სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის არჩევნები მოსკოვს მწვავე პრობლემებს უქმნის

სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის არჩევნები მოსკოვს მწვავე პრობლემებს უქმნის


ამ დღეებში კრემლი მხოლოდ დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებზე არ ფიქრობს. მოსკოვი აქტიურად არის დაინტერესებული მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებით საქართველოს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში და დე-ფაქტო დამოუკიდებელი დნესტრისპირეთის მეთაურის არჩევნებით, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი.

ორივე შემთხვევაში სახეზე საინტერესო პარალელებია. ორივე რეგიონი მოსკოვისგან მასშტაბურ ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებს. სამხერეთ ოსეთშიც და დნესტრიპირეთშიც მმართველი ელიტა, რომელსაც მყარად აქვს ფესვები გადგმული, მდიდრდება მათი რეგიონებისთვის განკუთვნილი დახმარების ხარჯზე.

სამხრეთ ოსეთს 2001 წლიდან ედუარდ კოკითი მართავს. კონსტიტუციით მას მესამე ვადით კენჭისყრა ეკრძალება, მაგრამ ის გულმოდგინედ ცდილობს ხელისუფლებაში კარგად შერჩეული მემკვიდრის დატოვებას. დნესტრისპირეთს იგორ სმირნოვი 1990 წლიდან მართავს და ახლა ის საკუთარი კანდიდატურის დაყენებას მეხუთე ვადით გეგმავს. კრემლი არ მალავს, რომ უპირატესობას უფრო ახალგაზრდა მმართველს მიანიჭებდა, რომელიც 70 წლის სმირნოვს შეცვლიდა.

თუმცა არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობებიც. სამხრეთ ოსეთში საბოლოო ჯამში, ყველა პრორუსულადაა განწყობილი და მოსკოვს იქ საკუთარი გადაწყვეტილებების გასატანად, გაცილებით მეტი გავლენის ბერკეტები აქვს. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი ჟურნალისტი თემურ ცხოვრებოვი ამბობს, რომ მოსკოვმა ამა თუ იმ ფავორიტის მხარდაჭერის ნაცვლად, აქცენტი რეგიონის პოლიტიკურ განვითარებაზე უნდა გააკეთოს.

მისი თქმით, თუკი მოსკოვი არ იმუშავებს „დემოკრატიული და სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებაზე“, ის მუდმივად „ერთსა და იმავეს მიიღებს. იმით, რომ ყველა იმედები კოკოითს დაუკავშირა, მოსკოვმა პატარა ფეოდალური მამული მიიღო და ახლა ამის საფასურს იხდის. იგივე ბედი ეწევა [პრომოსკოველ კანდიდატ ანატოლი] ბიბილოვსაც. ბიბილოვი პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა. ის ყოველთვის რიგითი მმართველი იყო“.

სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ბიბილოვმა 13 დეკემბერს გამართული კენჭისყრის პირველ ტურში ხმათა 25 პროცენტი მოიპოვა, ორი კვირის შემდეგ კი არჩევნების ბოლო ტურში მას ბრძოლა განათლების ყოფილ მინისტრ ალა ჯიოევასთან მოუწევს.

კრემლს ცვლილებები უნდა

რაც შეეხება დნესტრისპირეთს, მოსკოვი მოწადინებულია დასავლეთს ამ ძველი კონფლიქტის დარეგულირებაში ერთგვარი პროგრესი უჩვენოს. და სმირნოვსაც, რომელიც თავისი რეგიონის დამოუკიდებლობის ან ყოველ შემთხვევაში რუსეთთან კავშირის მომხრეა, ის დაბრკოლებად განიხილავს.

ტირასპოლელი (დნესტრისპირეთის დედაქალაქი) პოლიტოლოგი გრიგორი ვოლოვოი აცხადებს, რომ მოსკოვის მთავარი მიზანი რეგიონში – დარეგულირების საქმეში საკუთარი გეგმების რეალიზაციის შესაძლებლობების შენარჩუნებაა. „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთს სურს უფრო მოქნილი და ლოიალური პოლიტიკოსი, რომელსაც დნესტრისპირეთის პრობლემის გადაწყვეტის უნარი ექნება“, – აცხადებს იგი. „მას ისეთი დნესტრისპირეთი უნდა, რომელიც ყველა მოლაპარაკებით პროცესს იმ საკითხების გადაწყვეტის ნაწილად ჩათვლის, რომელსაც რუსეთი მოლდავეთს და დნესტრისპირეთს უყენებს“.

