თამაზ ჭილაძე:

თამაზ ჭილაძე:"რითაც საქართველო საქართველოა!"


"ფონდ "ქართუს" განცხადების, უფრო ზუსტად - განმარტების შემდეგ, ჩემი აზრით, ყველაფერი დალაგდა და, ამასთანვე, ნათელიც გახდა. ისღა დაგვრჩენია, კიდევ ერთხელ ვუთხრათ მადლობა ბატონ ბიძინას იმ აუცილებელი, უაღრესად ქმედითი, მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რაც არა მარტო, არ მოვერიდები ამის თქმას, ფიზიკურად განწირული შემოქმედებითი ინტელიგენციის გადარჩენაა, არამედ იმ რწმენის განმტკიცებაც, რომ შემოქმედებითი ინტელიგენციის საქმიანობა, როგორც ყოველთვის, აუცილებელი და ეროვნული ძალისხმევაა", - აცხადებს მწერალი თამაზ ჭილაძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რითაც საქართველო საქართველოა!" 

"ხელოვანს, თუკი ის მნიშვნელოვან ნაწარმოებს ქმნის, არ უნდა უჭირდეს, გაცილებით უკეთესად უნდა ცხოვრობდეს, ვიდრე ამჟამად ჩვენში ცხოვრობენ შემოქმედები. გვინდა თუ არა, ჯერ კიდევ საგრძნობია კომუნისტური ეპოქის ინერცია, ყველაფრის გათანაბრებას, "სრულ გამჭვირვალობას" (რაც ვერაფრით ავხსენი, რას ნიშნავს!) რომ გულისხმობს - მახსოვრობის დაკარგვა საშინელებაა, რომელმაც, შეიძლება, დღევანდელ დღეს "სიღარიბის მოწმობების" შემოღება და საზოგადოების რომელიმე ფენის "განკულაკება" მოითხოვოს... მსგავსი რამ დღეს წარმოუდგენელია, თუმცა, ზოგჯერ ძველებურად აზროვნების რეციდივი მაინც შეიმჩნევა და თანაც, ერთი შეხედვით, ყველაზე მოულოდნელ ადგილას - ვგულისხმობ ჟურნალისტიკას, ანუ ძალას, რომელსაც ამჟამინდელ ვითარებაში ყველაზე ქმედითი ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს მოსახლეობაზე და ახდენს კიდეც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამაზ ჭილაძე.

"ალბათ, არ ვცდები, ასე რომ ვფიქრობ - სახალხო უკმაყოფილების "ცეცხლის" გადატანა ნამდვილი მიზნიდან ცრუ, ხელოვნურად შექმნილ მიზანზე არც ჟურნალისტური თვალსაზრისით უნდა იყოს გამართლებული. ნუ დავაპირისპირებთ ჩვენს ღატაკ, მაგრამ ბრძენსა და გამგებ ხალხს თავისივე შემოქმედებით ინტელიგენციასთან, რომელიც მისი ნათელი წიაღიდან არის ამოზრდილი. სწორედ ჩვენმა, უძველესი და უნიკალური კულტურის ხალხმა იცის, რომ მწერლობა და ხელოვნება მისი სულის სიმდიდრეა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ერის სასიცოცხლო ენერგია და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის სტიმულია! ამიტომ დიდი, თითქმის გამნაღმველის სიფრთხილეა საჭირო, როცა ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, რათა ნაღმი ხელში არ აგვიფეთქდეს და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პიროვნული ღირსება არ გაანადგუროს", - მიიჩნევს მწერალი

"ნიჭი ძალიან ძვირი ღირს, ასე იყო ყველგან ყოველთვის და ასევე იქნება მომავალშიც. ღმერთმა დაიფაროს, სხვანაირად რომ იყოს. ცოტა რამ არის ამქვეყნად ისე სამართლიანი, როგორც ნიჭიერი შემოქმედის სიმდიდრე. ნიჭი უაღრესად სუბიექტური მოვლენაა, რომელიც თავისთავად და, ამასთანავე, მთელ ხალხს, მთელ ერს, ქვეყანას, კაცობრიობას ამაღლებს, ამდიდრებს და აკეთილშობილებს. აბა, წარმოიდგინეთ სამყარო მწერლობის, მუსიკის, მხატვრობის, არქიტექტურის გარეშე! ეს იქნება ასტრონომიულ მზის დაბნელებაზე უფრო საშინელი, გაუვალი წყვდიადი!", - აცხადებს რესპონდენტი.

"უცხოელი საესტრადო თუ საოპერო მომღერლების ამ ბოლო ხანს ასე გახშირებული სტუმრობა ჩვენში, ნუთუ ყველასთვის ერთნაირად ნათელს არ ხდის, რა ძვირი ღირს ნიჭი?! იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება გულუხვად აჯილდოებს უცხოელ გასტროლიორებს? არა, საერთოდ ასეთი მაღალია მათი ჰონორარის სტანდარტული დონე. შეიძლება, ჩვენ ცოტას გვიკლებენ კიდეც, როგორც უღატაკეს ქვეყანას. პლასიდო დომინგო, რომელმაც ჩვენთან ერთხელ იმღერა და, როგორც ამბობენ, მილიონი დოლარი წაიღო, მარტო ჩვენგან კი არა, ყველასგან და ყველგან ასეთ მაღალ ჰონორარს იღებს. ის, იმიტომ, რომ ჰონორარი (100.000 დოლარი) ეცოტავა, არ ჩავიდა პარიზში, ტრიუმფალურ თაღთან გამართულ კონცერტზე, მაგრამ ამის გამო, მისთვის არც საფრანგეთში, არც იტალიასა და ესპანეთში "მდიდარი მათხოვარი" არავის უწოდებია, ასეა, თუ გინდა ნამდვილ ხელოვნებას ეზიარო, მეტიც უნდა გადაიხადო!", - განმარტავს თამაზ ჭილაძე.

"ნამდვილად სამწუხაროა, ქართველი მწერლები რომ ვერ მოხვდებიან მდიდრების სიაში. ამჟამად ჩვენში ევროპული მასშტაბის რამდენიმე მწერალი ცხოვრობს და მოღვაწეობს. ეს ევროპაში იციან, ჩვენში კი - არა! საქართველოში მწერლობა თითქოს არც კი არსებობს და, საერთოდ, ამჟამად ასეთი ვითარებაა ჩვენში: თეატრის სცენის ნაცვლად - პოდიუმი, მსახიობის ნაცვლად - დილეტანტი ტაკიმასხარა, მომღერლის ნაცვლად - ინგლისურენოვანი ტოროლა... დასასრულ, მინდა საუბარი დავამთავრო ჩემი ახალი წიგნიდან პატარა ნაწყვეტით: "თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ბიზნესმენთა ქველმოქმედებას კულტურისთვის და, ამდენად, სახელმწიფოსთვის, ამას ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევა ცხადყოფს, რაც, ფაქტობრივად, დავით სარაჯიშვილისა და ძმები ზუბალაშვილების გზის გაგრძელებაა, ანუ ზუსტად იმას უწყობს ხელს, რითაც საქართველო საქართველოა და მომავალშიც შევა, როგორც მაღალკულტურული ქვეყანა", - დასძენს თამაზ ჭილაძე.