ოთხშაბათს საღამოს პარლამენტის პირველ ვიცე–სპიკერ მიხეილ მაჭავარიანთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების საიდუმლო შეკრება იყო. რა თქმა უნდა, დეპუტატებს უფლება აქვთ, როდესაც უნდათ და ვისთანაც უნდათ, იქ შეიკრიბონ, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მეორე დღეს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მისულიყო, ადვილი მისახვედრია, რომ მაჭავარიანთან შეხვედრა სწორედ ამას უკავშირდებოდა.
ძნელია იმაზე საუბარი, თუ მაჭავარიანმა თითოეულ მათგანს რა დავალება მისცა და კონკრეტულად რისი თქმა ჰქონდათ დავალებული, მაგრამ გუშინ საფინანსო-საბიუჯტო კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის გამოსვლები სწორედ ამ მითითებების შესრულებაზე მეტყველებდა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო მისული, უმრავლესობის უჩვეულო სიმრავლე შეინიშნებოდა. უმრავლესობის ის წარმომადგენლები, რომლებიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები არ არიან და ამ კომიტეტის სხდომებს სხვა დროს არასოდეს დასწრებიან, ახლა კომიტეტის სხდომაზე დაწყებიდან იმყოფებოდნენ.
მათი მობილიზება კი მართლაც საჭირო იყო, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ამ სხდომის დანიშვნამდე ჯერ კიდევ ორი კვირით ადრე ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ სხდომაზე იყო დაბარებული, არ გაუშვეს ან დაეხმარნენ, რომ ფრაქციის სხდომაზე ოპოზიციის წინაშე მარტო არ აღმოჩენილიყო.
საქმე ის არის, რომ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ორი კვირაა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იბარებს, რათა იმ კითხვებს გასცეს პასუხი, რაც ბანკ „ქართუსთან“ დაკავშირებით საზოგადოებაში დაგროვდა.
სხვათა შორის, დაახლოებით სამი კვირის წინ პარლამენტში მყოფმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი მზად იყო, ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ ადამიანს შეხვედროდა ნებისმიერი ფორმატით და კითხვებზე პასუხი გაეცა.
ამის შემდეგ ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისთვის“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფრაქციის სხდომაზე მიიწვია და თან შესთავაზა, რომ შეხვედრის თარიღი თავად აერჩია, მაგრამ ამაოდ.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტის რეგლამენტი მთავრობას და ასევე საჯარო სამსახურის ყველა იმ პირს, ვისაც პარლამენტი ნიშნავს, მათ შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, პარლამენტში ნებისმიერი ფორმატით მისვლას ავალდებულებს.
მიუხედავად ამისა, ქადაგიძემ ფრაქციისთვის ვერ მოიცალა. ამასთან, ბანკ „ქართუს“ პრეზიდენტი, ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ იგი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინტენსიურად ითხოვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრას, მაგრამ ეს დღემდე ვერ მოხერხდა.
სწორედ ამიტომ წინასწარ იყო ცნობილი, რომ იგი კითხვებს ქადაგიძეს ფრაქციის სხდომაზე დაუსვამდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფრაქციის სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მისულიყო, 17 ნოემბერს, დღის პირველ საათზე გაიმართებოდა. მაგრამ 16 იანვარს, გვიან ღამით, ზუსტად ამ დროისთვის დაინიშნა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ერთ-ერთ კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა მისულიყო. ამის გამო კი ქადაგიძე ფრაქციის სხდომაზე ვეღარ მივიდა.
ამის გამო ფრაქციის წევრებმა განაცხადეს, რომ კომიტეტის სხდომა ფრაქციის სხდომას საგანგებოდ დაამთხვიეს, რათა ქადაგიძეს მათი კითხვებისთვის პასუხი არ გაეცა. საბოლოოდ კი კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ მელიქიშვილის თანხმობით გადაწყდა, რომ ფრაქციის წევრებს და ფრაქციის სხდომაზე მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებოდათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის კითხვები კომიტეტის სხდომაზე დაესვათ.
მართალია, თავდაპირველად ეს გადაწყვეტილება უმრავლესობის იმ წევრებმა, რომლებიც, წესით, აქ არ უნდა ყოფილიყვნენ, გააპროტესტეს, მაგრამ მელიქიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება არ შეცვალა.