გასულ თვეში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირი-რუსეთის ერთობლივი კომისიის შექმნაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამ მემორანდუმში კონკრეტულად ნათქვამია, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტი შეიძლება და სასწრაფოს უნდა დარეგულირდეს. ამ ორი საკითხის კავშირი მოსკოვს პროგრესის დემონსტრირებას აიძულებს.

„[დნესტრისპირეთში] ხელმძღვანელობის შეცვლა ის ინსტრუმენტია, რომლის დახმარებითაც მოსკოვი შეძლებს იმის ჩვენებას, რომ კონფლიქტების დარეგულირება თანამედროვე, ცივილიზებული გზით, სამხედრო ჩარევის გარეშე შეუძლია“, – აცხადებს „რადიო თავისუფლების“ რუსული ბიუროს კომენტატორი ვადიმ დუბნოვი. „არსებობს ფორმულა 5+2. ამ მუდმივი ფორუმის მუშაობა, დიდწილად მხოლოდ რუსეთს აინტერესებს. საქმე ის არის, რომ რუსეთმა უნდა აჩვენოს მსოფლიოში მისი გავლენის მაგალითი – შესაძლოა არცთუ მნიშვნელოვანი მაგალითი, თუმცა ისეთი მაინც, რომელიც უშუალოდ ევროკავშირის საზღვარზეა“.

ოფიციალურად 5+2 ფორმატის მოლაპარაკებებში მონაწილეობს სამი შუამავალი: რუსეთი, უკრაინა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), ასევე ორი დამკვირვებელი აშშ-ს და ევროკავშირის სახით და კონფლიქტის მხარეები. სექტემბერში კიშინიოვმა და ტირასპოლმა იმ მოლაპარაკებათა აღდგენის შესახებ მოილაპარაკეს, რომელიც 2006 წლის დასაწყისიდან ჩიხშია.

ამასთან დაკავშირებით, მოსკოვმა გააძლიერა სმირნოვზე ზეწოლა. რუსეთის კონტროლის პალატა დნესტრისპირეთისთვის განკუთვნილი სახსრების არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეს იძიებს, ხოლო პროკურატურამ სმირნოვის ფირმაში ჩხრეკა ჩაატარა. ახლახანს, სმირნოვის ქალიშვილს აუკრძალეს რუსეთის დუმის არჩევნებში კანდიდატურის დაყენება პარტია „სამართლიანი რუსეთის“ სიით. გასულ თვეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა საჯაროდ მოუწოდა სმირნოვს უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე და მის შემცვლელად რეკომენდაცია დნესტრისპირეთის პარლამენტის სპიკერს ანატოლი კამინსკის გაუწია.

„რადიო თავისუფლების“ ექსპერტი დუბნოვი აღნიშნავს, რომ ამ მრავალწლიანი კონფლიქტების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხელმძღვანელობა სტატუს-ქვოს შენარჩუნებითაა დაინტერესებული, რასაც სიტუაცია ჩიხისკენ მიჰყავს. „თითქოს, ყველაფრის დარეგულირება შეიძლება, შეიძლება რაღაც ფორმულის გამოძებნა, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოდის“, – ამბობს იგი.

„რადგან, როგორც ირკვევა, სინამდვილეში ეს მხოლოდ მოსკოვს უნდა. ასეთი სიტუაცია პრობლემას არ უქმნის კიშინიოვს, და მით უფრო დნესტრისპირეთს“, – დასძენს დუბნოვი. „სმირნოვს სინამდვილეში მართლაც ერთი პრობლემა აქვს, კერძოდ ის, რომ ეს კონფლიქტი როგორღაც მოგვარდება. ადრე თუ გვიან ასეთი ადგილების ლიდერები ჩიხურ სიტუაციაში ექცევიან, როგორც ეს კოკოითის შემთხვევაში მოხდა“.

