შეხვედრა ზამთართან... შიმშილით და სიცივით

შეხვედრა ზამთართან... შიმშილით და სიცივით


ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობაში პრობლემებმა იმატა. ეკონომიკურ სიდუხჭირეს ისიც დაემატა, რომ ახლა უპირველეს აუცილებლობას გათბობა წარმოადგენს. შეშის მოჭრის საშუალება კი, მოსახლეობის 80%-საც არ აქვს. სოციალურად დაუცველი ფენები და მარტოხელა პენსიონერები ხელისუფლებიდან დახმარების მოლოდინში არიან. გამოკითხული რესპონდენტებიდან დღეს, იშვიათად იპოვით ადამიანს, რომელიც იტყვის, არ მიჭირს, შეშაც მაქვს და სხვა პრობლემებიც მოგვარებულიო.

"გურია ნიუსის" კითხვაზე, თუ როგორ ხვდებიან მოქალაქეები მოახლოებულ ზამთარს მათი პასუხი ერთგვაროვანია: შიმშილით და სიცივით! ოზურგეთელ 87 წლის მარტოხელა პენსიონერს თინა კილაძეს "გურია ნიუსი" სახლში ესტუმრა. სიცივით გათოშილი და აკანკალებული მოხუცი ლოგინში იწვა.

_ ავადმყოფი შვილი მყავს, მეორე ჯგუფის ინვალიდია, შაქრის დიაბეტითა და გულის ავადმყოფობით დაავადებული. ამის გამო, მამიდაშვილთან ცხოვრობს სუფსაში. მეც ინვალიდი ვარ, თან _ მარტოხელა. ძალიან გაჭირვებულად ვცხოვრობ. პენსია წამლებში არ მყოფნის. რა ვიყიდო პენსიით _ წამალი, საჭმელი თუ შეშა? სულ უპატრონოდ ვარ, შვილო. გამგეობაში ვიყავი და დამპირდნენ, ერთ კვირაში შეშას მოგიტანენო, მაგრამ ჯერ არაფერი არ ჩანს. იქნებ, თქვენ დაგვეხმაროთ! თუ არადა, წელს, ალბათ, სიცივით მოვკვდები. ასჯერ გავიფიქრე, თავს მოვიკლავ,-მეთქი. რად მინდა ასეთი სიცოცხლე?! სიცივის გამო ლოგინში ვწევარ, თუ მზეა, მზეს ვეფიცხები. ძალაც აღარ მაქვს, რომ ისევ მივიდე გამგეობაში, _ გვითხრა თინა კილაძემ.

ნათელა ჩხარტიშვილი, მარტოხელა პენსიონერი: _ ზამთრის მოსვლის განსაკუთრებით მარტოხელა, მოხუც პენსიონერებს გვეშინია. ჩვენთვის უპირველესი პრობლემა გათბობასთანაა დაკავშირებული. წარმოუდგენელია, შეშის ყიდვა შევძლოთ ამ კატეგორიის ადამიანებმა. ახლა, მართალია, წინანდელივით უშუქობას აღარ ვუჩივით, თუმცა, ვერც ბუნებრივი აირით ვსარგებლობთ, ელექტროღუმელის გამოყენება უფრო მოსახერხებელია, თუმცა, ჩვენი კატეგორიის ადამიანებს ესეც გაგვიჭირდება, რადგან რაც არ უნდა მომჭირნეობით ვხარჯოთ დენი, მთელი ზამთრის განმავლობაში მისი საფასურის გადახდა იოლი არ იქნება. შარშან ხელისუფლებამ რომ 20- ლარიანი დენის ვაუჩერები დაგვირიგა, მიუხედავად იმისა, ზღვაში წვეთი იყო, მარტოხელა პენსიონერებს ცოტა შეღავათი მაინც მისცა. წელს ასეთი დახმარებების იმედი აღარ არის.