სხვათა შორის, მთელი სხდომის მანძილზე მელიქიშვილს არც ერთი რეპლიკა არ უთქვამს და საერთოდ საკმაოდ შეწუხებული სახით იჯდა. ძნელი სათქმელია, მისი ასეთი განწყობა რას უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ იგი უმრავლესობის იმ წევრებისგან, რომლებიც ივანიშვილისთვის რუსეთის აგენტობის დაბრალების და ცაგარეიშვილისთვის „გაიშნიკობის“ გახსენის იქით ვერ წავიდნენ, რადიკალურად განსხვავდებოდა.
უმრავლესობის წარმომადგენელმა ვახტანგ ბალავაძემ ადგილიდან ხამამღალი რეპლიკით ცაგარეიშვილს მიმართა, „გაიშნიკების“ სკოლაში საბანკო საკითხებს არ გასწავლიდნენ და სჯობს, ნურაფერს იტყვითო.
მაგრამ ცაგარეიშვილი „ბანკ ქართუსთან“ დაკავშირებით ფულის გათეთრებაზე მიმდინარე გამოძიების ეტაპით დაინტერესდა.
მას აინტერესებს, შეიძლებოდა თუ არა ბანკებს შორის ნაღდი ფულის გამაგრების ოპერაცია დაკვალიფიცირებულიყო, როგორც ფულის გათეთრების მცდელობა, მით უმეტეს, რომ უნაღდო ანაგარიშსწორება მოხდა მსოფლიოს წამყვანი ბანკების „დოიჩე ბანკის“, „ტრანსკომპანის“ და „სიტი ბანკის“ და მეორე შემთხვევაში „კომერცბანკის“ მეშვეობით. ხოლო ნაღდი ფული გამოტანილი იქნა „საქართველოს ბანკიდან“, რომლის მიმართაც გამოძიებას პრეტენზიები არ გააჩნია.
ცაგარეიშვილის თქმით, ფული რომ გათეთრდეს, ჯერ შავი უნდა იყოს, ანუ კრიმინალური წარმოშობისა, რაც ნარკოტიკებს, უკანონო იარაღს და სხვა დეტალებს უკავშირდება.
„თუ უნაღდო ფული იყო კრიმინალური წარმოშობისა, პრეტენზიები ნიუ-იორკის და გერმანიის ბანკებისკენ და შესაბამისი მონიტორინგის სამსახურებისკენ უნდა იყოს მიმართული. ასევე, თუ ნაღდი ფულის წარმომავლობასთან ჩნდება ეჭვი, მაშინ უპირველესი პრეტენზია „საქართველოს ბანკთან“ უნდა იყოს, ალბათ. მით უფრო,რომ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, „ქართუ ბანკის“ მოთხოვნაში ფულის ფერი, ანუ წარმოშობა დაფიქსირებული არ იყო“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა და დაინტერესედა თუ რა ეტაპზეა გამოძიება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე კი, ამ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „ქართუ ბანკის“ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, პირველ რიგში კი, ბანკის პრეზიდენტს, ნოდარ ჯავახიშვილს ბანკის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს და როგორც აცხადებს, „თუკი ბანკის მესვეურები ამ კუთხით წესრიგს თავად არ დაამყარებენ, ამას ეროვნული ბანკი გააკეთებს“.
„რამდენად ნორმალურია და რომელ ცივილურ ქვეყანაში ხდება, როცა კომერციული ბანკი პოლიტიკური დაჯგუფების მხარდასაჭერად აქტიურობს?! საერთაშორისო პრაქტიკიდან თუნდაც ერთი ფაქტი დამისახელეთ, როცა კომერციული ბანკის მესვეური პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და საპარლამენტო ლიდერების გამოსვლებს აფასებს. დამისახელეთ კომერციული ბანკი, რომლის ხელმძღვანელი პოლიტიკური პარტიის პიარის ფუნქციას ასრულებს! დამისახელეთ თუნდაც ერთი ბანკი, რომელიც როგორც ეროვნული ბანკის, ასევე სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ არასწორ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს! საერთაშორისო პრაქტიკიდან დამისახელეთ კონკრეტული ფაქტი, სადაც კომერციული ბანკი საკუთარი კლიენტის ვინაობას ასახელებს და კომერიციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ავრცელებს. დამისახელეთ ერთი ფაქტი, სადაც კომენციული ბანკი შემოწმების პროცედურას მიზანშეწონილად აჭიანურებს“, - დაიწყო და აღარ გაჩერდა ქადაგიძე და ეს ბრალდებები მთლიანად ჯავახიშვილისკენ მიმართა.
ამ კონტექსტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კვლავ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი გაიხსენა და ჯავახიშვილი საბანკო სფეროს უკან მიბრუნებაში დაანაშაულა.