მკაფიო ფავორიტები არ არსებობენ

დუბნოვი ამბობს, რომ სმირნოვი ჯიუტად ებღაუჭება ხელისუფლებას, უცხადებს რა ამომრჩევლებს, რომ მოსკოვი მისი წინააღმდეგია, რადგან უნდა, რომ დნესტრისპირეთი კვლავ მოლდავეთს დაუბრუნოს. ახლახანს ის უკრაინასთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ სმირნოვის მხრიდან ეს კიევში ახალი მფარველის შეძენის მცდელობა იყო.

მაგრამ ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთშიც პოლიტიკური დინამიკა რთული ხასიათისაა, და საქმე მარტივად არ არის, თითქოს კრემლი მხოლოდ ერთ კანდიდატს უჭერდეს მხარს და მას ძველ ლიდერს უპირისპირებდეს. „რადიო თავისუფლების“ პროგრამის „ეხო კავკაზა“-ს ანალიტიკოს ოლეგ კუსოვს მიაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელიონებში სამხრეთ ოსეთის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

„დარწმუნებული ვარ, კრემლის უმაღლეს ეშელონებში სამხრეთ ოსეთის პრობლემები სერიოზულად აშფოთებთ – მათ საკუთარი პრობლემებიც ჰყოფნით“, – ამბობს კუსოვი. „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ კანდიდატს ლობირებენ, თუმცა ექსპერტების აზრით, ყველაზე მეტი შანსი ბიბილოვს აქვს. მას უფრო მეტი ადმინისტრაციული რესურსი გააჩნია“.

„რა თქმა უნდა არიან მოსკოვში ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ ჯამბოლატ თედეევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ასე რადიკალურად არ იმოქმედებდა“, – ამბობს კუსოვი. „მაგრამ რამდენად იმართებიან ისინი ერთი ცენტრიდან – ამაზე დღეს ვერ ვისაუბრებ. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიგნით, ერთმანეთის კონკურენტ პოლიტიკურ დაჯგუფებებთან, რომლებსაც საკუთარი კანდიდატები ჰყავთ. ჩვენ ვსაუბრობთ არა პოლიტიკოსებზე, არამედ ჩინოვნიკებზე“.

მოლდავეთის პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ოაზუ ნანტოი დნესტრისპირეთშიც არაერთგვაროვნებას ხედავს. „იგორ სმირნოვი, ძველებურად სარგებლობს და იმედს ამყარებს ეგრედწოდებული სახელმწიფო უშიშროების მინისტრის [ვლადიმერ] ანტიფეევის მხარდაჭერაზე. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცერია, სენტიმენტებისგან შორს დგას და თამაშს არ დაიწყებს“.

დნესტრისპირეთის არჩევნების არაღიარებით და იმით, რომ არცერთ კანდიდატს მხარს არ უჭერს, მოლდავეთის მთავრობა ტირასპოლთან მოლაპარაკებებში ახალი პარტნიორის გაჩენაზე ფრთხილ ოპტიმიზმს ავლენს. მოლდავეთის ვიცე-პრემიერმა რეინტეგრაციის საკითხებში ევგენი კარპოვმა „რადიო თავისუფლების“ მოლდავეთის ბიუროსთან საუბარში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია 1992 წლის ომის მემკვიდრეობისგან გამიჯვნა, ომის, რომელსაც რეგიონის გამოყოფა მოჰყვა. მისი თქმით, ყოფილი კომუნისტი პრეზიდენტის ვლადიმერ ვორონინის ეპოქის დასრულების შემდეგ კიშინიოვში პოლიტიკური ელიტა შეიცვალა.

„დღეს მოლდავეთის რესპუბლიკის მთავრობაში, პარლამენტსა და ყველა ჩვენს სტრუქტურაში აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური ელიტა გვყავს“, – განაცხადა კარპოვმა. „ჩვენ აღარ გვყავს ომის იდეით შეპყრობილი ხალხი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ გარკვეული ინტერესების დაცვა სამხედრო მეთოდებით აუცილებელია“.
foreignpress.ge