„სოციალური სამსახურიდან მოვიდნენ, გვითხრეს, დახმარება თუ არ გაგიუქმეთ სააკაშვილი ჩვენ მოგვხსნისო“

„სოციალური სამსახურიდან მოვიდნენ, გვითხრეს, დახმარება თუ არ გაგიუქმეთ სააკაშვილი ჩვენ მოგვხსნისო“

კვირტიების ოჯახი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილის, ექიმთან სატარებლად, ოჯახმა 600 ლარად ნახევრადუვარგისი „ჟიგული“ შეიძინა, სწორედ ეს „ქონება“ გახდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ავადმყოფი გოგონას და მისი მშობლების ულუკმაპუროდ დატოვების მიზეზი.

მანანა ახალაია მინისტრ ანდრია ურუშაძეს და პრეზიდენტ სააკაშვილს საყვედურობს და დახმარების აღდგენას მოითხოვს. ქალბატონი მანანა არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს დაინტერესდნენ პრობლემით და მისი შვილი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინონ:

 – ჩვენ, ადრეც გაგვიუქმეს გაჭირვებულების პენსია, შემდეგ დიდი წვალებით, ისევ აღგვიდგინეს. ახლა კვლავ გაგვიუქმეს. ავტომანქანა მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში, სოციალური სამსახურის თანამშრომლები სპეციალურად გვდევნიან. მიზეზს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ თვითონაც ვერ ვხვდები რას გვერჩიან. ჩემი შვილი მოკლებულია ყოველგვარ დახმარებას, 29 წლის გოგოა და დაბადებიდან ივნალიდია – დაავადებულია ცერებრალური დამბლით, დამოუკიდებლად საკვების მიღებაც არ შეუძლია, საკუთარ განავალს ჭამს.

მუდმივ მომვლელსა და მეთვალყურეს საჭიროებს. დღე და ღამე შვილს ვუვლი, სამუშაოც რომ გამომიჩნდეს სოფოს უპატრონოდ ვერ დავტოვებ. ასეთი მძიმე ავადმყოფი მთელ რაიონში არ არის.

სოფო ვერ გადაადგილდება, ხშირად გონება ეკეტება და არაადამიანურად იქცევა, ამიტომ აუცილებელი გახდა გვეყიდა მანქანა, მისი რაიონულ ცენტრში ნერვოპათოლოგთან გადასაყვანად. დიდი ხნის განმავლობაში ვაგროვებდით ფულს და 600 ლარად ძველი “06” ვიყიდეთ. მოვიდნენ სოციალური სამსახურის თანამშრომლები და გამოგვიცხადეს, თქვენ ავტომანქანა გყავთ, შესაბამისად – მდიდრები ხართო და შიმშილით სიკვდილისთვის გაგვიმეტეს. დახმარებები შეგვიწყვიტეს.

წერილი გავუგზავნე ჩხოროწყუს სოციალური დახმარების სამსახურის უფროსს, სადაც აღვწერდი ჩემს ოჯახში არსებულ სიტუაციას, მაგრამ პასუხი არავინ გამცა. რეგიონალურ ოფისსაც შევატყობინე, არც მათ გაითავისეს პრობლემა.

თქვენ გვარად ახალაია ბრძანდებით, თუ მიმართეთ სამეგრელოსმამა-პატრონსროლანდ ახალაიას და მის შვილებს?

– მაგათგან არანაირი დახმარება არ მახსოვს. სიტყვებით გადმოცემაც აღარ შემიძლია იმდენად ვარ გამწარებული. მთელი სოფელი განიცდის ჩვენს ამბავს, ხალხი განცვიფრებულია მთავრობის გულცივობით.

ადგილობრივ ხელისუფლებას რომ მივაკითხე, მიპასუხეს ეს საკითხი ჩვენ არ გვეხებაო, ხან მპირდებოდნენ, ხანაც სხვა სტრუქტურებში მამისამართებდნენ. მე მაინტერესებს მთავრობის ჩინოვნიკები თუ იკადრებენ 600 ლარიან “ჟიგულში» ჩაჯდომას, როდესაც 50 000–დოლარიან ჯიპებით დაქრიან?!

მე თქვენი შეწუხებაც არ მინდოდა, მაგრამ იმდენად გამიჭირდა, სხვა გზა აღარ დამრჩა, თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მთელმა საქართველომ გაიგოს ჩვენი სიღატაკის შესახებ. ყურადღება მჭირდება!

როგორ ფიქრობთ, ამ სტატიის შემდეგ ხელისუფლება ყურს შეიბერტყავს?

- არ ვიცი შვილო, ნუთუ არ ვებრალებით?! როგორც გითხარით, ჩემი შვილი საკუთარ განავალს ჭამს და განა შეიძლება ასეთი ავადმყოფი შიმშილით მოკლან. ინვალიდ გოგოს, რომ ასე გაიმეტებ სინდისი საერთოდ არ უნდა ჰქონდეს მთავრობას. ჩემი ქმარიც უმუშევარია, თუ ფულს ვიშოვით წამლებში ვხარჯავთ.

ქალბატონო მანანა, ნუთუ მართლა შიმშილობთ, საერთოდ არავინ არ გეხმარებათ?

- დიახ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით. მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს და კეთილ ადამიანებს: თუ შეგიძლიათ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და დაგვეხმარეთ.

ეს მთავრობა იმდენად შორს დგას ადამიანობისგან, რომ გაჭირვებული ადამიანებისთვის მცირე დახმარებაც ენანება. როდესაც სოციალური სამსახურიდან მოვიდნენ, გვითხრეს, დახმარება თუ არ გაგიუქმეთ, სააკაშვილი ჩვენ მოგვხსნისო. ქვეყანაში საჭიროა ცვლილებები, მჯერა, ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაეხმარება და უსამართლობას ბოლოს მოუღებს.