ანიკო მოდებაძე: _ როგორ ვხვდებით ზამთარს და უწყლობით, შიმშილით, სიცივით, არავინ ჩვენი მომხედავი არაა. მაქვს მარტო "კუხნა" _ როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგნით. მეუღლე გარდაცვლილი მყავს, სულ წამლები მჭირდება, ჩემი პენსიით წამლები ვიყიდო, საჭმელი თუ შეშა? ან რისთვის მეყოფა? ტანსაცმელიც არ მაქვს ამის მეტი, რაც მაცვია. არავინ გაქცევს ყურადღებას. იძულებული ვარ განცხადება დავწერო და პირდაპირ სააკაშვილთან გავაგზავნო, ერთჯერადი დახმარება მომცეს, რომ ზამთარში თავი გავიტანო.

მთელი სოფელი რომ შემოიარო, ათ ოჯახს თუ იპოვი, რომ შეშა ჰქონდეს. ახლა მოდის არჩევნები და გვეტყვიან, მოგვეხმარეო. ვინ მისცემს მაგათ ხმას? 50 ლარიანი დახმარებები რომ იყო, წინა საარჩევნოდ, რომ მივედი დაგვიანებული ხარო, მითხრეს, ისიც არ მომიწია.

ზური ირემაძე: _ არ გვაქვს სოფელში იმდენი ტერიტორია, რომ შეშა მოვჭრათ. ვაუჩერებით კი ისეთ ადგილებშია გამოყოფილი, რომ აზრი არ აქვს მოჭრას და ამოტანას _ ძალიან ძვირი ჯდება. 700 ოჯახი ვართ სოფელში და ათ ოჯახს თუ ექნება შეშა. გამწარებულია ხალხი, ვწვალობთ, ჩემს საკარმიდამოში 7 ძირი წყავის და ტყემლის ხე მოვჭერი.

მევლუდი აგაძე: _ გაჩეხა ხალხმა საკარმიდამო ნაკვეთში ხეხილი. ვაკიჯვარში და მთისპირში არ შეგვიშვეს იქ მცხოვრებლებმა. მაგარი გაურკვევლობაა. არჩევნები რომ იყო და ხმები სჭირდებოდათ, ხმების 80 პროცენტი წაიღეს ჩვენი სოფლიდან. ჩვენ ჩვენი მოვალეობა პირნათლად შევასრულეთ ხელისუფლების წინაშე, მათ კი გზაც არ გაგვიკეთეს. მოგვაქციონ ცოტა ყურადღება! ნასაკირალში მოსახლეობის 99 პროცენტს დღეს შეშა არ აქვს. ასე გვითხრეს, თუ გაქვთ ნაძვი საკარმიდამოში, მოჭერითო.

ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა სოფლიდან თურქეთშია წასული სამუშაოდ, ზოგს აძლევენ თანხას, ზოგი უფულოდ მოდის. თურქეთი რომ არ ყოფილიყო, რა ეშველებოდა ხალხს, არ ვიცი _ ალბათ, შიმშილით დაიხოცებოდნენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ილია ვაშაყმაძეს "გურია ნიუსმა" აღნიშნული პრობლემების შესახებ ოფიციალურად მიმართა:

_ მოახლოებულ ზამთართან დაკავშირებით, რა სამუშაოებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომ მოსახლეობის დაუცველი ფენები ასე თუ ისე მომზადებული შეხვდნენ ზამთარს?

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურთან ერთად, მუშაობს იმ დაზიანებული ხეების გამოყენებისათვის, რომელიც არის გაშენებული ყოფილ საკოლმეურნეო ტყეებში. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახური დამატებით ახორციელებს ინვენტარიზაციას ყოფილ საკოლმეურნეო ტყეებში, რის შედეგადაც მოხდება გამოვლენილი ხე-ტყის მოსახლეობაზე გადაცემა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა წარმოადგინეს დაზიანებული ხეების ნუსხა. მოხდება მათი დამუშავება და აქტის საფუძველზე, შეჭირვებულ მოსახლეობისთვის გადაცემა. აღნიშნული პროცესი დაწყებულია. მაგალითისთვის, დაბა ლაითურის ტერიტორიაზე სათბობი შეშით უზრუნველყოფილ იქნა 4 ოჯახი, გაღმა დვაბზუს ტერიტორიაზე _ 1 ოჯახი, თხინვალის ტერიტორიაზე _ 4 ოჯახი, მერიის ტერიტორიაზე _ 1 ოჯახი. ამას გარდა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიდის ხმელი, ნამეხარი, გადატეხილი და ფაუტი ხეების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც აღნიშნული ხეები მოიჭრება და შეჭირვებულ ოჯახებს გადაუნაწილდება. საშეშე მერქნის რესურის შევსება დამატებით მოხდება იმ ჭადრის ხეების მოჭრისა და გადამორვის გზითაც, რომლებიც ხელს უშლიან ქალაქის ინფრასტრუქრტურულ განვითარებას.

