„ქართული ხმების“ დამფუძნებელს და წევრს, თემურ ჭკუასელს თავის მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ფიჩორის უღრან ტყეებშიც უვლია თავსხმა წვიმაში და ბორჯომის ხეობის დათოვლილი ბილიკებიც გაუკვალავს. ზემო იმერეთის მიუდგომელ სოფელში ზამთრის ქორწილშიც ასულა და გათოშილ სეფაში სხვებთან ერთადაც უქეიფია, სტუმრებით სავსე ავტობუსიც მიუყენებია მისთვის ჭორვილაში და ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობისთვისაც მოუსმენია.
„ქართული ხმების“ წევრების „თავზეხელაღებული შეტევის“ მიუხედავად, ერთად გასულიყვნენ სადმე, უცხოეთში, ანსამბლის წევრებს არაფერი გამოუვიდათ, რადგან ბიძინა ივანიშვილი მუდმივად უარს ეუბნებოდა ერთადერთი მიზეზით, საქართველოდან წასვლის კი არა, გასვლის სურვილიც აღარ მაქვსო. თემურ ჭკუასელი Presage.tv- ის სტუმარია. ამჯერად იგი პოლიტიკაზე საუბრისგან თავს იკავებს და ბიძინა ივანიშვილის, როგორც მეგობრის შესახებ, საუბრობს.
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პატრიარქმა საკუთარი პოზიცია გამოხატა და ბრძანა, რომ ივანიშვილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. ახლახანს უწმინდესი შეხვდა კიდეც ბიზნესმენს და საქართველოს მომავალსა და დღევანდელობაზე ესაუბრა. რამდენად მჭიდრო ურთიერთობა აქვთ უწმინდესსა და ბიძინა ივანიშვილს?
– მათი დამოკიდებულების შესახებ მე რა შემიძლია გითხრათ, მაგრამ ერთ რამეს მოგახსენებთ, რომ, როგორც ნებისმიერი მოქალაქის პატივისმცემელია ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ეს მე პირადად მაქვს გამოცდილი, ასე საოცრად და გამაოგნებლად პატივისმცემელია პატრიარქის. თუ ცოტა სხვა მხრიდან შევხედავთ, ცოტა გაცვეთილი პასუხია, მაგრამ ამ ადამიანმა სამება ააშენა და გარდა ამისა, კიდევ დაახლოებით 400-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი საქართველოში დანგრევას გადაარჩინა. სამების საკათედრო ტაძარი მთლიანად მისი აშენებულია და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ერთადერთი, ყველაზე სწორი და უმადურობისკენ არწასული გადაწყვეტილებაა, რაც პატრიარქმა ბრძანა. მე ასე ვთვლი და ძალიან ბევრი ადამიანიც ჩემს გარშემო გახარებულია მისი უწმინდესობის განცხადებით ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით.
რას ნიშნავდა ბიძინა ივანიშვილისთვის სამების ტაძრის აშენება? ეს მისთვის ჩვეულებრივი ქველმოქმედება იყო, თუ სულ სხვა განცდით უყურებდა ამ ეკლესიის აგებას?
– ერთი რამ ვიცი, რომ ძალიან ცუდ დღეში იყო იმ პერიოდში, როდესაც პრაქტიკულად შეიძლებოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო მშენებლობა და ბეტონი იყო ჩასხმული საფუძველში. მეც ვიყავი მაშინ იქ მისული, როცა ბატონ ბიძინასთან ერთად ვნახეთ ეს ადგილი და მას შემდეგ მთლიანად ამ ადამიანმა გადაწყვიტა ეკლესიაზე ზრუნვა. თუმცა კონკრეტულად რამ გადააწყვეტინა და როგორ უყურებდა ამ საქმეს, არ ვიცი.
ახლა თუ გაქვთ მასთან ურთიერთობა, როდესაც იგი პოლიტიკურად უფრო დატვირთული გახდა?
– ახლა არ მაქვს ურთიერთობა. იმ დღიდან, როდესაც მან პოლიტიკური განცხადება გააკეთა, უფრო სწორად, ორი დღით ადრე ვნახე და იმ დღის შემდეგ არ მინახავს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან თავად ისურვა ამ პოლიტიკური საქმეებიდან ჩვენი, ანუ მისი მეგობრების, დისტანცირება.
საქველმოქმედო სიების გამომზიურების თაობაზე მინდა შეგეკითხოთ. გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, რომ ბიზნესმენი სოციალურად დაუცველ ინტელიგენციასთან ერთად ეხმარებოდა შეძლებულ, მდიდარ ადამიანებს, ამ დრო კი ომში დაღუპულთა ოჯახები, გაჭირვებულები უკანა პლანზე იყვნენ. ალბათ, თქვენ ამის საწინააღმდეგო მოსაზრება გაგაჩნიათ. რას ეტყოდით მათ, ვისთვისაც ივანიშვილის ქველმოქმედებამ კითხვები გააჩინა?
– ეს შეკითხვა უფრო „ქართუ ფონდის“ პრეზიდენტს ეხება, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ის შეძლებულ ადამიანებს კი არ ეხმარებოდა, არამედ – იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოსთვის რაიმე ჰქონდათ გაკეთებული. მე ვლაპარაკობ სპორტსმენებსა და ძირთადად ხელოვან ადამიანებზე. აკადემიკოსებს კიდევ ცალკე ეხმარებოდა. თქვენ ვეტერანთა ოჯახები ახსენეთ, მაგრამ, თუკი საქართველოში რაიმე წესიერი და ღირებული ხდებოდა, ახლა ხომ ყველა ხვდება, რომ პრაქტიკულად, მისი გაკეთებულია. უშუალოდ ვეტერანებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ საჩხერის ბატალიონი, ყველაზე ცნობილი რომ არის, თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის მიერ ფინანსდება.
