საჯარო მოხელეები ხელფასების 25%-ით გაზრდის მოლოდინში არიან

საჯარო მოხელეები ხელფასების 25%-ით გაზრდის მოლოდინში არიან

საჯარო სამსახურებში თანამშრომლებს ხელფასების 25%-ით მომატებას პირდებიან. მართალია, ეს საკითხი არც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული და არც წლევანდელი ბიუჯეტის ცვლილების პროექტში, მაგრამ საჯარო სამსახურებში ხელფასების ზრდას მაინც ელოდებიან.

ეს ინფორმაცია presage.tv-სთან საუბარში რამდენიმე სტრუქტურის თანამშრომელმა დაადასტურა, მაგრამ, ცხადია, ვინაობის გამჟღვნება არ სურთ.

აღსანიშნავია, რომ ხელფასების 25%-იან ზრდას ძირითადად პირდებიან თბილისის მერიის და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლებს. ეს ინფორმაცია არსებობს ასევე სხვადასხვა უწყებებშიც, მაგრამ ამას ოფიციალურად არავინ ადასტურებს. უფრო მეტიც, ხელფასების გაზრდა, მით უმეტეს, არსებულის მეოთხედით, ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს საკითხი არც 2012 წლის ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული და არც მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რომლის თანახმად არსებული ბიუჯეტი 230 მილიონი ლარით იზრდება. ამ პროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარე კვირისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ პროექტში არაფერი არ არის ნათქვამი სახელფასო ფონდის გაზრდაზე. სახელფასო ფონდის გაზრდა არ არის გათვალისწინებული არც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში.

თავისთავად ხელფასების 25%-ით გაზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. პირველ რიგში კი იმას, რომ ხელფასების ასეთი ზრდა, როდესაც ქვეყანაში არანაირი ეკონომიკური წინსვლა არ არის, პირდაპირ ინფლაციის მაჩვენებელია. ამიტომაც, ხელფასების 25%-იანი ზრდა ბიუჯეტში რომ ჩაიდოს, ხელისუფლებამ ქვეყანაში, მინიმუმ, 25%-იანი ინფლაცია უნდა აღიაროს, რასაც, ცხადია, არ გააკეთებენ.

მეორეს მხრივ კი, თუ ასე ერთბაშად გაიზარდა საჯარო სამსახურის ხელფასები, ინფლაციითაც რომ არ იყოს გამოწვეული, თავად გამოიწვევს ინფლაციას.

ჩვენ ვცადეთ, ეს საკითხი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან გადაგვემოწმებინა, მაგრამ ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ იგი ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

არადა, საჯარო სამსახურის თანამშრომლები, განსაკუთრებით თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ მათ ხელფასების გაზრდას დაპირდნენ და იმასაც კი ამბობენ, რომ ეს მომატებული 25% უკვე გადანაწილებული აქვთ დასახარჯად. სწორედ ამიტომ ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის ფაქტორსა და მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

„მე არ ვიცი, ვის საიდან უნდა მისცენ ეს ფული, მაგრამ თბილისი პატარაა და ადამიანები იგებენ ინფორმაციას. ეტყობა, ეს ხელისუფლება ისე შეაშინა ივანიშვილის გამოჩენამ და საერთოდ ამ ბოლო პროცესებმა, რომ ადამიანების გულის მოგება ახლა ამით გადაწყვიტეს. როგორც ჩანს, მათ იმ სარეზერვო ფონდებიდან მისცემენ თანხას, ხელისუფლება „სხვა ხარჯებს“ რომ არქმევს და მერე ამ მილიონობით ლარს, რაშიც უნდა, იმაში იყენებს“, - ამბობს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, საპარლამენტო ფრქაცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ე.წ. სხვა ჯარჯები, რომელიც თითოეულ უწყებას ცალკ-ცალკე გააჩნია, ყოველთვის კრიტიკის საგანი ხდებოდა, რადგან ამისთვის განკუთვნილი თანხა საბოლოოდ რაში იხარჯება, არავინ იცის. მომავალი წლის ბიუჯეტში კი ეს გრაფა საერთოდ ამოღებულია, თუმცა, სამინისტროსთვის გამოყოფილ ხარჯებში ასახულია გარკვეული თანხები. ამიტომაც, ადვილი შესაძლებელია, რომ ეს დაპირება სწორედ აქედან დაფინანსდეს. ეს კი რამდენად ჯდება კანონის ფარგლებში, ძნელი სათქმელია. მით უმეტეს, რომ მოსახლეობისთვის ძნელი ასახსნელი იქნება, რატომ შეიძლება იყოს მისთვის ცუდი ხელფასის 25%-ით გაზრდა, თუნდაც ეს საიდუმლოდ ხდებოდეს.