მოლი კორსო, “Eurasiant.org”
როდესაც ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ხუთიოდე წლის წინ პირველად შებიჯა საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთა სნობურ სამყაროში, მას შინაურები ისევე უცერემონიოდ დასცინოდნენ, როგორც გასულ ოქტომბერში, როდესაც ის ქართულ პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდა. დღეს უკვე აღარავის ეცინება.
55 წლის მაგნატის თბილისის ბიზნეს-ცენტრის შესასვლელში სტუმრებს ბრიტანელი კონცეპტუალისტი მხატვრის დემიენ ჰერსტის კაშკაშა პეპელა ეგებება, ხოლო ივანიშვილის საწერი მაგიდის უკან ცენტრალურ კედელზე ბუნდოვნად მოსჩანს მეოცე საუკუნის დასაწყისის ავსტრიელი ფერმწერის ეგონ შილის ბნელი და პირქუში “Einzelne Hauser” (“მარტოხელა ვილები”).
მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის (და გავლენიან მაგნატებს შორის ყველაზე უკანასკნელის, ვისაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა გაურთულდა) ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა ამბიციებმა საქართველოს მედიაში სენსაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ ინტერესი გამოწვია. სახელოვნებო სამყაროში ხმაურის გამოწვევის მისეული უნარი ნაკლებადაა გამოკვლეული, მაგრამ მათი აზრით, ვინც მის პოლიტიკურ ტრაექტორიას ადევნებს თვალს, ივანიშვილის სახელოვნებო მიდრეკილებანი ყურადღებას იმსახურებს. ორივე შემთხვევაში, მთავარი მომენტი, როგორც ჩანს, მაინც შეუპოვრობაა.
2006 წელს, როდესაც ივანიშვილმა პაბლო პიკასოს ნახატი Dora Maar au Chat (დორა მაარი კატასთან, 1941) 95 მილიონ დოლარად იყიდა, ხელოვნებათმცოდნეების უმრავლესობამ, მისი ეს ნაბიჯი მასხარად აიგდო, მიიჩნია რა, რომ შენაძენი რუსი მილიარდერის მორიგი კაპრიზი იყო, რომელიც ზედმეტ თანხას მხოლოდ პრესტიჟისთვის იხდიდა, ნახატის კი არაფერი გაეგებოდა. ერთი წლის შემდეგ შოტლანდიელი მხატვრის პიტერ დოიგის ნახატი “თეთრი კანოე” მან 11 მილიონ სამასი ათას დოლარად შეიძინა, რაც ყველაზე დიდ თანხად ჩაითვალა, რომელიც კი ოდესმე ცოცხალი ევროპელი მხატვრისათვის გადაუხდიათ. ამ ამბავმა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებზე ბაზრის ფასები ცამდე ასწია.
ივანიშვილისათვის კი, რომელმაც 5,5 მილიარდიანი ქონება რუსეთში საბანკო ბიზნესსა და რკინის მრეწველობაში დააგროვა, ხელოვნების ნიმუშების ასეთი ხმაურიანი შეძენა, კარგად გათვლილი ბიზნეს სტრატეგიის ნაწილი იყო, კერძოდ, მას საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, მსოფლიო-კლასის ხელოვნების მუზეუმის გახსნა სურს, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ნიუ-იორკ სითის სოლომონ რ. გუგენჰაიმისა და თანამედროვე ხელოვნების სხვა ცნობილ ცენტრებს.
“ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც დავფიქრდი თუ რისი გაკეთება შემეძლო ჩემი ქვეყნისათვის, ტურიზმისათვის, საქართველოს აღორძინებისათვის”, – თქვა ივანიშვილმა Eurasianet.org-ისათვის მიცემულ ინტერვიუში. დაახელობით “ასი, ორასი, სამასი მილიონი” დოლარი გადადებული მაქვს სამუზეუმო კოლექციისათვის, დასძენს იგი.
იმპრესიონისტთა ნამუშევრები ( მისი მეუღლის, ეკას, საყვარელი მიმდინარეობა), რომელთა ყიდვის შესაძლებლობაც მას გააჩნდა „ევროპელი ტურისტებისათვის არ იქნებოდა საინტერესო“, – ამბობს იგი, მაშინ, როდესაც უფრო ნაკლებ თანხად შეძენილ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს შეუძლია საქართველო სხვა ქვეყნებისაგან განასხვავოს და გამოარჩიოს.
