მესტიაში ამჟამად 18 გრადუსი ყინვა და დაახლოებით 30 სანტიმეტრი სიმაღლის თოვლია. მესტიაში დაცული ეროვნული საგანძური ისევ კონტეინერებშია ჩაკეტილი. საბედნიეროდ, უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ ამ ზამთარში საგანძურის კონტეინერებში დატოვება შესაძლებელია. ახლა დავა და კამათი იმაზე მიდის, რომელ ნაგებობაში გადავა ჩვენი სიწმინდეები.
კულტურის მინისტრი ნიკა რურუა საგანძურის თემას რომიდან გამოეხმაურა. “ობიექტივმა“ მისი განცხადება პირველი არხის 20-საათიან მოამბეში მოისმინა. რურუა ამბობს, რომ საზოგადოების ვნებათაღელვა საფუძველს მოკლებულია (http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=15-11-2011%2020:12 ):
“ეს ნივთები, რომლებიც დროებით კონტეინერებშია მოთავსებული, უცხოეთიდან, ხაზს ვუსვამ, უცხოეთიდან სპეციალურად ჩამოტანილ კონტეინერებშია შენახული; ექსპონატები, დროებით განთავსდა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. ახლა რადგან გაირკვა, რომ ახალი შენობა კეთდება, ეს დროებით განლაგებული კონტეინერები გადავა სხვა შენობაში, სანამ მუზეუმი დამთავრდება. ყველანაირი ვნებათაღელვა იმაზე, რომ ვითომ შეიძლება სვანეთის საგანძური დაზიანდეს, არის უბრალოდ, ტყუილი“.
კულტურის მინისტრს თავისი თვალით არ უნახავს ის მასალა, რისგანაც ე.წ. კონტეინერებია შეკრული. ადვილად შესაძლებელია, რომ მას ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს. შეგახსენებთ, რომ “ობიექტივმა“ ოქტომბრის დასაწყისში, მესტიიდან ჩამოიტანა ის მასალა, რისგანაც “ უცხოეთიდან სპეციალურად ჩამოტანილი კონტეინერებია“ შეკრული. ეს არის ლითონის თხელ ფირფიტებს შორის მოქცეული ე.წ. ზღვის ქაფი, რომელსაც ჩინურად აწერია: “გვანდუნის პროვინცია, ჭუნგშანის ქარხანა“. სვანეთში ყოფნისას, იქაური მუზეუმის კონსერვატორმა გვითხრა, რომ კონტეინერები იტალიიდანაა გამოწერილი. ახლა ნიკა რურუა ხაზგასმით ამბობს, რომ კონტეინერები უცხოეთიდანაა ჩამოტანილი, თუმცა, ქვეყანას არ ასახელებს.
კულტურის მინისტრის რომში გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, რომ მისთვის ახლა გაირკვა ახალი მუზუემის აშენების საკითხი, მაშინ, როცა მუზეუმის შენობას სახურავი მაისში გადახადეს და ივნისის ბოლოდან დაიწყეს მისი ნგრევა, რასაც მასშტაბურ რეკონსტრუქციას უწოდებენ.
ახლა რაც შეეხება მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების ბოლო ნაწილს - “ყველანაირი ვნებათაღელვა იმაზე, რომ ვითომ შეიძლება სვანეთის საგანძური დაზიანდეს, არის უბრალოდ, ტყუილი“ - როგორც ჩანს კულტურის მინისტრს ამ შემთხვევაშიც არასწორად აქვს ინფორმაცია მიწოდებული, ან რეალური სიტუაცია იცის, მაგრამ თავს იტყუებს. ჩვენი აზრით, მისი განცხადებიდან გამომდინარე სხვაგვარი დასკვნის გაკეთება რთულია.
კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გუშინ ვნახეთ 14 ნოემბრით დათარიღებული განცხადება, საგანძურთან დაკავშირებით, რომელსაც თან ახლავს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისიის შუალედური დასკვნა.
“სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის სრულ რეაბილიტაციასთან და მისი საგანძურის დროებით დაცვა-შენახვასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა რეალურ საფუძველს არის მოკლებული.
სრული პასუხისმგებლობით ვაცნობიერებთ მესტიის მუზეუმში დაცული მატერიალური კულტურის ძეგლთა მნიშვნელობას. სწორედ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყდა ისტორიული ექსპონატების, სამუზეუმო სტანდარტების სრული დაცვით, სპეციალურ კონტეინერებში მოთავსება.
ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო დღეისათვის მიმდინარეობს მესტიაში არსებული შესაბამისი კაპიტალური შენობის მომზადება.
შერჩეული შენობის მოწყობა უახლოეს დღეებში დასრულდება. ამ დროებითი საცავიდან ექსპონატები განახლებულ მუზეუმში სავარაუდოდ მომავალ 2010 წელს გადავა. იხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ს 2011 წლის 25 ოქტომბრის N112 მომართვის საფუძველზე შექმნილი კომისიის შუალედური დასკვნა“, - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში, რასაც თან ახლავს ზემოხსენებული კომისიის 7-გვერდიანი შუალედური დასკვნა, რომლის წაკითხვა ამ მისამართზეა შესაძლებელი: http://www.mcs.gov.ge/topicdetals-2.894.html .
პირველი არხის მიერ მომზადებულ ვრცელ სიუჟეტში წამყვანი ამბობს, რომ 5 სავარაუდო შენობა დასახელდა და არჩევანი ორ მათგანზე შეჩერდა - წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაზე და სამხატვრო სკოლაზე. ის, რომ კომისიის არჩევანი სამხატვრო სკოლაზე შეჩერდა, არის სიცრუე, რადგან კომისიის წევრების მესტიაში ყოფნისას ეს შენობა არც არავის უნახავს და არც შეურჩევია. სამხატვრო სკოლად წოდებული შენობა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით მუსიკალური სკოლის შენობაა, კულტურის მინისტრის მოადგილემ, დავით ქირიამ შეარჩია - ის 7 ნოემბერს მესტიაში ჩავიდა და გადაწყვიტა, რომ საგანძურის და სხვა ნივთების მოსათავსებლად მუსიკალური სკოლის შენობა (რომელზეც შუალედურ დასკვნაში წერია, რომ კაპიტალური შენობაა) არის საუკეთესო ვარიანტი.
“ობიექტივს“ აქვს რამდენიმე დღის წინ გადაღებული ამ “კაპიტალური“ შენობის ფოტოები, რომელიც სინამდვილეში ამორტიზირებულია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გუშინ, 15 ნოემბერს ახალი სავარაუდო შენობა გაჩნდა. ეს არის მესტიის მოქმედი საავადმყოფოს შენობა, რომლის ფოტოები სავარაუდოდ ხვალ მექნება.
იმ მკითხველს, ვისაც გაუჩნდება კითხვა - საიდან მაქვს ინფორმაცია ახალი სავარაუდო შენობის შესახებ, ვეტყვი, რომ გახლავართ იმ კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც პატრიარქის ინიციატივით შეიქმნა და რომელიც ეროვნული მუზეუმის კომისიასთან ერთად 1-3 ნოემბერს მესტიაში იმყოფებოდა.