„ეროვნული ბანკის მიზანია „ქართუ ბანკი“ პოლიტიკური პროცესისგან გამიჯნოს. თუ ამ კუთხით წესრიგს არ დაამყარებთ თქვენ, ამას ეროვნული ბანკი გააკეთებს“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ჯავახიშვილმა კი განაცხადა, ამ საკითხის პოლიტიზირება ვინდაიწყო ეს ძნელი გასარკვევი არ არის.
„ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკზე მისი განცხადებებიდან რამდენიმე დღეში თავდასხმა რომ მოაწყეს, ეს პოლიტიზაცია ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და ნოდარ ჯავახიშვილმა? მინდა შევახსენო ბატონ გიორგი ქადაგიძეს და ყველა დანარჩენს, მე ამ დროს არ ვიყავი „ქართუ“ ბანკში. რის პოლიტიზაციას ვახდენდი, როდესაც ბანკის ტერიტორიაზე დააპატიმრეს კანონიერი ფული. დღეს, შავი ფულის გათეთრება არც უხსენებიათ, არადა, ამ მუხლით არის აღძრული საქმე. როგორ მოხდა ეს, რომ ბანკის ტერიტორიიდან გამოჰქონდა ბანკს შავი ფული და იმ ბანკს პასუხი არ მოეთხოვა საიდანაც გამოჰქონდა და ვისაც გამოჰქონდა იმას მოსთხოვეს. რა, ჩვენ შავი ფული მოვთხოვეთ საქართველოს ბანკს? ჩვენ მოვითხოვეთ 2 მილიონი დოლარი და ერთი მილიონი ევრო და იმან თუ შავი ფული გამომატანა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა? სასაცილოა, როდესაც ბანკიდან გამოტანილ ფულის სიშავეზე ვლაპარაკობთ“, - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
სამაგიეროდ უმრავლესობამ სხვა რომ ვეღარაფერი თქვა, ჯავახიშვილის პოლიტიკაში მოსვლა გაიხსენეს და დაასკვნეს, რომ ისიც რუსეთის ინტერესების გამტარებელია, რადგან თავიდან ასლან აბაშიძის პარტიაში იყო.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გიორგი მელაძისთვის გაუგებარია, რატომ აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს „ქართუ“ ბანკის პრეზიდენტი. თავად ბანკში კი, მელაძის თქმით, პირდაპირ მიმდინარეობს პოლიტიკური ჯგუფისთვის დაფინანსების შეკრება და პოლიტიკური პიარი კეთდება ბანკის ხელმძღვანელის მიერ. ნოდარ ჯავახიშვილზე კი, გიორგი მელაძე ამბობს, რომ საზოგადოებამ მისი წარსული უნდა გაიხსენოს.
„მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის, თუ თვითონ რომელი პარტიიდან იყო შემოსული პარლამენტში. ეს იყო „აღორძინება“, ასლან აბაშიძის პარტია, რომელიც პირდაპირ იყო რუსული ხაზი. თუ პოლიტიკოსებზეა საუბარი, მაშინ ეს უნდა ვთქვათ. ის იყო „აღორძინებიდან“, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსულ პოლიტიკასთან“, - განცხადა მელაძემ.
პრინციპში ამ რეპლიკას თუ არ ჩავთვლით, უმრავლესობამ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალებით იყო მობილიზებული, ხელისუფლების პოზიციის დაცვა მაინც ვერ მოახერხეს და ისევ მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ ივანიშვილი რუსეთის ინტერესების გამტარებელია და ბანკი პოლიტიკაში ერევა, რაც მათთვის დაუშვებელია.
რაც შეეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, ქადაგიძის თქმით, ეს საკითხი მთლიანად სამართალდამცავების კომპეტენციაა, რომელზეც დაიწყო გამოძიება და ახლაც მიმდინარეობს.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „ქართუ“ ბანკის მესვეურები შემოწმების პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა, რასაც ჯავახიშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება.
ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ეროვნულ ბანკს იდეაში აქვს როგორმე მიაღწიოს, რომ „ქართუ“ ბანკში დროებითი ადმინისტრაცია შემოიყვანოს და ამისთვის ეროვნული ბანკი გამუდმებით აპელირებს, რომ „ქართუ“ ბანკი მას ხელს უშლის.
