"რეზონანსისა" და "ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"არ ჩაერთოთ რუსეთის სამხედრო ძალასთან დაპირისპირებაში", - აშშ-ის მხრიდან ამ გაფრთხილების მიუხედავად მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ომის დაწყების პროვოკაციაში ჩათრევის საშუალება მისცა - როგორც გამოცემა "ევრაზიანეტი" იუწყება, ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თავის მემუარებში წერს. მემუარებში პირდაპირ აღნიშნულია ისიც, რომ ამგვარი მოქმედებით სააკაშვილის ნატო-ს მოკავშირეებს უფრო დაშორდა. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს განცხადება ხელისუფლებას არგუმენტებს სწორედ იმ საკითხების მანიპულირებისას აცლის, რომელსაც ოპონენტების პრორუსულობაში დასადანაშაულებლად ყველაზე ხშირად და აგრესიულად იყენებდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ოპოზიციას კონდოლიზა რაისის ამ მემუარებმა დამატებითი ძლიერი არგუმენტები მისცა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სააკაშვილს ყოფილი მოკავშირეები უპირისპირდებიან / კონდოლიზა რაისი: "სააკაშვილმა რუსეთს პროვოკაციაში ჩათრევის საშუალება მისცა".
"კონდოლიზა რაისი აღნიშნავს, რომ "ერთი მხრივ იმპულსური სააკაშვილის დაწყნარებას ცდილობდა, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარი ადმინისტრაციის მებრძოლი წევრების შეკავება უწევდა". იგი ომის დაწყებამდე თავის ვიზიტს აღწერს: "მიხეილ სააკაშვილი იყო ამაყი, შეიძლება ითქვას იმპულსურიც. ჩვენ ყველანი ვშიშობდით, რომ მას შესაძლოა მოსკოვისთვის მისი პროვოცირების საშუალება მიეცა, რათა ძალა გამოეყენებინა. ფაქტობრივად, მან წარმატებულად მოახერხა კონფლიქტის პროვოცირება საქართველოს კიდევ ერთ ამბოხებულ რეგიონში აჭარაში და მოიგო იმით, რომ ამ რეგიონის საქართველოში რეინტეგრირება მოხდა. ჩვენ ვშიშობდით, შესაძლოა ამ პრეცედენტს მისთვის მიეცა საშუალება ეფიქრა, რომ იგივეს გამეორებას შეძლებდა პუტინის საყვარელი სოჭის სიახლოვეს არსებულ ტერიტორიაზე". კონდოლიზა რაისი ასევე იხსენებს, რომ არწმუნებდა სააკაშვილს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება გაეფორმებინა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ბატონო პრეზიდენტო, რაც უნდა გააკეთოთ, არ მისცეთ რუსეთს თქვენი პროვოცირებს საშუალება. გახსოვთ, პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ მოსკოვი ეცდება რამე სულელური გაგაკეთებინოთ. არ ჩაერთოთ რუსეთის სამხედრო ძალასთან დაპირისპირებაში. არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად და თქვენ დამარცხდებით", - წერს რაისი სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ. მემუარებში რაისი წერს, რომ ომის შემდეგ სააკაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს საქართველოს პრეზიდენტმა გეგმას გადაუხვია და ამან სახელმწიფო მდივანი ძალიან გააბრაზა: "რუსებზე კომენტარს მე გავაკეთებ, - ვუთხარი მე... მოულოდნელად მისი ტონი აგრესიული გახდა, იგი რუსებს ბარბაროსებს უწოდებდა და ტანკების უკან გაბრუნებისკენ მოუწოდებდა. იგი არ ჩერდებოდა, კარგი, ვიფიქრე, - ისედაც ველოდი მკაცრი სიტყვებს რუსებთან მიმართებაში, მაგრამ შემდეგ იგი ევროპელებზე გადავიდა, მიუნხენსა და მორიგებაზე დაიწყო საუბარი. ისე გავბრაზდი სააკაშვილზე, რომ ლაპარაკიც კი აღარ შემეძლო" - წერს რაისი. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიუსელის ნატო-ს მინისტერიალს იხსენებს, სადაც, მისთვის გასაოცრად, მოკავშირეები სააკაშვილის მიმართ გულმოწყალედ იყვნენ განწყობილნი, მაგრამ "რამდენიმემ თქვა, რომ სააკაშვილმა აჩვენა, რატომ არ იყო მაპ-ი კარგი იდეა", - დასძენს გამოცემა.
"როცა ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ შესაბამისი დასკვნა დადო, თითქმის იგივე, რასაც კონდოლიზა რაისი ლაპარაკობს, ამას კენჭისყრის დროს საქართველომაც დაუჭირა მხარი. შესაბამისად, უცხოეთში შეხვედრების დროს ამაზე ხელისუდფლება თავს აქნევს, რომ ეს ასე მოხდა. შიდა მოხმარებისთვის კი ეს არგუმენტები არ მუშაობს. აქ საზოგადოება მუდმივი გაბრიყვების რეჟიმში უნდათ რომ ჰყავდეთ და კატეგორიულად უარყოფენ ამ ყველაფერს. როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენლები ოსტატურად აადგილებენ ცნებებს და სხვა ფორმულა გამოჰყავთ. რეალობაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა ომის დაწყების შესახებ და რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში მიიღეს მონაწილეობა. ანუ ხაფანგში გაყვეს თავი. ზუსტად ამ თემაზე მსჯელობენ კონდოლიზა რაისიც და ტალიავინის კომისიაც, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დასკვნაც ამას ემსახურება. დელიკატურად თუ კატეგორიულად მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლები და საერთაშორისო ინსტიტუტები გვეუბნებიან ამას, ჩვენი ხელისუფლება კი მაინც თავის აზრზე დგას: ომი რუსეთმა დაიწყო და ჩვენ ეს ომი მოვიგეთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ექსპერტი მამუკა არეშიძე.
"რაისმა განამტკიცა ტალიავინის ფორმულა, ასევე ის, რომ ომის დაწყებაში აშშ არაფერ შუაშია. გარდა ამისა დააფიქსირა ის, რასაც ჩვენ, ექსპერტები დიდი ხანია ვამბობდით, რომ ამ ომმა დაგვაშორა ნატო-ში გაწევრიანებას. აქ ახალი არაფერი არ არის. უბრალოდ ამ მემუარებში პერსონიფიცირება მეტია, ვიდრე ტალიავინის დასკვნაში იყო. ეტყობა, ივანიშვილმა მოისყიდა კონდოლიზა რაისი და იმანაც სიტყვა ირიბად შეაშველა. რა მოყვება? - სავარაუდოა, რომ იმ არგუმენტებს, რომლითაც დღეს ივანიშვილის პრორუსულობის დამტკიცებას აპირებენ, იშვიათად გააჟღერებენ. ნაწერის, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საბრძოლო მოქმედებები სააკაშვილმა დაიწყო, სათავისოდ "გაპრავება" ხელისუფლებას გაუჭირდება. თუმცა არ არის გამორიცხული, რაისს მოუძებნონ ინტერესები "გაზპრომში" ან რუსეთთან სხვა სიახლოვეზე გადაიტანონ აქცენტი", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
"ეს მემუარები კიდევ ერთხელ არის დასტური, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობ. დაძაბულობა ნაბიჯ-ნაბიჯ მატულობდა. საქართველოს ხელისუფლებამ 2006 წლიდან სამშვიდობო მოგვარების სამოქმედო გეგმას უგანა და ფაქტობრივად 2008 წლის აგვისტო მივიღეთ არა იმ პროვოკაციებიდან, რაზეც კონდოლიზა რაისი საუბრობს, არამედ იმ მძიმე სტრატეგიული შეცდომებიდან, რაც კონფლიქტების მოგვარების საკითხში ხელისუფლებამ დაუშვა. ომი ვინ დაიწყო - საკითხი ასე ჩვენ გავაპრიმიტიულეთ. საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო, მაგრამ მას წინ პროვოკაციები უძღოდა. ეს ტალიავინის კომისიის დასკვნაშიც წერია. ეს მემუარები სააკაშვილის მიერ დაშვებული შეცდომების პოლიტიკუში შეფასებაა, საიდანაც სერიოზული დასკვნები უნდა გამოიტანოს საერთოდ მთელმა სამოქალაქო საზოგადოებამ", - ამბობს კონფლიქტოლოგი გია ვოლსკი.
"იმაში, რომ 2008 წლის ომში საქართველოს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მგონია, რომ ეჭვი არავის შეუტანია. კამათის თემა ხდება, რას ნიშნავდა ომის დაწყება და ვინ დაიწყო ომი. რამდენადაც ამ ტერმინში მოკამათე მხარეები სხვადასხვა აზრს დებენ, ხშირად კამათი აზრს კარგავს და პროპაგანდისტული სპეკულაციების შესაძლებლობას იძლევა. ის, რომ აგვისტოში ნაბიჯების გადადგმა სხვაგვარად შეიძლებოდა, კონდოლიზა რაისის განცხადებებიც ამის დასტურია, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ საზოგადოებაში მიმდინარე აზრთა დაპირისპირებაში ეს ერთ-ერთი არგუმენტი იქნება და ეჭვი მეპარება რომელიმე მხარემ თავისი პოზიციებიდან უკან დაიხიოს", - თვლის ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი.
"კონდოლიზა რაისმა, ალბათ, პირველ რიგში საკუთარ შეცდომებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. იმაზე, რომ როცა მისი ვიზიტი შედგა 2008 წლის 9 ივლისს თბილისში სწორედ ამ დროს შემოფრინდა 4 რუსული ბომბდამშენი საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთმა ამ დროს კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე, თუმცა კონდოლიზა რაისი ამ დროს არწმუნებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსები საქართველოში შემოსვლას ვერ გაბედავდნენ, თუმცა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რუსეთის მიერ მზადდებოდა გარკვეული პროვოკაციები.... შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ბევრი ითმინა მანამდე და ყველანაირად ცდილობდა არ ეპასუხა პროვოკაციებითვის", - აცხადებს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ არ სჯერა ნიკა ჩიტაძეს კონდოლიზა რაისის / ჩიტაძე: "კონდოლიზა რაისს, არ ვიცი, რაში დასჭირდა ამის დაწერა, შესაძლოა მართლაც იმისთვის, რომ თავისი შეცდომები გადაფაროს".
