს ადანაშაულებს: ”დარწმუნებული ვარ, რომ რუსებს უნდოდათ კონფრონტაცია საქართველოსთან. და ამაზე პასუხისმგებლობას პუტინს ვაკისრებ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ის იმ დროს არ იყო პრეზიდენტი, პუტინი ყოველთვის ყველაზე აგრესიულად იყო განწყობილი ქართველების მიმართ. მე წიგნში იმასაც განვმარტავ, რომ ბევრ რუსს ქართველები ირაციონალურადაც კი სძულთ…”
წიგნში რაისი ფრთხილად იმასაც ვარაუდობს, რომ რუსების ზიზღი ქართველებისადმი შესაძლოა ერთი რამითაა მოტივირებული – ქართველებს რუსებზე მუქი კანი აქვთ. რაისი თავის მემუარებში წერს:
”ქუჩაში რიგითი გამვლელიც კი გეტყვით, რომ მუქკანიანი კავკასიელები ქურდები და ავაზაკები არიან. ერთხელ მოსკოვის ერთ ძველ სასტუმროში, ”უკრაინაში” ვცხოვრობდი და სადილიდან დაბრუნებულს, აღგზნებულმა ადმინისტრატორმა ქალმა მომმართა (ძველ საბჭოთა კავშირში, ეს მოხუცი ადამიანები მთელი ღამე უთვალთვალებდნენ სასტუმროს ბინადართა წასვლა-წამოსვლას) და მითხრა, რომ ვიღაც ქართველი კაცები მკითხულობდნენ. ის ისე შეულამაზებლად გამოხატავდა ანტი-ქართულ განწყობებს, მგონი, ვერ აცნობიერებდა, რომ მეც მუქკანიანი ვარ”.
გაურკვევლია რატომ ავრცელებდა Atlantic -ში გამოქვეყნებული სტატია იმ აზრს, რომ საქართველო იყო აგრესორი. ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა დამახინჯება, რომელიც რუსების პოზიციის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.
ისევე, როგორც Atlantic-ი, პუტინიც ფიქრობს, რომ ქართველებმა ის მიიღეს, რაც დაიმსახურეს. ამბობენ, რომ პუტინმა 2009 წელს განაცხადა ”პოლიტიკა რომ სხვანაირი ჰქონოდათ, დარწმუნებული ვარ, 18 თვის წინ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ის ტრაგიკული მოვლენები არ მოხდებოდა.” ”სააკაშვილის პოლიტიკური მიზანი საქართველოსა და რუსეთის კავშირების გაწყვეტა იყო.”
მანამდე, პუტინი კიდევ უფრო შორს წავიდა და ომის დაწყება ამერიკელებს დააბრალა! კარგია, რომ Atlantic-მა შეთქმულების ეს თეორია მაინც არ განიხილა სერიოზულად.
თავის წიგნში, თავში, რომელიც რუსეთს და საქართველოს მიუძღვნა, რაისი იმასაც კი ყვება, თუ როგორ ცდილობდა მის დაშინებას კუნთმაგარი რუსი და საქართველოს მხარდაჭერის შესუსტებას სთხოვდა. რაისი წერს:
”მერე მე საქართველოზე დავიწყე ლაპარაკი და პირდაპირ გადავეცი პრეზიდენტის გზავნილი. ”ჩვენ შეშფოთებული ვართ თბილისთან დაკავშირებული რიტორიკისა და ემბარგოს გამო,” – ვუთხარი მე მშვიდად. ”საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი დიდ ზემოქმედებას იქონიებს აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე”. პუტინი მყისიერად წამოდგა და გადმომხედა. ”თუ სააკაშვილს ომი უნდა, ის მას მიიღებს,” თქვა მან. ”ნებისმიერი ფორმით მისი მხარდაჭერა ჩვენს ურთიერთობებს აგრეთვე გააფუჭებს.” ეს ის ფიზიკური ქმედება იყო, რომელიც აშკარად დაშინებას უდრიდა. ამიტომ მეც წამოვდექი, ქუსლებზე ვიდექი და 5,8 ფუტიან სიმაღლის პუტინს 5,11 ფუტის სიმაღლიდან შევყურებდი. მე გავიმეორე პრეზიდენტის გზავნილი. რამდენიმე გაწელილი წუთის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვიდექით-, თითქმის პირისპირ.
ბევრი შეიძლება არ დაეთანხმოს იმას, თუ როგორ მოქმედებდა რაისი მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომს აწარმოებდა. გონიერი ხალხი შეიძლება უკმაყოფილო იყოს ბევრი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ყოფილმა მდივანმა ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობის დროს მიიღო. მაგრამ ერთი რამ უდავოა: რაისი 2008 წლის კონფლიქტის გამო ადანაშაულებს რუსეთს და არა საქართველოს.
მიუხედავად ამისა, კუცერა და მისი რედაქტორები Atlantic-დან, როგორც ჩანს, კრემლის თვალთახედვას იზიარებენ.
foreignpress.ge
808
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85