„არც ერთ მოთხოვნაზე ჩვენ უარი არ გვითქვამს, გარდა იმისა, რომ გვეუბნებიან, ტექნოლოგია ჩამირთე ჩემს კომპიუტერშიო, ამას მეუბნება ეროვნული ბანკი. დილას მოითხოვეს ინფორმაცია ბატონ ბიძინა ივანიშვილის დახმარებების თაობაზე და საღამოს გაზეთში ხვდება. მეუბნებიან ტექნოლოგია ჩამირთეო, რასაც არნაირი კანონი არ მავალდებულებს და არანაირი კანონი არ ითვალისწინებს. მითუმეტეს, რომ გეუბნები, ყველაფერს გაჩვენებთ, აქ იწყება ტექნოლოგია, ნახეთ, თვალყური მიადევნეთ როგორ მუშავდება დოკუმენტები და რა პროდუქტი გამოდის“, - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, შემოწმება არ ნიშნავს მიმდინარე საქმიანობის კონტროლს. „მოვიდნენ თუ არა იმ დღიდან თხოულობენ ნებისმიერი ოპერაციის წინასწარ შეთანხმებას. ეს არ არის შემოწმება“ - განმარტა „ქართუს“ პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტების გაკეთება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას რიგითობაში ცვლილების შეტანაზეც მოუხდა კომენტარის გაკეთება და ამას ცივილური სამყაროს პრაქტიკით ხსნის.
შეგახსენებთ, რომ ეს ცვლილება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შევიდა, რომელსაც ოპოზიცია „ბანკ ქართუს“ წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „საგადასახადო კოდექსში“ უკანასკნელ დღეებში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, იპოთეკა–გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციისას ვალდებულების დასაფარად უპირატესობა არა ვალდებულების რეგისტრაციას, არამედ მისი წარმოშობის საფუძველს ენიჭება.
ამიტომაც ოპოზიციაც და ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ ამ მოტივით ბანკ „ქართუს“ კრედიტორებთან გარიგება ხდება შესაძლებელი. ანუ, კრედიტორს ეტყვიან, რომ არ გადაიხადოს კრედიტი, შემდეგ საგადასახადო იტყვის, რომ ამ პირს ამ კრედიტის აღებამდე ჰქონდა საგადასახადო დავალიანება და დაგირავებული ქონება მისია. ამ დროს კი ეს კრედიტორი სარგებელს ნახავს, რადგან მას კრედიტის გადახდა აღარ მოუწევს და მისი ქონება, ვითომ აუქციონეზე გაყიდვის სახელით, ისევ მის ხელში მოხვდება. წაგებული კი მხოლოდ „ქართუ“ დარჩება, რომელიც, ერთის მხრივ, დაკარგავს კრედიტით გაცემულ თანხას და, მეორეს მხრივ, ამ ფულის სანაცვლოდ დაგირავებულ ქონებას.
ქადაგიძის განცხადებით კი, ცვლილება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას უპირატესობა ბანკს ჰქონდა, 2010 წლის მარტში შევიდა, მანამდე კი საქართველოშიც და დღესაც, მთელ მსოფლიოში, უპირატესობა საგადასახადო ვალდებულებას აქვს. მისი თქმით, ეს ხდება იმიტომ, რომ გადასახადებისგან თავის არიდებას არაფერი აქვს საერთო რიგითობასთან.
„არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ნებისმიერი იპეთეკა დგას უფრო წინ, ვიდრე საგადასახადო გირავნობა“, - განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე ინფორმაციით, ცვლილების მომხრე და ლობისტი თავად იყო, ფინანასთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური კი, ეწინააღმდეგებოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ეს ბანკებს არასწორ მოტივაციას შეუქმნიდა. კერძოდ, ბანკები აღარ იქნებოდნენ დაინტერესებულები, რომ მათი კლიენტების ბიზნესები გაეთეთრებინათ და მოექციათ რეალური ეკონომიკის ქვეშ.
მისი თქმით, თუ ბანკს არ ადარდებს ის საგადასახადო რისკი, რომელიც მის კლიენტს აქვს, ბანკი აღარ ცდილობს დარწმუნდეს მისი კლიენტის გადახდისუნარიანობაში.
„ჩვენ მხარს ვუჭერდით ინიციატივას მარტივი მიზეზის გამო, 2009 წლის ბოლო იყო, როცა ამაზე მუშაობა დავიწყეთ, ფინანსური კრიზისის და შიდა პოლიტიკური არეულობის პერიოდი იყო, გაჩნდა სრული ნიჰილიზმი საბანკო სექტორში“, - განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ მაშინ შემუშავდა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის შედეგად ბანკებში ფსიქოლოგიური ბარიერი გადაილახა და საკრედიტო აქტივობა აღადგინეს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამიტომ მიენიჭა მაშინ ბანკებს უპირატესობა. 2010 წლის შემდეგ კი, ქადაგიძის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ბანკებმაც საკრედიტო აქტივობა აღადგინეს და არანაირი საფრთხე აღარ არსებობს.