_ არსებობს თუ არა ტყის მართვის სამმართველოსთან მოლაპარაკება ტყე-კაფის იმ ადგილებში გამოყოფის თაობაზე, სადაც შედარებით იოლია მოჭრილი შეშის გამოზიდვა?

_ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის მიერ, 4 ნოემბერს, წარმოდგენილ იქნა სოციალური ჭრებისთვის ტყე-კაფის გამოყოფის ადგილები. ტყე-კაფები გამოყოფილია შემოქმედის სატყეოში (გომისფერდი, გომი, გომისმთა); ვაკიჯვრის სატყეოში (ვაკიჯვარი, ცხემლისხიდის ჩუნია, ვაკიჯვრის ჩუნია); მთისპირის სატყეოში (მთისპირის უკანავა, ნაგომარი, ბახმარო); ლიხაურის სატყეოში (ლიხაური, ლიხაურის აჭი, მაკვანეთი).

_ რა თანხაა გამოყოფილი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად? გასულ წლებში, წინასწარ დგებოდა იმ ოჯახების სია, რომელსაც დახმარება უნდა გასწეოდათ. რამდენმა ოჯახმა მოგმართათ დასახმარებლად, არის თუ არა შედგენილი სია და როგორ მოხდება სიებში მოხვედრილი ოჯახების უზრუნველყოფა?

_ დღეის მდგომარეობით, შემოსულია 86 განცხადება, დაკმაყოფილებულია უკიდურესად შეჭირვებული, სიღარიბის პროგრამაში შესული 4 მოქალაქე. გარდა ამისა, მოვარდნილი ქარის შედეგად, ზვანში, ჩაის ფაბრიკის მიმდებარედ, წაიქცა ფოთლოვანი ჯიშის ხეები, მომზადდა აქტები და სათბობი ხე გადაეცა კიტა მეგრელაძის #8-სა და #4-ში მცხოვრებ შეჭირვებულ 15 ოჯახს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ქარისაგან დაზიანებული ხეები, რომელიც გამოდგებოდა სამასალედ, დამუშავდა და ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ქარიშხლისგან დაზიანებული ხუთსართულიანი სახლის სახურავის შეკეთებისათვის გამოვიყენებთ. რაც შეეხება განცხადებებით შემოსული ოჯახების უზრუნველყოფას, მათ გადაეცემათ არა ფულადი დახმარებები, არამედ საშეშე მერქნის განსაზღვრული ოდენობა. ვფიქრობთ, ეს გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე უშუალოდ თანხის დარიგება. პირველ ყოვლისა, სათბობი შეშით უზრუნველყოფილნი იქნებიან ის ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან აღრიცხვაზე სოციალური მომსახურების სააგენტოში, ასევე მარტოხელები და მრავალშვილიანი ოჯახები.

რაც შეეხება, მარტოხელა მოხუცს თინა კილაძეს, რომელიც უკიდურესად შეჭირვებულია, მას გამგებელმა დახმარება აღუთქვა: _ ჩემთვის ამ ქალბატონს ნამდვილად არ მოუმართავს, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს _ ის მოხუცებულია, მარტოხელაა და დახმარებას საჭიროებს. ჩავინიშნავ და გპირდებით, რომ ამ დღეებში აუცილებლად დავეხმარები, _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბარში ვაშაყმაძემ.