ოპოზიცია შეშას ითხოვს

ოპოზიცია შეშას ითხოვს



ნაადრევმა ზამთარმა რეგიონებში მოსახლეობას დიდი პრობლემები შეუქმნა. განსაკუთრებით მოუგვარებელია შეშით უზრუნველყოფის საკითხები. მთავრობამ პრობლემა რომ ვერ გადაჭრა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, გადაწყვიტა, რომ მოსახლეობას შეშის დამზადებაზე ჩადენილი პატარა დარღვევები აპატიოს.
 
ოპოზიციური პარტიები რეგიონების მოსახლოებისთვის შეშის დარიგებას ითხოვს. როგორც ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ განაცხადა, ნაადრევად დაწყებულმა ყინვებმა ქვეყნის მოსახლეობა, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრები ხალხი, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, ვინაიდან მათ უმეტესობას შეშის შეძენის საშუალება არ აქვთ.  

ძაგანიას განცხადებით, პარტია მოითხოვს შეშის დარიგება სარეზერვო ფონდებიდან დაფინანსდეს, რომლებსაც ხელისუფლება საკუთარი პიარ-კამპანიის წარმოებისა და კონცერტების ჩატარებისთვის ხარჯავს. 

ამასთან ლეიბორისტები ხელისუფლებას მათ მიერ შემუშავებული ხე-ტყის გამოყენების კონცეფციის განხილვისკენ მოუწოდებენ, რომელიც მოსახლეობისთვის საშეშე მასალის ხელმისაწვდომობასა და ტყეების მასიურად გაყიდვის აკრძალვას გულისხმობს.

უამინდობა განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოშია საგრძნობი, მათ შორის, კახეთში. ამ რეგიონში კი მოსახლეობის შეშით მომარაგების პროგრამა საერთოდ ჩავარდა. ასე რომ, ამ პროექტის იმედად მყოფი მოსახლეობა ფრიად შეჭირვებულ მდგომარეობაშია. 

როგორც პარტია “თავისუფალი საქართველოს” კახეთის ორგანიზაცია იტყობინება, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2011 წლის იანვარში გაფორმდა ხელშეკრულება მოქალაქე ნუნუ კუკუნაშვილსა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნუგზარ ხუცაიძის მიერ, რომელიც ითვალისწინებს გაჭირვებული მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფას.

საკრებულომ ამ სამუშაოს შესასრულებლად გამოყო 37 000 ლარი (600 კბ_მ სათბობი შეშა). აღნიშნული სამუშაო სრულყოფილად არ შესრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულომ ეს ოჯახები გაჭირვებულად ჩათვალა და შესაბამის სიაშიც შეიყვანა, რამდენიმე ათეულ ოჯახს სათბობი შეშა დღემდე არ მიუღია. 

პარტიამ მუნიციპალიტეტის გამგეობას კითხვით მიმართა, თუ რატომ არ სრულდება აღნიშნული სამუშაო სრულყოფილად, თუმცა დამაჯერებელი პასუხი ვერ მიიღო. გამგეობა სამუშაოს შეუსრულებლობის ერთადერთ მიზეზად ხშირ უამინდობას ასახელებს.  

“თავისუფალი საქართველოს” აზრით, ეს აბსურდული ალიბია, რადგან ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის განმავლობაში ყოველდღიური უამინდობა გამორიცხული იყო. “ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა თელავის მუნიციპალიტეტში მხოლოდ გამგეობის თანამშრომლებს პრემიის სახით 2011 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული აქვთ 137 000 ლარი, - ამბობს “თავისუფალი საქართველოს” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი. მისი თქმით, სამწუხაროა ასეთი მიდგომა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ, როდესაც არ ავიწყდება არცერთი საკუთარი თანამშრომლისთვის პრემიის გაცემა და იმავდროულად ივიწყებს იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც საარსებო მინიმუმიც კი არ გააჩნიათ.

ერთი სიტყვით, ხელისუფლებამ სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, გადაწყვიტა მოსახლეობა შეშასთან თავად მიუშვას და პატარ-პატარ დარღვევებზე თვალსაც დახუჭავს. მაგალითად, ფიზიკურ პირს სათბობი შეშის უნებართვოდ მოპოვებისთვის პირველ ჯერზე მხოლოდ გააფრთხილებენ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის.  

ამჟამინდელი რედაქციით, არსებობს ზოგადი ჩანაწერი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისთვის, რაც 500 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კანონპროექტით კი შემოდის ახალი ნორმა, რომლის მიხედვით დადგინდება, რომ თუ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ფიზიკური პირი დოკუმენტების გარეშე, სათბობ შეშას პირადი სარგებლობისთვის დაამზადებს, მას პირველ ჯერზე გააფრთხილებენ, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ. იმ შემთხვევაში კი თუ ფიზიკურმა პირმა სათბობი შეშა პირადი სარგებლობისთვის უნებართვოდ უკვე მეორედ მოიპოვა, მას ჩვეულებრივ, 500 ლარით დააჯარიმებენ.