თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი იმდენად ბუნდოვანია, რომ ძნელია მისი როგორც “ბიუჯეტად” აღქმა. საგაისო ხარჯების დაახლოებით 53% არის გამოყოფილი ისეთი ღონისძიებებისთვის, რომლის შესახებაც არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის და საკრებულოს წევრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, დედაქალაქის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი უპრეცენდენტოთ კორუფციულია. მან ქალაქის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა და მასში არსებულ ბევრ და მნიშვნელოვან ხარვეზზე ისაუბრა.
დეპუტატი მოითხოვს, რომ ქალაქის მერიამ უკან გაიწვიოს ბიუჯეტის პროექტი და ხელახლა წარმოადგინოს ადეკვატური, პუნქტებად და პროგრამებად გაშლილი, შესაბამის ფინანსურ აღრიცხვასთნ ერთად საკრებულოში.
“დედაქალაქის ბიუჯეტი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდებოდით დასაწყისშვივე შეგვიძლია მოკლედ და კონკრეტულად შევაფასოთ - მსგავსი კორუფციულად საშიში ბიუჯეტი მრავალი წელია დედაქალაქის საკრებულოში არ შემოსულა. ამდენი ფარული და გასაწერი მუხლი დიდი ხანია ბიუჯეტში არ გვინახავს”, - განაცხადა ხიდაშელმა.
ბიუჯეტის ხარჯების დაახლოებით 53% არის გამოყოფილი ისეთი ღონისძიებებისთვის, რომლის შესახებაც არანაირი ინფორმაცია არ ასებობს, ეს არის ე.წ. სხვა და არამატერიალური, არაფინანსური ხარჯები. ამ ტიპის ხარჯები ძალიან რთულია გააკონტროლო და შემდეგ დაამტკიცო მათი მიზნობრიობა. დღევანდელი ხელისუფლებას კი ძნელია აღიარებინო, რომ კონკრეტული თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა.
“2012 წლის ბიუჯეტი დაპირებისამებრ უნდა ყოფილიყო პროგრამული, შესაბამისად, ყველა პროგრამის ხარჯი ადეკვატურად უნდა გაწერილიყო, თუმცა ბიუჯეტის პროექტი უპრეცენდენტოა. წინ საარჩევნო წელია და საარჩევნო ბიუჯეტზე ვსაუბრობთ. ხელისუფლებისთვის კი მაღალი რისკის მატარებელი იყო ბიუჯეტის პროგრამებად და კონკრეტული თანხების გაწერა.
ამიტომ თბილისის მერიამ დიდი პიარი გაიკეთა, რომ თბილისელებთან ერთად გეგმავდა დედაქალაქის ბიუჯეტს და ამას მრავალი სიუჟეტიც მიეძღვნა, თუმცა მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული ქალაქის მოსახლეობა რეკომენდაციას არ მისცემდა ბიუჯეტის 53% გაუთვალისწინებელი და სხვა ხარჯები ყოფილიყო”, - აცხადებს ხიდაშელი.
ამასთან შემცირებულია სოციალური პროგრამების ბიუჯეტი, რაც ასევე შეუძლებელია ყოფილიყო მოქალაქეების რეკომენდაცია. “ჩვენ რესპუბლიკელები მივმართავთ დედაქალაქის მერიას გაიწვიოს ბიუჯეტი და პუნქტებად და პროგრამებად გაშლილი, შესაბამის ფინანსურ აღრიცხვასთნ ერთად წარმოადგინოს საკრებულოში”, - დასძინა მან.
არანაკლებ მწვავე შეფასებას აძლვენ თბილისის 2012 წლის ბიუჯეტს სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები. “ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის ჩატარებას ბიუჯეტის ფულით აპირებს”, - ასეთია თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრის ჯაბა სამუშიას შეფასება.
“ბიუჯეტის მუხლებს შორის ყურადღებას იპყრობს მუხლი “საქონელი და მომსახურება”, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო აგიტაციისა თუ სხვა სახის მომსახურებისთვის დაქირავებულ არასაშტატო ერთეულის პირებს სამუშაოსთვის თანხებს გადაუხდის. “საქონელი და მომსახურება” გათვალისწინებული თანხები თბილისის სხვადასხვა რაიონებისთვის განსხვავებულია და 2010 წლის თბილისის ბიუჯეტში გათვალისწინებულ თანხებზეც მეტია, როდესაც ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა”, - აცხადებს სამუშია.
გლდანი-ნაძალადევის რაიონის ბიუჯეტის პროექტში მუხლისთვის “საქონელი და მომსახურეობა” 2012 წელს განსაზღვრულია 6 მლნ ლარამდე. ასევეა ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის რაიონის ბიუჯეტებში. ძველი თბილისის რაიონისთვის იგი შეადგენს 5 მლნ ლარამდე თანხას, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთისთვის - 3 მლნ ლარს. სამუშიას განცხადებით, მთლიანობაში 2012 წლის ბიუჯეტის პროექტით აღნიშნული მუხლისთვის გათვალისწინებული თანხები ხარჯვით ნაწილში 2011 წლის ბიუჯეტთან შედარებით 8 მლნ ლარით არის გაზრდილი.
ჯერჯერობით ოპოზიციის შეტევა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა თამაზ შოშიაშვილმა აიღო თავის თავზე და მან მხოლოდ ხიდაშელის ბრალდებებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც შოშიაშვილი აცხადებს, ხიდაშელმა ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე საათის წინ მიიღო გასაცნობად, რომელიც საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია და იქ ყველა ხარჯია გაწერილი, შესაბამისად, ის დოკუმენტს სიღრმისეულად ვერ გაეცნობოდა.
“საკმაოდ ნაადრევი დასკვნები აქვს გაკეთებული ხიდაშელს, რითაც ჩვენი თანამოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს. ამიტომ მინდა ვურჩიო მას, რომ პირველ რიგში, ბიუჯეტის კლასიფიკაციას გაეცნოს. ეკონომიკურ ჭრილში სხვა ხარჯები არ ნიშნავს მხოლოდ სხვადასხვა ხარჯებს. აქ გათვალისწინებულია როგორც მიმდინარე ხარჯები, ასევე კაპიტალური და ქონებასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც ბიუჯეტში დეტალურადაა განმარტებული”, - განაცხადა შოშიაშვილი.
რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, 2011 წელს თბილისის ბიუჯეტი პენსიების დანამატს აფინანსებდა, 2012 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან პენსიების ზრდა იგეგმება.
“2012 წელს დედაქალაქის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების დაფინანსება 18 მლნ ლარით იზრდება. 4 მლნ 500 000 ლარით იზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაც. საერთო ჯამში, თბილისის ბიუჯეტის პარამეტრები 648 მლნ ლარი იქნება”, - განმარტა შოშიაშვილმა.
დედაქალაქის მერმა ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში უკვე წარმოადგინა და კომისიებში შესწავლის შემდეგ იგი, სავარაუდოდ, 25 ნოემბერს თბილისის საკრებულო სხდომაზე განიხილება.
757
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85