ძვირფასო ბატონო ბიძინა,
გწერთ ერთი ჩვეულებრივი ქართველი პროფესორი. ცხოვრების ბევრი ქარტეხილით გაწამებული, მაგრამ ვერ გატეხილი მანდილოსანი.
ძალიან დამაზიანა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს ზრდის ტემპის დროებითმა შენელებამ. თავი რომ რამენაირად გავიტანო სამი შვილის მარტოხელა დედამ, იძულებული ვარ, ჩემი ახლობლების მიერ დარსებულ ორ უნივერსიტეტში ავიღო საათები და შაბათ-კვირასაც კი ლექციები ვიკითხო. წელს უკვე ისე გამიჭირდა, რომ ბათუმის უნივერსიტეტშიც კი დავიწყე მუშაობა. არადა, იქ აღებული მთელი ფული "მარშრუტკებში" მიმდის და იმასაც ვერ ვახერხებ, რომ რძლებს და შვილიშვილებს რახათ-ლუქუმი მაინც ჩამოვუტანო. ამიტომ, ხანდახან სარფში ავტობუსით თურქეთის საზღვარზე გადავდივარ (კიდევ კარგი ვიზა არაა საჭირო, გაახარებს ღმერთი ჩვენს პრეზიდენტს), სადაც ეს ტკბილეული შედარებით იაფია.
ბოლო 30 წელია ვცხოვრობ ერთსა და იმავე არაპრესტიჟულ ბინაში, რაც ჩემს თავმდაბლობაზე მეტყველებს. მყავს ასაკოვანი დედა, რომელსაც ექიმებმა დუბაის ან შანხაის ჰაერი ურჩიეს, მაგრამ სად მაქვს ამდენი ფული და დედა უჰაერობით ხელში მაჭკნება.
ამას ყველაფერს კი ის ემატება, რომ ქალაქში, სადაც ვცხოვრობ, მერიამ შემოიღო აბსოლუტურად დრაკონული გადასახადი დასუფთავებაზე, რომელიც დენის გადასახადს მიაბეს და იძულებული ვარ, ღამით სტუდენტების ნაშრომები პარაფინის სანთლის შუქზე ვასწორო. კომპიუტერსაც ვერ ვამუშავებ, რადგან ბატარეა ძველი აქვს და უდენოდ ისიც არ მუშაობს.
დაბოლოს, იმის გამო, რომ მიუხედავად ჩემი ახალგაზრდული შემართებისა, ჩემს ასაკში ხალხის გამატყავებელი სადაზღვევო კომპანიები უკვე პოლისს არ იძლევიან, ვარ ქრონიკულად დაუზღვეველი, რაც იმის საშუალებასაც კი არ მაძლევს, რომ ვალიდოლი, ვალერიანკა და ნოშ-პა შევიძინო, აღარაფერს ვამბობ გალაზოლინის ცხვირის წვეთებზე…
ასე ვიტანჯები…
უფროსი შვილი, დედა ენაცვალოს, არაუშავს ადგილზე მუშაობს ბოლო 8 წელია, მაგრამ ისეთი მორიდებულია და თავმდაბალი, რომ თავისი თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის დასახმარებლად ვერავის აწუხებს. აი, დაზღვევაც კი ვერ მომიხერხა. დანარჩენი ორი ბიჭია და რამდენი ხანია დაუმთავრებელი ბინების მშენებლობას გადაყვნენ სადღაც კაკლების ტყეში და მე კი არა, საკუთარი ოჯახებიც ნაგირავებში ჰყავთ დროებით შეფარებული…
ალბათ ყველა გეტყვით, როგორი უთქმელი და მორიდებული ვარ მე თავადაც.
რომ არა ეს საშინელი გაჭირვება და კრიზისი, არავითარ შემხთხვევაში არ მოგმართავდით, ვერ შეგაწუხებდით. მე ხომ თქვენი საქმიანობის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ჩემს შვილებს სწორედ თქვენზე ვურჩევ სწორებას! ამ ცხოვრებას რა ვუთხარი, რომ საქმის ერთგულ მეცნიერებს დაფასება არ გვეღირსა.
იქნებ დამეხმაროთ! ისე მიჭირს, რომ ერთი 10,000 დოლარი ნამდვილად დიდი შვება იქნება ჩემთვის! თუნდაც 5,000 დოლარი ხელფასი! გარწმუნებთ, 3-4 წელიწადში მოვიდგამდი წელს! ვერ გავბედავდი ნამდვილად, მაგრამ ჩემმა ერთმა ახლობელმა მირჩია – თქვენთვის მომემართა – იცნობთ თქვენ – მომღერალი კაცია, ადრე მოსკოვში მეფაიტონედ მუშაობდა, მერე ომალოში – ვერტალიოტჩიკად. თქვენი ამაგის დიდი დამფასებელია!
თუ ეს საჭიროა, შემიძლია წარმოვადგინო განათლების მინისტრის დადებითი რეკომენდაცია, რომელიც დიდ პატივს სცემს ჩემს მოღვაწეობას და არ დამზარდება.
პატივისცემით და იმედით აღსავსე, პროფესორი, ორი უნივერსიტეტის ლექტორი, სამი შვილის დედა და 85 წლის დედის მარჩენალი ქალიშვილი.