ამ წუთებში გახდა ცნობილი, რომ კულტურის სამინისტრო საპატრიარქოს მესტიაში დაცული საქართველოს საგანძურის მოქმედი საავადმყოფოს შენობაში გადატანას სთავაზობს. ეს ინფორმაცია კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, თამარ ჩიხლაძესთან გადავამოწმეთ.
მან თქვა, რომ საგანძურის საავადმყოფოში გადატანის შესახებ არაფერი იცის. თამარ ჩიხლაძის თქმით, დღეს, 15 ნოემბერს კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, სვანეთში დაცულ საგანძურთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას რომში გააკეთებს, რომელიც ტელევიზიებით გავრცელდება - “დაველოდოთ რას იტყვი ბატონი ნიკა“.
გუშინ, კულტურის მინისტრის მოადგილეს, მაკო ჭოღოშვილს სვანეთში დაცული საგანძურის გადასარჩენად შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ შორის იყვნენ: შოთა გლურჯიძე, ელენე კავლელაშვილი, სოსო მანჯავიძე, მანანა კვაჭაძე, მაია ბარნაველი, მირონ ფირცხელანი, თამარ იმნაძე, არჩილ ლეკიშვილი და მე, ნინო მიქიაშვილი.
ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ კულტურის სამინისტრო გეგმავდა საგანძურის და სხვა ნივთების გადატანას მესტიის მუსიკალური სკოლის ამორტიზირებულ შენობაში. ჩვენ ვნახეთ ამ შენობის ფოტოები, რომელზეც კარგად ჩანს, რომ შენობა, რომელიც პირდაპირ ტრასაზე, აეროპორტის გზაზეა, ამორტიზირებულია.
გუშინდელი შეხვედრის შედეგი იყო მინისტრის მოადგილის დაპირება - “დღეს საღამოს მინისტრი პატრიარქს დაუკავშირდება“. შევთანხმდით, რომ სატელეფონო საუბრის შედეგს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელისგან შევიტყობდით.
“თქვენი წასვლის შემდეგ ქალბატონი მაკო მინისტრს ესაუბრა. მინისტრმა რომში თავისთან დაიბარა ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე. დღეს მინისტრი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს“, - გვითხრა კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.
სანამ ნიკა რურუა რომიდან განცხადებას გააკეთებს, მანამდე გთხოვთ, ნახოთ სახელდახელოდ შეკრული ვიდეოკადრები, რომელიც მესტიაში ყოფნისას, 2 ნოემბერს გადავიღე. ამ ვიდეოკადრებში ისმის ხმაური, რომელიც ახლავს მესტიის მუზეუმის შენობის დემონტაჟს.
ლითონის თხელი ფირფიტებისგან შეკრული ე.წ. კონტეინერები თეთრი ფერისაა და ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ ე.წ. კონტეინერები მშენებლობის პოლიგონზეა, რომლის გარშემო ნაგავია დაყრილი. საგანძურიდან 20-30 მეტრში ორი ტუალეტია - ერთი ხის და მეორე ბლოკის. კონტეინერების უკანა მხარეს კანალიზაციის მილია გამსკდარი.
ამავე ვიდეოკადრებში ნახავთ რა ხდება ე.წ. კონტეინერების შიგნით, როგორ არის ქაღალდში გახვეული სიწმინდეები და როგორ ყრია ე\ტნოგრაფიული მასალა.
სანამ ვიდეომასალას ნახავთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობას სახურავი ისე გადახადეს, რომ ეროვნული საგანძური და სხვა ნივთები შენობაში იყო. “სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიიდან რეკავდნენ და გვაჩქარებდნენ, დროზე გაიტანეთ ყველაფერი, თორემ ჩამოვალთ და თავად გავიტანთო“, - ამბობს მესტიის მუზუემსი ხელმძღვანელი, რუსუდან ქოჩქიანი.
სიწმინდეები და სხვა ნივთები 28 ივნისს გადაიტანეს სახელდახელოდ შეკრულ ე.წ. კონტეინერებში და დღემდე იქ არის. მუზეუმის შენობა თითქმის დანგრეულია. იმავე ადგილას აპირებენ ახალი მუზეუმის შენობის აგებას და აცხადებენ რომ სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება.
1-3 ნოემბერს მესტიაში იმყოფებოდნენ პატრიარქის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის წევრები და ასევე, ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის მიერ შექმნილი კომისიის წარმომადგენლები. ორივე კომისია სიტყვიერად შეთანხმდა იმაზე, რომ საგანძურის გადატანისთვის ყველაზე საუკეთესო ადგილი იყო მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, რომელსაც ეკლესია თმობს საცავად, ახალი მუზეუმი აშენებამდე. წმინდა ნიკოლოზის ტაძარი შეირჩა იმიტომ რომ მესტიაში სხვა შესაფერისი შენობა არ არის.
საპატრიარქო ხელისუფლებას სთავაზობს, რომ დაიდოს ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ახალი მუზეუმის აშენებამდე საქართველოს ეკლესია მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს თმობს საცავად, სადაც რასაკვირველია, წირვა-ლოცვა არ იქნება.
სიწმინდეების წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში გადატანის შესახებ 13 ნოემბერს პატრიარქმა ქადაგებაშიც ისაუბრა. პატრიარქის სიტყვებს, ეროვნულ საგანძურთან დაკავშირებით, უცვლელად გთავაზობთ:
“ძალიან არასასურველი მდგომარეობაა ზემო სვანეთში. ზემო სვანეთში, როგორც უვარგისი შენობა, დაანგრიეს ყოფილი მუზეუმი და ეს ძვირფასი ხატები და ნივთები, რომელსაც ინახავდა ქართველი ხალხი, ჩაკეტილია სპეციალურად გაკეთებულ სათავსოებში.
ეს იმდენად მოუხერხებელი და საშიშია, რომ შეიძლება ყინვამ, თოვლმა და თოვლჭყაპმა დააზიანოს ეს ხატები და ერთადერთი გამოსავალია, რომ ეს ხატები იყოს დალაგებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში იქნება იქამდე, სანამ აშენდება კარგი მუზეუმი, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველაფერი და საშიშ მდგომარეობაში არ იქნება.
ეს საკითხი თითქოს უკვე წყდებოდა, მაგრამ დღემდე არ არის გადაწყვეტილი და ჩამოდიან სვანები, თბილისში, აწუხებენ ჩვენს ხელისუფლებას, ჩემთან მოდიან და არასასიამოვნო, სულ უბრალო საკითხზე ასეთი არასასიამოვნო და მიუღებელი მსჯელობა და კამათია. ჩვენ ხომ შეგვიძლია გავუგოთ ერთმანეთს?! ჩვენ უნდა აუცილებლად გვესმოდეს ერთმანეთის“.
მაშ ასე, გთხოვთ უყუროთ მესტიაში 2 ნოემბერს გადაღებული ვრცელი ვიდეომასალიდან ამოჭრილ და სახელდახელოდ შეკრულ კადრებს: