დავით ჩაგანავა, "თავისუფლება"
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ ახალ კვლევას აქვეყნებს ქვეყანაში დასაქმებისა და უმუშევრობის ფუნდამენტურ გამომწვევ მიზეზებსა და მათი გადაჭრის სავარაუდო გზებზე. კვლევაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში უმუშევრობა იზრდება, თუმცა გამომწვევი ფუნდამენტური პრობლემების სათანადო ადრესირება არ ხდება.
1998 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე საქართველოში 12-დან 16 პროცენტამდე გაიზარდა, 2010 წლის მდგომარეობით. როგორც ხვდებით, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი, ოფიციალური სტატისტიკით, დასაქმებულია. აქ კი ასეთი სურათია: თვითდასაქმებული ადამიანების რიცხვი იზრდება, დაქირავებულების კი მცირდება. ანუ უმუშევრობის ზრდის მაჩვენებელზე გავლენას სწორედ დაქირავებული ადამიანების მიერ სამსახურის დაკარგვა ან სამსახურის ვერშოვნა ახდენს. აქ კი ფაქტორი, რომელიც კვლევის ავტორებმა წინა პლანზე წამოსწიეს, დასაქირავებელთა განათლება და დამქირავებელთა შიშებია.
განათლება, როგორც ბაზარზე ბრძოლის იარაღი
საბჭოთა განათლების სისტემის ფუნდამენტური შეუსაბამობა ახალ საბაზრო რეალობასთან ის ფაქტორია, რომელიც გაზგასმულია როგორც სხვა, აქამდე ჩატარებულ, კვლევაში, ასევე ამ უკანასკნელში. მსგავსი პრობლემა, კვლევის მიხედვით:
”განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ეხება, სადაც ფასეულობების გადასინჯვა მოხდა და საბჭოთა განათლების მქონე სამუშაო ძალის უნარ-ჩვევები „არასათანადო” აღმოჩნდა.”
ეს კი, მარტივად რომ ითქვას, იმას ნიშნავს, რომ პრობლემა, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეთ იმ ადამიანებს, როლებმაც განათლება საბჭოთა სისტემაში მიიღეს. თუმცა ეს ასე არაა. ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტების დირექტორი და კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ამბობს:
„ყველაზე დიდი უმუშევრობის მაჩვენებელი ფიქსირდება ახალგაზრდა თაობაში. ეს გახლავთ 25-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანების ჯგუფი, რაც, მიმაჩნია, რომ საგანგაშო მაჩვენებელია, იმიტომ რომ, თუ ახალგაზრდების ჩართვა ვერ ხერხდება ქვეყნის ეკონომიკაში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ განათლების სისტემა არაეფექტიანად ვითარდება."
შიში, როგორც დამქირავებელთა დამაბრკოლებელი ფაქტორი
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც კვლევის ავტორები საუბრობენ, დაქირავებულთა ბაზარზე შიშის ფაქტორია. მათი თქმით, ფინანსები არსებობს, მაგრამ ბაზარზე არსებული დამსაქმებლები ამ ფულს არ იყენებენ, არ იღებენ რისკებს, არ გენერირებენ ახალ გრძელვადიან ბიზნესიდეებს, რაც, კვლევის ავტორთა თქმით, დასაქმებას გაზრდიდა.
„ამბობენ, რომ ხელმისაწვდომი არ არის ფინანსები, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ბანკებს აქვთ ჭარბი ლიკვიდურობა, მაგრამ რატომღაც ბიზნესი არ მიდის მათთან ფულის სათხოვნელად, რეალური მნიშვნელოვანი პროექტებით. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული იმით, რომ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს აქვთ ან არასტაბილურობის განცდა, ან რაღაცის შიში“, - ამბობს ნინო ევგენიძე.
დაქირავების მხრივ, უცხოური ინვესტიციების ნაკადების არასაკმარისობა ის ფაქტორია, რომელზეც კვლევა აქცენტს ნაკლებად სვამს. ამიტომ უცნობია, არის თუ არა ბაზრის არასტაბილურობის ან სხვა შიშების ფაქტორი მიზეზი დიდი ინვესტიციების შემოუდინებლობისა ქვეყანაში [ავტ.: ეკონომიკური სივრცის პროტექციონიზმი ან სოციალური გარანტიების მაღალი მოთხოვნა გარე ფინანსური ნაკადებისთვის შემაფერხებელ მიზეზთა შორის ვერ დასახელდება].
თვითდასაქმებით შენიღბული უმუშევრობა
საქართველოში თვითდასაქმებულთა რიცხვი იზრდება. როგორც ცენტრი წერს:
”აშკარაა,რომ ერთადერთი კატეგორია, რომელიც სტაბილურ ზრდას აჩვენებს, თვითდასაქმებულთა კატეგორიაა, ხოლო „დაქირავებით” მომუშავე დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება.”
ცენტრის მიერ მოყვანილი ციფრების მიხედვით, შემოსავალი თვითდასაქმებული ადამიანების 20-მდე პროცენტისა დღეში ერთი დოლარის ფარგლებშია. ერთი დოლარი, დღევანდელი მაჩვენებლით, დაახლოებით ორი ლარია. თვეში, საშუალოდ, ეს მაქსიმუმ სამოცი ლარია, რაც საარსებო მინიმიმის ნახევარიც კი არაა (ოფიციალური საარსებო მინიმუმი 150 ლარია). კვლევის ავტორები ამის მიზეზად, სავარაუდოდ, ნატურალური ნედლეულით მიმოცვლას ასახელებენ. ცენტრი ასევე დასძენს, რომ განვითარებულ ქვეყნებში შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი ნულის ტოლფასია. კიდევ ერთი პარამეტრი, რომლითაც თვითდასაქმებული ადამიანების შემოსავლის ოდენობის დათვლა ხდება, მათ მიერ გენერირებული გადასახადებია.
„რადგან გადასახადის გადამხდელთა რიცხვი არ იზრდება თვითდასაქმებულთა კატეგორიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან უმუშევრები და თავის გადარჩენისთვის იღვწიან“, - ამბობს ნინო ევგენიძე.
რეკომენდაციები
მიუხედავად იმისა, რომ ზევით მოყვანილი ინფორმაცია მხოლოდ ფრაგმენტული ნაწილია ბოლო კვლევაში აღწერილი პრობლემებისა, გთავაზობთ გამოსავლის გზების ზოგად ტენდენციებს:
1) შეიქმნას სრულყოფილი ინფორმაციული ბაზა, სამუშაო ბაზარზე არსებული სრული სურათის დასანახად და, შესაბამისად, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დადგინდეს:
ა)დამსაქმებელი სექტორის მოთხოვნათა ძირეული გაგება;
ბ)დასასაქმებელი სექტორის არსებული უნარების რეალური შეფასება.
2) მოხდეს დასასაქმებელი სეგმენტის დამსაქმებლების მოთხოვნებთან ადაპტირებაში დახმარების აღმოჩენა. სხვაგვარად ის ვაკუუმი, რომელიც სისტემის ფუნდამენტურმა ცვლილებამ გამოიწვია, ვერ შეივსება. ამ გზაზე განათლების რეფორმა გრძელვადიანი პროცესია. ამიტომ მის პარალელურად უნდა მოხდეს უფრო მოკლევადიანი და ეფექტიანი გადამზადების მექანიზმების ამოქმედება [ავტ: არა, უბრალოდ, PR-კამპანიებით, როგორიცაა, მაგალითად, "შევასწავლით ინგლისურსა და კომპიუტერს“ არჩევნების წინ].
მაგრამ ვინ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები? - ამაზე კონკრეტული პასუხი კვლევაში არაა, თუმცა რეკომენდაციათა უმეტესობის ადრესატი ხელისუფლებაა.
876
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85