მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკურ ველში შემოვიდა, მოვლენები, როგორც იტყვიან, ელვისებურად ივცლება და ხელისუფლებასაც წონასწორობის შენარჩუნება უჭირს. თუ პოლიტიკურს ემოციურსაც დავუმატებთ, სიტუაცია შეიძლება, ასეც დავასურათხატოდ – ერთ მხარეზეა ქველმოქმედი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 18 წლის განმავლობაში ლამის მთელ საქართველოს ინახავდა. მეორე მხარეს კი, – იმ საქართველოს მთავრობა, რომელსაც, ასევე, ივანიშვილი ინახავდა...
ბელეტრისტიკას თავი რომ დავანებოთ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს შორის აქტუალურია ივანიშვილის პრესკონფერენცია, “ლეიბორისტების” მიტინგი, რუსეთის “მსო”-ში გაწევრიანება, ნატო-ს გენმდივნის ვიზიტი საქართველოში და რუსეთის პატრიარქის განცხადება. სხვათა შორის, ახლახან კირილის დაბადების დღე იყო და ჩვენი საპატრიარქოდან მოსკოვს დელეგაცია გაფრინდა, რომ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღე მიელოცა. რაც შეეხება რუსეთის პატრიარქის განცხადებას, მან თქვა: “საბჭოთა კავშირის დანგრევამ რუსეთის ეროვნული აზროვნების, სიამაყისა და ისტორიის დაცემა გამოიწვია” და რუსულ საზოგადოებას “ღირსების ამაღლებისკენ” მოუწოდა. კირილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ 1990 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევამ, ისტორიული რუსეთი დაანგრია. რუსეთის მართლმადიდებლობის მესაჭე კირილი საბჭოთა რუსეთს მისტირის, იმ რუსეთს, რომელმაც თავისი არსებობა მირონცხებული სამეფო ოჯახის ყელის გამოჭრით დაიწყო. სწორედ ამაზეა ნათქვამი, “რასიუ უმომ ნე პონიატ!” ამ და სხვა თემებზე “ქართულ სიტყვას” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრება.
ბატონო რამაზ, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიდან ივანიშვილს მკაფიოდ გაემიჯნენ “ლეიბორისტები” და “ახალი მემარჯვენეები”. ბურჯანაძე კი ხალხს, პირდაპირ ვთქვათ, არ უყვარს და ამიტომაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ივანიშვილის მხრიდან ბურჯანაძესთან დიალოგის მზაობას. შესაძლებელია თუ არა, რომ “ლეიბორისტებმა” და “მემარჯვენეებმა” თავიანთი პოზიციები შეცვალონ?
– დავიწყებ იმით, რომ ივანიშვილისთვის დიალოგი მიუღებელი არაა, რაც მას, როგორც პოლიტიკოს, ღირსებას მატებს. ივანიშვილის მხრიდან მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ბურჯანაძესთან დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ პარტნიორობაზე არაფერი უთქვამს. იგივეს ვერ ვიტყვი “ლეიბორისტებზე”, რადგან ისინი თვითონ არიან აგრესიულად განწყობილნი ივანიშვილის მიმართ. რაც შეეხებათ “მემარჯვენეებს”, მათ დამოუკიდებელი მოქმედების გეგმა უკვე აქვთ და არ მგონია, ივანიშვილთან ინტენსიური კავშირის ძებნა დაიწყონ, თუმცა ამ ეტაპზე ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეიცვლება ივანიშვილის ოპოზიციური ფრონტი და როგორი იქნება ამ ოპოზიციური ფრონტის სტრატეგია.
თუ სიტუაცია ისე დალაგდა, როგორც ივანიშვილს სურს, მაშინ “ლეიბორისტებსა” და “ახალ მემარჯვენეებს” ექნებათ შანსი, რომ როგორც პარტიებმა, იარსებონ?
– თუ მხედველობაში ელექტორატი გყავთ, მაშინ “ლეიბორისტებს” საკმარისი ელექტორატი დარჩება, რომ ხმების საჭირო რაოდენობა მოიპოვონ, თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოპულარობამ შალვას ელექტორატი შეავიწროვოს. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა “მემარჯვენეებზეც”. აი, რაც შეეხება ბურჯანაძის პარტიას, ის არჩევნებში არ გვინახავს და ამდენად, მისი ელექტორატის პოტენციალი ძნელი გამოსაცნობია.
ბოლოს და ბოლოს, რუსეთი “მსო”-ში გაწევრიანდა. ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ბატონო რამაზ, რამე ახალსა და ორიგინალურს ხომ არ იტყვით?