მაგრამ ამ მიზნის თაობაზე საუბარი შესაძლოა უფრო იოლი იყოს, ვიდრე მისი განხორციელება. გარდა იმისა, რომ ივანიშვილს ჩამორთმეული მოქალაქეობის დაბრუნებისთვის უწევს ბრძოლა, მას გამკლავება უწევს ფულის გათეთრების ბრალდებით საქმის აღძვრის მიზნით ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ მისი კუთვნილი “ქართუ ბანკიდან” ორი მილიონი დოლარისა და ორი მილიონი ევროს კონფისკაციასაც.
მუზეუმისათვის უკვე ნაყიდია მიწის ნაკვეთი თბილისში საქართველოს ხელოვნების მუზეუმის გვერდით. ივანიშვილმა უარი თქვა ესაუბრა მშენებლობის ღირებულებაზე (არქიტექტორი ჯერ არ არის შერჩეული), თუმცა აღნიშნა, რომ მისი გათვლებით თავად მუზეუმის შენობა ამ პროექტის “ყველაზე იაფი” ნაწილია.
მშენებლობის დაწყება 2013 წლისთვისაა დაგეგმილი, მაგრამ როგორც თავად აღნიშნა, ამჟამად ყურადღების ცენტრში თავად კოლექციის შექმნაა. “კოლექციის შექმნა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მუზეუმის აშენება, “ – თქვა მან. “მუზეუმის აშენება ალბათ საკმაოდ ადვილი იქნება”.
დღეისათვის დოიგის ნახატი (მუქი მწვანე და წითელი ფერებით შესრულებული ხასხასა და ოცნებით აღსავსე ლანდშაფტი, რომელიც კონტრასტს ქმნის თეთრი კანოეს ლანდთან), მხოლოდ ერთი მაგალითია ივანიშვილის თანამედროვე ხელოვნების მზარდი კოლექციიდან. აქ მთელი კალეიდოსკოპია ამერიკელი ჯეფ კუნსის, ბრიტანელი მოქანდაკის ანიშ კაპურის ოვალური ოქროსფერი სარკისებრი დისკისა და ამერიკელი პოპ მხატვრის როი ლიხტენშტეინის სკამებისა და ტახტების კაშკაშა ნახატებისა.
კოლექციის უცხოური ნაწილი მის თბილისის რეზიდენციაშინ ინახება, რომელიც ამავდროულად ბიზნეს ცენტრიც გახლავთ. ეს არის იაპონელი არქიტექტორის შინ ტაკამაცუს მიერ ბორცვზე აშენებული ლითონისა და მინის სწორი ხაზებისა და რადიკალური მრუდების თავბრუდამხვევი ნაზავი. ქართული ხელოვნების ნაწარმოებები მის მთავარ რეზიდენციაში, სოფელ ჭორვილაში ინახება.
„რაც შეეხება თანამედროვე ხელოვნებას, ძნელია განსაზღვრო სად იწყება და სად მთავრდება ის. მისი გაგება ხანდახან მეც მიჭირს,” – თქვა მან და საკუთარ თავს კარგად ინფორმირებული მოყვარული უწოდა. რომელია მისი საყვარელ მხატვარი, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია: „შეიძლება დემიენ ჰერსტი, შესაძლოა ჯეფ კუნსი, ბევრნი არიან.”
ეს გატაცება ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ ჩუმად მოსაუბრე ღარიბი გლეხის შვილისათვის. ივანიშვილი ცნობილია იმითაც, რომ ჩრდილში ყოფნა უყვარს, იქნება ეს რუსეთში საბანკო სექტორში მისი საქმიანობის პერიოდი თუ საქართველოში მისი საქველმოქმედო მოღვაწეობა.
მაგრამ ივანიშვილი დიდი ხანია ხელოვნებას პატრონობს. მისი საქველმოქმედო ორგანიზაცია “ქართუ ჯგუფი” აფინანსებდა თბილისის საკონცერტო დარბაზისა და ოპერის რეკონსტრუქციას. ასევე ხმაურის გარეშე აფინანსებდა ის თეატრის რეჟისორებს, პოეტებს და ქართული ხელოვნების სხვა წარმომადგენლებს, მას შემდეგ რაც ათი წლის წინ რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა.
მაგრამ როგორც თავად აღნიშნა, იმ ენერგიას, რომელსაც იგი ერთ დროს მხატვრების, გალერეებისა და აუქციონების რთული სამყაროს დასაპყრობად იყენებდა, ამჯერად მთლიანად ქართული პოლიტიკის არანაკლებ რთულ სამყაროს უთმობს.
“[რასაკვირველია] მუზეუმი და ეს თემა უკანა პლანზე გადავიდა. ამჟამად ამისი დრო აღარ მაქვს,” – მხრები აიჩეჩა ივანიშვილმა. “[თუმცა] რაკი დავიწყე, თავს აღარ დავანებებ. აუცილებლად [დავამთავრებ მუზეუმს]”.
foreignpress.ge
596
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85