"ახალი თაობისა" და "ვერსიის" მასალების მიხედვით
"გუშინ მშობლიური ნაციონალების ყურადღება საპატრიარქოსკენ იყო მიპყრობილი, სადაც ილია II-სა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრას ხალხი უკვე დიდი ხანია, ელოდება. ამ თემაზე მთელი ქვეყანა საუბრობდა. პატრიარქი საკმაოდ დიდხანს დუმდა. ერთი პერიოდი იმის ეჭვიც გაჩნდა, რომ ივანიშვილს პატრიარქი "არ სწყალობდა" - ამ ინფორმაციის გავრცელებას ხელი ჩვენმა ოხუნჯმა ნაციონალებმა შეუწყვეს. ერთ-ერთ ინტერვიუში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ის მორწმუნე არ არის - გულისხმობდა, რომ ეკლესიურად ცხოვრებას ვერ ახერხებს. ნაციონალებმა ეს ისე გაიგეს, როგორც უნდა გაეგოთ და დაიწყეს ენების ტრიალი...", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ილია II: ყველაფერი კარგად იქნება!" / რაზე ილაპარაკეს პატრიარქმა და ივანიშვილმა.
"პატრიარქის კეთილგანწყობა ივანიშვილის მიმართ მაშინ გამოჩნდა, როცა უწმინდესმა კვირას, საკათედრო ტაძარში გამართულ ქადაგებაზე მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ბრძანა, რომ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს. ამ ამბამდე ერთი კვირით ადრე ილია მეორემ ივანიშვილს ჯანმრთელობის პარაკლისი გადაუხადა - საპატრიარქოს მოქალაქეთა ჯგუფმა მიმართა თხოვნით, რომ ივანიშვილისთვის პარაკლისი გადაეხადა და პარაკლისი არა მარტო ივანიშვილის, საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის გადაიხადეს. ამ მოსახლეობას ნაციონალებიც შეადგენენ - ამის მიუხედავად, ნაციონალები მაინც უკმაყოფილო დარჩნენ. იმიტომ, რომ ეს ივანიშვილს უკავშირდებოდა. უკმაყოფილება არც მაშინ დამალეს, როცა პატრიარქმა მოქალაქეობის დაბრუნებაზე ისაუბრა და გული მათ გუშინაც ეტკინათ - მმართველ გუნდში ნამდვილად არ გახარებიათ, უწმინდესი ბიძინა ივანიშვილს რომ შეხვდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ქართული ეკლესიის წინამძღოლთან შეხვედრის სურვილი ივანიშვილმა "პალიტრა ტივი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა. იმ დღიდან მოყოლებული ყველა ელოდა, რომ ეს შეხვედრა შედგებოდა. გუშინ ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში დათქმულ დროს მივიდა. შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო დახურულ კარს მიღმა გაიმართა და ერთ საათს გასატანა. შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილი იყო და მოგვიანებით პრესასთანაც გააკეთეს კომენტარები. "მოხარულნი ვართ, რომ დღეს ბატონი ბიძინა მობრძანდა საპატრიარქოში. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, განსაკუთრებით საქართველოს მომავალსა და დღევანდელ დღეზე. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება", - ბრძანა პატრიარქმა. განსაკუთრებით კმაყოფილი იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს", - დასძენს გამოცემა.
"რამდენჯერმე შევხვდი მის უწმინდესობას. დღეს იყო საინტერესო შეხვედრა, მისგან ბევრი რჩევა მივიღე, რომელსაც გავითვალისწინებ და დამეხმარება ჩემს მომავალ მოღვაწეობაში", - აღნიშნა ივანიშვილმა. ამ შეხვედრას პოზიციაც და ოპოზიციაც აუცილებლად მისცემს პოლიტიკურ შეფასებას. ალბთ, ყველა ხვდება, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ივანიშვილის მიმართ სიმპათიები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ნაციონალებს აღიზიანებთ. ასეთი დამოკიდებული ისევე გაუმართლებელია, როგორც ზოგიერთი ოპოზიციონერის, რომელიც ამტკიცებს, რომ პატრიარქი ღიად უჭერს მხარს ივანიშვილს. პოლიტიკურ შეფასებას ვერც პატრიარქის მოსკოვში ვიზიტი ასცდება - უწმინდესი მოსკოვში 18 ნოემბერს მიემგზავრება, რაც, საპატრიარქოს ცნობით, რუსეთის პატრიარქის 65 წლის იუბილეს უკავშირდება... 23 ნოემბერს გიორგობას, ილია II საღვთო ლიტურგიას მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში ჩაატარებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება, 24 ნოემბერს კი საქართველოში ბრუნდება", - წერს სტატიის ავტორი.
"ვერსიის" ინფორმაციით, პატრიარქს თავად წმინდა სინოდის წევრები არ ურჩევდნენ არც მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას და არც ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურად მიღებას საპატრიარქოს რეზიდენციაში. ვარაუდობდნენ, რომ ამით საპატრიარქოზე ისედაც "გამწყრალ" ხელისუფლებას საბოლოოდ გადაიკიდებდნენ და გაანაწყენებდნენ, თუმცა შეხვედრა შედგა და შედგა ერთადერთი მიზეზის გამო - უწმინდესი გრძნობს შექმნილი მდგომარეობის განსაკუთრებულ სიმძიმეს და ასევე იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილს ემუქრებოდეს არამხოლოდ სახელისუფლებო ძალების მხრიდან...", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით "ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება!" - როგორ აფასებს კათოლიკოს პატრიარქი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას".
2082
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85