ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა - დაუმთავრებელი პროექტი?!

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა - დაუმთავრებელი პროექტი?!



საქართველომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისთვის უზარმაზარი ვალები წამოიკიდა, ამ პროექტის დასრულებას კი ჯერ სასიკეთო პირი არ უჩანს. სამუშაოები ფერხდება საქართველოშიც, მაგრამ უარესი მდგომარებაა თურქეთში, სადაც სამუშაოების მხოლოდ 30-35%-ია შესრულებული. თურქული მხარე პროექტის დამთავრებისთვის ნახევარ მილიარდ დოლარს ეძებს. ჯერჯერობით ისეთი ვითარებაა, რომ საქართველო რკინიგზას ვერ ეღირსა, ვალები კი შერჩა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის თურქული მონაკვეთის მშენებლობაში ფინანსური პრობლემები წარმოიქმნა. თურქული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, მაგისტრალის მშენებლობა, შესაძლოა, შეჩერდეს, რისი მიზეზიც ფინანსური პრობლემაა. 

აღსანიშნავია, რომ მაგისტრალის თურქული მონაკვეთის მშენებლობაში უკვე 180 მლნ ევრო ჩაიდო, თუმცა ამ დროისათვის სამუშაოების მხოლოდ 30-35%-ია შესრულებული. პროექტის გასაგრძელებლად კი დამატებითი დაფინანსებაა საჭირო. 
პროექტის განსახორციელებლად, თურქეთის მთავრობა პროექტში კერძო ინვესტორების ჩართვასაც არ გამორიცხავს. წინასწარი ინფორმაციით, პროექტის დასასრულებლად, დამატებით 1 მლრდ თურქული ლირაა (დაახლოებით 550 მილიონი დოლარია) საჭირო. 

სარკინიგზო მაგისტრალის ასეთი არასახარბიელო პერსპექტივები დიდი პრობლემებს უქმნის საქართველოს. საქმე ისაა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთის სრულად გასამართავად ქვეყნის მთავრობამ საკმაოდ დიდი კრედიტი წამოიკიდა ზურგზე, რომელიც რკინიგზის ამოქმედების შედეგად მიღებული სარგებლით უნდა დაიფაროს. ჯერჯერობით კი ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ამოქმედება გადაიდება, მით უმეტეს, რომ საქართველოს მონაკვეთზე 28-კილომეტრიანი ხაზის გადატანასთან დაკავშირებით პროცესი, შესაძლოა, დამატებით გარკვეული დროით შეყოვნდეს. 

გეგმის მიხედვით, პროექტის დასრულება 2012 წელს იგეგმება, პროექტში ჩართული მხარეები ვარაუდობენ, რომ მაგისტრალის მეშვეობით წელიწადში 1 მლნ მგზავრს და 6,5 მლნ ტონა ტვირთს გადაზიდავენ. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში თურქეთში აშენდება სადგური, რომელიც ევროპულ და პოსტსაბჭოთა სტანდარტების სარკინიგზო ხაზებს შეართებს. 

საქართველოსა და თურქეთში გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის მთლიანი სიგრძე 245 კმ-ია. აქედან 175 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის, ხოლო 70 კმ რკინიგზა გაივლის თურქეთის ტერიტორიაზე. რეაბილიტაცია უტარდება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის 150 კმ-იან მონაკვეთს. აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია 9 სადგურის განახლება. ახალქალაქი-კარწახის 25 კმ-იან მონაკვეთზე იგება სრულიად ახალი სარკინიგზო ხაზი.  

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ მორიგი კრედიტი ზაფხულში მოიგდო ხელთ და სარკინიგზო მიზნით აღებული სესხის ჯამური ოდენობა უკვე 800 მლნ დოლარამდე აღწევს. პროექტის ფარგლებში, საქართველოსთვის დამატებით 575 მლნ აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფის ხელშეკრულება 2011 წლის 1-ელ ივლისს გაფორმდა.

აქედან გამომდინარე, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის საქართველოს მონაკვეთს 775 მილიონი დოლარი დაჭირდა და შეიძლება ეს ციფრი კიდევ გაიზარდოს. აღნიშნული თანხა მთლიანად კრედიტია და საქართველომ ადრე თუ გვიან უნდა დაფაროს. ეს საკმაოდ დიდი თანხაა თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ 25 კმ-ის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა ხდება. დანარჩენი 150 კმ-ზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ისედაც არსებობს და ის, უბრალოდ, რეკონტრუქციას საჭიროებს.

თუ იმასაც გავითვალისწნებთ, რომ ამ 800-მილიონიან სესხს წლიურად 5%-იც ემატება, მაშინ საკმაოდ სოლიდური თანხის გასტუმრება მოგვიწევს.