მეცნიერთა შესახებაც მინდა გკითხოთ. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ უმადურობაა, როდესაც ისინი ხმას არ იღებენ ბიზნესმენის დასაცავად. როგორც მოქალაქე და არა, როგორც ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
– არა, რატომ? ზოგიერთები იღებენ ხმას. ზუსტად ისინი იღებენ ხმას, ვისაც მეცნიერების და საზოგადო მოღვაწის სახელი აქვთ. ვინც ხმას არ იღებს, არ ვიცი, შესაძლოა, მერე ამოიღონ, მაგრამ გადაწყვეტილება, რომ „ქართუ ბანკიდან“ გაეტანა მეცნიერებათა აკადემიას თავისი ანგარიშები, მიღებული აქვს ერთ კაცს და არა – ყველას. იმ ერთი კაცის უმადურობა ჩანს აქ და არა – ყველასი, ბუნებრივია.
უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას დედამ, მოჭადრაკე ნანა ალექსანდრიამაც უარი თქვა ივანიშვილისგან დაფინანსებაზე...
– სხვათაშორის, ნანა ალექსანდრია ყველაზე ღირსეულად მოიქცა. როგორც კი რაღაც ასეთი დაიწყო, მან მაშინვე გააკეთა განცხადება და უარი თქვა იმ დახმარებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აძლევდა. ზოგადად, ეს დაპირისპირება რატომღაც გაჩნდა. ადამიანმა როცა განაცხადა, პოლიტიკაში მოსვლა მსურსო, მისი მხრიდან ეს დაპირისპირებას ხომ არ ნიშნავდა?! დაპირისპირება დაიწყო ხელისუფლებისგან. მას შემდეგ, რაც ეს დაპირისპირება დაიწყო, ქალბატონი ნანა, ვფიქრობ, ძალიან სწორად მოიქცა, რაც გააკეთა. როგორც, მოგეხსენებათ, ნანა ალექსანდრია ვისი დედაც გახლავთ, თვითონ ამ ქალბატონს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს და ამას ვაფიქსირებ თქვენთან საუბარში.
რას ამბობდა ბატონი ბიძინა არა მარტო 7 ნოემბრის დარბევის, არამედ ახალგაზრდების ჩახოცვის, ტრაგიკული შემთხვევების დროს, როდესაც ამ ამბების შესახებ ინფორმაცია მისდიოდა?
– თვითონ თავის განცხადებაშიც აღნიშნა, 7 ნოემბრის შემდეგ მოხდა ჩემი დისტანცირება ხელისუფლებისგანო და ახლა გინდათ, გითხრათ, კონკრეტულად რა შეფასებებს აძლევდა მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს?! არ მოსწონდა ეს ყველაფერი, ისევე, როგორც ყველა ნორმალურ ქართველს.
როგორ მოხდა თქვენი პირველი შეხვედრა-გაცნობა? სიმღერებიდან ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევს?
– სიმღერებიდან ძალიან უყვარს „ჩაკრულო“. ჩვენი შეხვედრა დიდი ხნის წინ მოხდა. ბატონი ბიძინა ჩამოსული რომ იყო, ანსამბლის ნაწილს ჯერ აქ, თბილისში შეხვდა. მაშინ თბილისში არ ცხოვრობდა, არამედ – საფრანგეთში. შორეული 1997–98 წელი იყო და საერთოდ არავინ იცოდა მისი არსებობაც კი. სახელიც არავის გაეგონა და შემდეგ უეცრად, დაახლოებით სამი-ოთხი თვის შემდეგ, ნელ-ნელა გამოჩნდა და მერე უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა.
თქვენს გარდა ბევრი მეგობარი ჰყავს?
– მეგობრები ჰყავს. რამდენადაც საოცარი უნდა იყოს, ბავშვობის მეგობრები შემორჩა, ისინი, მასთან ერთად სკოლაში ვინც სწავლობდა. ერთი განსაკუთრებით ახლობელია. ეტყობა, თავიდანვე მეგობრობდნენ და კიდევ ორი ძალიან ახლო მეგობარი ჰყავს. მეგობრების დიფერენციაცია არ ხდება ხოლმე, მაგრამ მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, როცა ჩვენ მასთან მეგობრობა დავიწყეთ, ის სამი მეგობარი უკვე ჰყავდა და დღემდე შენარჩუნებული ჰყავს.
თვითონ კარგად მღერის?
– თვითონ მღერის ისე, მოყვარულის დონეზე, მაგრამ ცდილობს, რომ ჩვენთან ჩუმად იყოს.
მის ახლადშექმნილ გუნდში სხვადასხვაგვარი ადამიანები იყრიან თავს. მათ შორის, შეიძლება აღმოჩნდნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც მხოლოდ ფული აინტერესებთ. როგორ შეაფასებთ მის გუნდს?
– რა თქმა უნდა, მისი გუნდის წევრებთან საზოგადოების დამოკიდებულებას გარკვეული ხარისხით ითვალისწინებს და უნდა გაითვალისწინოს კიდეც, მაგრამ ის გუნდის წევრებს კიდევ ისეთი შტრიხებით არჩევს, რომელიც მხოლოდ მან იცის და შეიძლება, სხვებმა არ იცოდნენ. მას უფრო ადამიანის სიღრმისეული თვისებები აინტერესებს და მე ვთვლი, რომ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნება.