გლობალური საპროტესტო მოძრაობების ახალი გამოწვევა

გლობალური საპროტესტო მოძრაობების ახალი გამოწვევა


ნიუ-იორკის სასამართლომ გამართლებული უწოდა ქალაქის ხელისუფლების მოქმედებას 15 ნოემბერს, როდესაც მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ კარვები აიღეს. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ნიშნავდეს საპროტესტო მოძრაობის დასასრულს ნიუ-იორკში ანდა მსოფლიოს სხვა წერტილში. თუმცა თავად აქტივისტები საპროტესტო მოძრაობის ცივილიზებულ ტრანსფორმაციაზე საუბრობენ.

მას შემდეგ, რაც ამ წლის დასაწყისში „დაიკავე უოლ სტრიტის“ მოძრაობა ჩაისახა, საპროტესტო ტალღა მალევე გავრცელდა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. ოქტომბერში საპროტესტო გამოსვლებისკენ მოწოდებები 25 ქვეყანაში გაისმა და დღესდღეობით საპროტესტო ბანაკები გაშლილია ისეთ განსხვავებულ ქალაქებში, როგორიცაა მადრიდი და ქაშმირი. ჯეისონ ჰაიკელი, ლონდონის ეკონომიკური სკოლის პედაგოგი და საპროტესტო მოძრაობის აქტივისტი, ამბობს, რომ მათი საპროტესტო მოძრაობის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე პრობლემის შესახებ სადისკუსიო ფორუმის შექმნა უფროა, ვიდრე სპეციფიკური მოთხოვნების დაყენება:

„მე ვიტყოდი, ამ ეტაპისათვის მოთხოვნების წამოყენება არ არის კარგი, რადგან მთელი იდეა ისაა, რომ შეიქმნას მნიშვნელოვანი საუბრისათვის ღია სივრცე არა მხოლოდ ერთ მცირე დაკავებულ ტერიტორიაზე, არამედ რაც შეიძლება ფართო, ნაციონალურ და ინტერნაციონალურ დონეზე.“

საპროტესტო მოძრაობა ცალკეულ ქვეყანაში ფოკუსირებულია ლოკალურ პრობლემებზე, მაგრამ მათ აქვთ საერთო შეშფოთების საგანიც - ესაა ეკონომიკური უსამართლობა, მაღალი დონის უმუშევრობა, კორპორაციებისა და განსაკუთრებით ბანკების გავლენა მთავრობებზე. ცხადია, საპროტესტო მოძრაობებმა ძალიან დააფრთხო ქალაქის ხელისუფლება, რადგან ამ დროისათვის იგი უვადო ჩანს. როდესაც საპროტესტო მოძრაობის კარვებმა მომრავლება იწყო ნიუ-იორკის ზუკოტის პარკში, ქალაქის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა ჩათვალა, რომ ეს ნიშნავდა საზოგადოებრივი სივრცის იმ ნაწილის დაკავებას, რაც ხელს უშლიდა თავისუფალ მოძრაობას:

​​„ თავიდანვე ვამბობდი, რომ ქალაქს აქვს ორი უმთავრესი მიზანი: უზრუნველყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება და უზრუნველყოს პირველი შესწორებით დემონსტრანტებისათვის მინიჭებული გამოხატვის თავისუფლება. მაგრამ როდესაც ეს ორი მიზანი ერთანეთთან კონფლიქტში მოდის, მაშინ პრიორიტეტული უნდა იყოს საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ხოლო მთავარი მოპასუხე - პოლიცია, სახანძრო რაზმი და სამედიცინო სამსახური.“ 

15 ნოემბერს ნიუ-იორკში პოლიციამ დაშალა საპროტესტო აქცია, რომელიც არის ნაწილი მოძრაობისა, სახელწოდებით „დაიკავე უოლ სტრიტი“. პოლიციამ მას ალყა შემოარტყა, ხოლო საგანგებო შენაერთებმა აიღეს კარვები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ გაშლილი. ნიუ-იორკის ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს შეეძლებათ მოგვიანებით დაბრუნდნენ მოედანზე საძილე ტომრებისა და კარვების გარეშე.

როგორც ლონდონელი აქტივისტი ჯეისონ ჰაიკელი აცხადებს, ხელისუფლება ცდება, თუკი ფიქრობს, რომ ბანაკის აღებით იგი შეძლებს საპროტესტო მოძრაობის შეჩერებას. თუმცა იმასაც ამბობს, რომ საპროტესტო მოძრაობები არ აპირებენ უსასრულოდ ჰქონდეთ დაკავებული ქალაქის ცენტრალური ნაწილები.

„დაკავების ფაზა, ჩემი აზრით, აუცილებელია დასაწყისისათვის, მაგრამ ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა გაგრძელდეს ის კიდევ ერთი თუ ორი თვით, რადგან პრობლემები შეიცვლება და, საბოლოოდ, ჩვენ მოგვიწევს გადავიდეთ მოთხოვნებზე ორიენტირებულ მეთოდზე.“

ჰაიკელის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში საპროტესტო მოძრაობების წარმატებისათვის საჭირო იქნება ლიდერების მოძებნა, რომლებიც, მათი რანგიდან გამომდინარე, მოახერხებენ განსაკუთრებული მოთხოვნები გაყინული ქუჩებიდან პოლიტიკური პროცესის ნაწილად აქციონ.