სააპელაციო სასამართლომ „ქართული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრის შოთა იამანიძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. შოთა იამანიძე 17 მაისს ყაზბეგის გამზირზე ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 25 წლის შოთა იამანიძეზე, რომელიც წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, წლების განმავლობაში თბილისის „დინამოს" კაპიტნის - შოთა იამანიძის შვილიშვილია, პოლიტიკური ანგარიშსწორება მას შემდეგ განხორციელდა, რაც იგი ოპოზიციურად გააქტიურდა. მისი დაკავება კანონდარღვევით განხორციელდა. ქუჩაში მიმავალს რამდენიმე ახალგაზრდა შემოეხვია და მოდულის შენობაში წაიყვანეს. თავის დროზე სასამართლო პროცესზე შოთა იამანიძემ განაცხადა, რომ დაკავების დროს მასზე ზეწოლა განხორციელდა, ძირს დააგდეს, დაადეს ხელბორკილები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაწვენილი ჰყავდათ ასფალტზე. დაკავების რეალურ მიზეზად კი იგი თვლის, რომ იგი საზოგადოებისთვის აქტიური პირია და მისი დაკავებაც მაისის მოვლენების გამო პოლიტიკური თვალსაზრისით განხორციელდა. მის მიერ ეს დაფიქსირდა სასამართლო დარბაზშიც, რაც, სასამართლო სხდომის ოქმშიც შევიდა.
ადვოკატ შალვა თადუმაძის თქმით, იამანიძე უდანაშაულოა და ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მის ბრალს არ ადასტურებს. მისი თქმით, შოთიკო ნარკოტიკების მომხმარებელი არასდროს ყოფილა. მეტიც - იგი სპორტსმენია, დაამთავრა საფეხბურთო სკოლა და თამაშობდა სხვადასხვა საფეხბურთო გუნდში, 2007 წლიდან კი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო.
როგორც ცნობილია, იამანიძეს 50-მდე ცნობილი ადამიანი (გოგა პიპინაშვილი, კახი კავსაძე...) თავდებად დაუდგა. ამასთან, სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, რომლებიც მსგავს შემთხვევებში, როგორც წესი (თუ - უწესობა) თავშეკავებას ამჯობინებენ, შოთა იამანიძეს გამოექომაგნენ ძმები არველაძეები.
Presage.tv შოთიკო იამანიძის ადვოკატს შალვა თადუმაძეს ესაუბრა.
- დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილებოდა სააპელაციო საჩივარი. მოგეხსენებათ, ჩვენ გავასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, იამანიძეს ბრალად წაუყენეს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა და სასჯელის სახით შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრეს. სააპელაციო სასამართლომ განიხილა აღნიშნული საჩივარი, სრულად და არსებითად მოხდა საქმის განხილვა და სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სასამართლოსთან დაკავშირებით, მეტს ვერაფერს მოგახსენებთ. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და აღნიშნული მუხლით შოთა იამანიძის უდანაშაულობას დავამტკიცებთ.
მაინც რა მოტივით არ დააკმაყოფილა მოსამართლემ თქვენი სარჩელი?
- მოტივი არ დაუსახელებია, რადგან ეს გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. ალბათ, მოგვიანებით დაასაბუთებენ და ჩაგვბარდება სასამართლოს გადაწყვეტილება. მე ადვოკატი გახლავართ და მინდა ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ საკითხზე. კერძოდ, იამანიძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზეს. ანუ, სააპელაციო სასამართლოს მსვლელობის დროს, უფრო სწორად, სანამ ეს პროცესი დაინიშნებოდა, სააპელაციოში საჩივრის შესვლისთანავე, პროკურატურის პირობა იყო, მისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა, სამი წელი პირობითი მსჯავრით.
შოთა იამანიძემ პროცესზე განაცხადა: „მე ვერ დავთანხმდი ამ საპროცესო შეთანხმებას, რადგან რაც არ ჩამიდენია, მისი აღიარება რთულია. შესაბამისად, არ ვაპირებ, ვაღიარო დანაშაული, რაც არ ჩამიდენია. ამიტომ უარს ვამბობ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე“.
თუ საქართველოშიც ვერ იპოვით სამართალს, საქმე შემდეგი წარმოებისთვის სად გადავა?
- ჯერ გასაჩივრდება საკასაციო წესით და თუ საქართველოშიც ვერ ვიპოვით სამართალს, ბუნებრივია, საერთაშორისო სასამართლოში გადავა საქმე.
ამ პერიოდში მასზე ხორციელდება ზეწოლა?
- არანაირი ზეწოლა შოთა იამანიძეზე არ ხორციელდება. მას თვეში ერთხელ ვნახულობ, თუმცა მისი ნახვის შესაძლებლობა ყოველდღიურად მაქვს, მაგრამ ჩემი დატვირთული საქმეებიდან გამომდინარე, როცა შესაძლებლობა მაქვს, მაშინ ვნახულობ. გარდა ამისა, ოჯახის წევრებსაც მისი ნახვის უფლება თვეში ერთხელ აქვთ, ხოლო კვირაში ერთხელ აქვს უფლება, დაუკავშირდეს ოჯახის წევრებს ტელეფონით.