"ომი 8 აგვისტოს კი არ დაწყებულა, დაიწყო 9 ივლისს, როცა კონდოლიზა რაისი საქართველოში ჩამოვიდა და წააქეზა საქართველოს ხელისუფლება და ისიც თქვა, რომ რუსეთი შემოსვლას ვერ გაბედავდა. კონდოლიზა რაისს, არ ვიცი, რაში დასჭირდა ამის დაწერა, შესაძლოა მართლაც იმისთვის, რომ თავისი შეცდომები გადაფაროს. თუ ის მართლა აცხადებს, რომ სააკაშვილის ქმედებებმა გამოიწვია რუსეთის შემოჭრა და ა.შ. - სააკაშვილის ქმედებებს ეს არ გამოუწვევია. არც ერთ შემთხვევაში რუსეთს არანაირი იურიდიული უფლება არ ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის. იმას რაც შეეხება, რომ საქართველომ დაიწყო ომი, უკაცრავად, მაგრამ საქართველო, ჯერ ერთი, სამხედრო კამპანიას ახორციელებდა ბანდფორმირებებისა და ტერორისტული დაფგუფებების წინააღმდეგ და ეს იყო პასუხი იმაზე, რასაც რუსეთი ახორციელებდა. რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, იქაც წერია, რომ ომი არ დაწყებულა 8 აგვისტოს - ეს წერია როგორც შესავალ, ასევე დასკვნით ნაწილშიც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
"რაისის და სააკაშვილის ამ საუბრებზე გასულ წელს ნინო ბურჯანაძე საუბრობდა. ამტკიცებდა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. მის ამ განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროვოკაცია და სიცრუე უწოდეს. გუშინ, როცა რაისის მემუარები გამოქვეყნდა, ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და სააკაშვილს ძველი ბრალდებები წაუყენა. ამასთან, ის შეხვედრაც გაიხსენა, როცა რაისს პარლამენტის თავმჯდომარის რაგნში ბოლოს შეხვდა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ნინო ბურჯანაძე: "კონდოლიზა რაისი ადასტურებს, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო" / აშშ-ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა სააკაშვილი ჩაუშვა.
"ადრე მიცემულ ინტერვიუებში ყოველთვის მითქვამს რაისთან ჩემი ბოლო შეხვედრის შესახებ - მან პირდაპირ მითხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან პირდაპირი პროვოკაცია და საომარი მოქმედებები არ უნდა დაეშვა, რუსეთთან ომში არ უნდა ჩაბმულიყო, რადგან თუნდაც მეგობარი საქართველოს გულისთვის რუსეთთან ომს არავინ დაიწყებდა და საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო აღმოჩნდებოდა. ეს გაფრთხილება სააკაშვილს 3 აგვისტოს გავახსენე და ვუთხარი, რომ რუსეთთან ომში ჩაბმა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა - გაიხსენა ახლო წარსული ბურჯანაძემ, რომელიც ომის დაწყებას სააკაშვილს კიდევ ერთხელ აბრალებს", - აღნიშნავს გამოცემა
"... სააკაშვილმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ამ ავანტიურისტული ქმედების შედეგად, ის მიიღებდა რაღაც განსაკუთრებულს. ეს იყო ავანტიურა და ამაზე მიუთითებდა ამრეიკაც და ცივილიზებული მსოფლიოც. 8 აგვისტოს, დილით, როცა ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაციები დამფრთხალ მდგომარეობაში იყვნენ, "ახალმა მემარჯვენეებმა", რბილად რომ ვთქვათ, მორატორიუმი გამოვაცხადეთ. ზუსტად ერთი თვის თავზე, როცა ასევე მსგავსი დაბნეულობა იყო და ყველას ეგონა, რომ ომი მოვიგეთ, პირველებმა ვთქვით, რომ ომი წავაგეთ და ეს გამოიწვია იმ შეცდომამ და დანაშაულმა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან პრიმიტიულ ხაფანგში ჩაკრა ფეხი. ახლა რომ გაეღვიძა ზოგიერთს, ჩვენ ეს დიდი ხნის წინ გვაქვს ნათქვამი", - აცხადებს "მემარჯვენე" მამუკა კაციტაძე, რომლის თქმით, "აგვისტოს დღეების შემდეგ სააკაშვილის ეპოქა დასრულდა და ბოლო წერტილისკენ მიდის. სახელმწიფოსთვის უკვე შედეგია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არარ იქნება, რომლისთვისაც აბსოლუტურად უცხოა ბალანსი პოლიტიკაში, მრავალპარტიულობა, ანგარიშის გაწევა და ა.შ., რაც საზიანოა ქვეყნითვის", - დასძენს გამოცემა.
1036
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85