ოკუპაცია და დემოკრატია ევროპარლამენტის რეზოლუციაში

ოკუპაცია და დემოკრატია ევროპარლამენტის რეზოლუციაში


527, 23-ის წინააღმდეგ - კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა ევროპარლამენტმა 17 ნოემბერს რეზოლუცია, რომელშიც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად. აქვეა მოწოდებები რუსეთის მისამართით, რომ დაასრულოს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. ამასთან, ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში არანაკლები ყურადღება ეთმობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობას - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მედიის თავისუფლებას თუ დიალოგს ოპოზიციასთან. სწორედ ამ კონტექსტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ავსტრიელი ევროპარლამენტარის მიერ ინიცირებულმა შესწორებამ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი იყო მოხსენიებული.

თავდაპირველად ვთქვათ, რომ ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია პოლონელი დეპუტატის, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წარმომადგენლის კშიშტოფ ლიზეკის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობა, ხოლო ეს ანგარიში მომზადდა ასოცირების შეთანხმების გარშემო ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შეფასების კონტექსტში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ თითქმის ერთხმად დამტკიცებული ანგარიში ევროპარლამენტის 16 ნოემბრის სხდომაზე კოლეგებს თავად ავტორმა, კშიშტოფ ლიზეკმა, წარუდგინა და იქვე ისიც განმარტა, რომ რეზოლუციის პროექტში ასახული საკითხები კავშირშია საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელ ფუნქციონირებასთან და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგებთან. კშიშტოფ ლიზეკი და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ათასობით რუსი ჯარისკაცის ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე თავისი სახელი უნდა დაერქვას:

”ჩვენ ამას მივიჩნევთ ოკუპაციად და ვთვლით, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობა აღიარებული უნდა იქნეს ოკუპაციად. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. და ეს არის ამ ანგარიშის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტი.” 

მართალია, ტერმინმა ”ოკუპაცია” მანამდეც რამდენჯერმე იჩინა თავი ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ გარკვეულ დოკუმენტებში, მაგრამ 17 ნოემბრის რეზოლუციაში ვხვდებით უფრო პირდაპირ ფორმულირებას : ”აღიარებულ იქნეს საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად.”

გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს დაასრულოს საქართველოს ოკუპაცია, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება, უპირობოდ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი გეგმის მოთხოვნები და უზრუნველყოს ევროპელი მეთვალყურეების შეშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროპარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს დევნილებისა და ლტოლვილების ღირსეულ დაბრუნებას საკუთარ სახლებში და ხაზს უსვამს ძალადობრივი დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობას. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს ცალმხრივ სამშვიდობო ინიციატივას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე და მოუწოდებს რუსეთს საპასუხო ნაბიჯის გადადგმისკენ.

პარალელურად, ევროპარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს დიალოგს რუსეთსა და საქართველოს შორის. საუბარია უპირობო, პირდაპირ დიალოგზე, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დაშვებულია მედიატორების დახმარებაც, თუმცა არა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის ჩანაცვლების გზით. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა გაძლიერდეს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მისამართით და უნდა გაგრძელდეს აქტიური მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით.

ევროპარლამენტის 17 ნოემბრის სხდომას დიდ იმედებს უკავშირებდა თბილისი და ეს საქართველოს პრეზიდენტმაც აღნიშნა 16 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კეტრინ ეშტონთან ერთად გამართულ ბრიფინგზეც.

”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია. მე ვიცი, ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ამ რეზოლუციის გარშემო... ხვალინდელ დღეს ჩვენ ყველანი ველოდებით, ძალიან მნიშვნელოვანია მიიღებს თუ არა ეს რეზოლუცია მხარდაჭერას... და იქნება თუ არა იქ ის, რასაც ლოგიკა და რეალობა მოითხოვს ევროპული ინსტიტუტებისგან”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და რეზოლუციის მნიშვნელობას ხაზი მხოლოდ ტერმინ ”ოკუპაციის” დამკვიდრების კონტექსტში გაუსვა.

თუმცა ოკუპაციის პრობლემის დაძლევის პარალელურად საქართველოს აუცილებლად მოეთხოვება შემდგომი დემოკრატიული განვითარება და ეს კარგად ჩანს ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაშიც.  

ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული რეფორმების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და, კერძოდ, ომბუდსმენის ოფისის მხარდაჭერასთან მიმართებით. წარმატებებს შორის ასევე აღინიშნება კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური რეფორმები, კრიმინალთან ბრძოლა და სასამართლოს რეფორმები. თუმცა სასამართლო სისტემის რეფორმირება და მისი გათავისუფლება და მის მიმართ ხალხის ნდობის გაზრდა, რეზოლუციის მიხედვით, კვლავაც რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად საქართველოსთვის და, ევროპარლამენტის მიდგომით, ამ მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ასოცირების შეთანხმებაში. ამავე კონტექსტში ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის მიმართულებებად სახელდება: ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელება.  

აქვეა მოწოდება საქართველოს მთავრობისადმი, რომ ხელი შეუწყოს თავისუფალ მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და მედიაპლურალიზმს. უფლება უნდა მიეცეს მედიას, იმუშაოს თავისუფლად და ობიექტურად, ყველანაირი პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის გარეშე. უზრუნველყოფილი უნდა იყოს მედიამფლობელების გამჭვირვალობა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოეთხოვება უფრო აქტიური და კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს ოპოზიციასთან და უზრუნველყოს თანაბარი დემოკრატიული გარემო.

სწორედ პოლიტიკური ოპონენტებისადმი სამართლიანი მიდგომის ხაზგასმას ცდილობდა ავსტრიელი დეპუტატი ჰანეს სვობოდა, როდესაც მან, სოციალ-დემოკრატთა ჯგუფის სახელით, კოლეგებს წარუდგინა რეზოლუციის ტექსტში შესატანი შესწორება ნომრით - 5. შესწორების თავდაპირველ ტექსტში, რომლის მოძებნაც შესაძლებელია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე, პირდაპირ იყო ნახსენები პოლიტიკაში მოსვლის მსურველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი.

”ევროპარლამეტი შეშფოთებას გამოთქვამს ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტის გამო მას შემდეგ, რაც, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, მან გამოაცხადა გეგმები პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე”, - ვკითხულობთ თავდაპირველ ტექსტში. თუმცა, დაძაბულობისა და გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, შესწორების თავდაპირველი ტექსტიდან ბიძინა ივანიშვილის გვარს რომ ამოიღებდნენ, ამის შესახებ ჰანეს სვობოდამ 16 ნოემბერს შეატყობინა რადიო თავისუფლებას; ხოლო 17 ნოემბერს მან კოლეგებს ზეპირად მოახსენა მე-5 შესწორების შეცვლილი ვარიანტი:

”(ევროპარლამენტი) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას - თავი აარიდოს არაპროპორციულ პოლიტიკურ წნეხს მთავრობის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. შეახსენებს, რომ კონკურენტული და ეფექტიანი მრავალპარტიული სისტემა აუცილებელია დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის საქართველოში.”

თუმცა ავსტრიელ დეპუტატს კოლეგებმა არც ეს ვარიანტი მოუწონეს და ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში 17 ნოემბერს ხანმოკლე ხმაურიც კი ატყდა. შედეგად, ისევ და ისევ დამატებითი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ჰანეს სვობოდამ გააუქმა შესწორება ნომრით 5 და, შესაბამისად, ის აღარ დაექვემდებარა კენჭისყრის პროცედურას.