ქართული აკადემია
2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული ომის დაწყების გარემოებები (ომისა, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია), საქართველოში დღემდე რჩება ინტერპრეტაციებისა და სპეკულაციების საგნად. უკანასკნელ დღეებში ომის დაწყების თემის აქტუალიზაციასა და მორიგ საზოგადოებრივ ვნებათაღელვას, რომელიც პარალელურად გაჯერებულია ხელისუფლების მიერ შპიონომანიის ახალი ტალღის აგორებითა და მის მიერ მართული მედიის დემაგოგიური პროპაგანდით, ვფიქრობთ, წერტილი დაუსვა ამ საქმეში დეტალურად ინფორმირებულმა ადამიანმა, ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა.
მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლების კატეგორიულ გაფრთხილებას – არ მოეხდინა სამხედრო კონფლიქტისა და მასში რუსეთის ჩართვის პროვოცირება, სააკაშვილმა იმით უპასუხა, რომ „ქართულმა ჯარმა მეამბოხეთა წინააღმდეგ დიდი სამხედრო შეტევა წამოიწყო...“.
საქართველოს მოსახლეობის „ტვინების გამორეცხვისა“, უპასუხისმგებლო დემაგოგიისა და სასურველის რეალობად წარმოჩენის დრო დამთავრდა. პოლიტიკური ოპონენტების მტრის აგენტებად გამოცხადებასაც ყავლი გაუვიდა. კონკრეტულ შემთხვევაში კი ელემეტარული ლოგიკა მოითხოვს, ნაციონალური მოძრაობის „ინტელექტუალურმა ავანგარდმა“ არჩევანი გააკეთოს: ან თავი დაანებოს დემაგოგიურ პროპაგანდას, ან კონდოლიზა რაისიც „პუტინის აგენტად“ გამოაცხადოს.
დარწმუნებულნი ვართ, საქართველოში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობა ძირეულად შეცვლის ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ ვითარებას და იმის შესაძლებლობასაც გააჩენს, რომ ხელისუფლების შეცვლის კვალდაკვალ სახელმწიფოებრივ დონეზე რეალურად დაიწყება მიზანმიმართული პოლიტიკური და დიპლომატიური მოქმედებები ჩვენი უმთავრესი ტრაგედიის აღმოსაფხვრელად – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.