– ახლის და ორიგინალურის თქმა ნამდვილად ძნელია, მაგრამ ამ პროცესში ჩემთვის საყურადღებო ის უკმაყოფილებაა, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზების მხრიდან გამომჟღავნდა. რუსეთის “მსო”-ში გაწევრიანებამ ჩრდილოოსეთის გარკვეულ წრეებშიც გამოიწვია უკმაყოფილება. აფხაზებმა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთმა ეს ფაქტი რუსეთის მხრიდან ღალატად მიიჩნიეს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს რეგიონები რუსეთისათვის უკვე იმდენად საინტერესო აღარაა, როგორც 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში იყო. არ არის გამორიცხული, რუსეთმა დისტანცია დაიჭიროს ამ რეგიონებთან და, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიმართ სტრატეგიაც შეცვალოს. როგორც ჩანს, სოხუმი და ცხინვალი რუსეთის “მსო”-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისეთ ინფორმაციას ფლობენ, ან ისეთ პრესპექტივას ხედავენ, რომელიც მათთვის საფრთხის შემცველია და ამიტომაც, აფასებენ ღალატად.
კვლავ ქართულ პოლიტიკას დავუბრუბდეთ და, როგორც ფსიქოლოგს, რა შეგიძლიათ თქვათ ბიძინა ივანიშვილზე, როგორ შეაფასებთ მის ფსიქოტიპს?
– ჩემ თავს იმის უფლებას არ ვაძლევ ხოლმე, რომ მოქმედი საჯარო პიროვნებები ჩემი ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან დავახარისხო. ზედაპირულ დონეზე კი, უნდა ითქვას, რომ ივანიშვილი უდავოდ ენერგიული, გამჭრიახი გონებისა პიროვნებაა. კიდევ ერთია საყურადღებო: მისი ბიოგრაფიიდან და საჯარო გამოსვლებიდან გამომდინარე თვალშისაცემი გახდა, რომ ძალიან სწრაფად და ადვილად სწავლობს ყველაფერს, რაც აინტერესებს, უნდა და სჭირდება. ივანიშვილი, როგორც პოლიტიკოსი, გულახდილია, გულღიაა, რაც საზოგადოებაში ნდობის ფაქტორს აძლიერებს და, კიდევ ერთი საგულისხმო თვისება – არაა ჯიუტი, ანუ მოვლენების ცვლისა და ობიექტური არგუმენტების შესაბამისად შეუძლია, შეცვალოს თავისი დამოკიდებულება. გარდა ამისა, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული შეტევების საპასუხოდ ძალიან ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს!
რომელ ნაბიჯს თვლით ყველაზე ადეკვატურად და სწორად?
– ხელისუფლებასთან, დავარქვათ, ომში, ივანიშვილი თანმიმდევრულობით გამოირჩევა და, შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად სწორად პასუხობს ყველა გამოწვევას. პრესკონფერენციაზე მკაფიოდ განაცხადა და ხაზი გაუსვა, სააკაშვილი არის ის ერთი, რომელიც უნდა წავიდესო. ეს იყო გზავნილი სააკაშვილის გუნდისათვის, ეს იყო დიპლომატიური ნოტა. ივანიშვილი თავის გარშემო პოლიტიკურ მომხრეებს იმრავლებს, მტრებს კი, – ამცირებს.
ახლახან, საქართველოს პატრიარქმა განაცხადა, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. პატრიარქმა პერსონალურად მიმართა სააკაშვილს, რომ ივანიშვილს მისცეს მოქალაქეობა. ამ განაცხადას კარგა ხანია, ელის ქართული საზოგადოება, მაგრამ როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პატრიარქი და სამღვდელოება კირილის დაბადების დღეზე მოსკოვში გაფრინდა?
– როგორ და, – მხოლოდ დადებითად. გაგიკვირდებათ, მაგრამ ბოლო რეიტინგის მიხედვით, პუტინი მეორე ადგილზეა პოპულარობით. დასავლეთი იცნობს პუტინს და მასზე საკმაოდ რეალური, ობიექტური შეხედულება აქვს. დიპლომატიური ამოცანააა, რომ შეცვალო მისი მსოფლმხედველობა. ამოცანა ადვილი არ არის, მაგრამ მიზნის მისაღწევად უნდა იმოქმედო. იგივე შემიძლია ვთქვა მოსკოვში ჩვენი საპატრიარქოს დელეგაციის ჩასვლათან დაკავშირებით...