ნოემბრის დასაწყისში დაწყებულმა დიდთოვლობამ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების შეშფოთება გამოიწვია. მათ არა მარტო შინ დარჩენილ ოჯახის წევრებზე მოუწიათ ფორიაქი, არამედ იმ ახლობლებზეც, რომლებიც ამ პერიოდში დროებით ჩამოვიდნენ საქართველოში. მათი ერთი ნაწილი სტამბულის აეორპორტში მაშინ გავიცანი, როცა ევროპისკენ მიმავლ თვითმფრინავებს ველოდებოდით.
ზოგი გერმანიის ქალაქებისკენ მიემგზავრებოდა, ზოგი – იტალიის. მე ერთადერთი ვიყავი ჰოლანდიის რეისზე. ყველაზე მეტნი კი იტალიაში ემიგრირებული ქალბატონები აღმოჩნდნენ, რომელთა დიდი ნაწილი საბუთების გასაკეთებლად იმყოფებოდა საქართველოში და რიკოთის მონაკვეთზე გაჩენილმა საცობმა დიდი პრობლემები შეუქმნა.
როგორც საუბრიდან გახდა ცნობილი, რამდენიმე მათგანი ქუთაისში,ზესტაფონში და იმერეთის სხვა რაიონში იმყოფებოდა, რადგან იტალიაში 3-4 წლიანი მუშაობის შემდეგ “პერმესოს” საშუალება გაუჩნდათ, რაც ლეგალურად მუშაობის და ცხოვრების უფლებას უკავშირდება. ამისათვის კი სასწრაფოდ გამოამგზავრეს სამშობლოში გარკვეული საბუთების გასაკეთებლად.
ყველა მათგანს იტალიაში დაბრუნების ვადა ეწურებოდა და თვითმფრინავის ბილეთი უკვე აღებული ჰქონდათ. რომ შეუტყვიათ, რიკოთზე მოძრაობა გაჩერებულიაო, საგონებელში ჩავარდნილან და სხვადასხვა ტრანსპორტის ძებნა უცდიათ. ყველა თავის ნაცნობ მძღოლს უკავშირდებოდა თურმე და მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან ნათესავები აფრთხილებდნენ, არ წამოხვიდეთ, თორემ რიკოთზე ჩარჩებითო, მათ მაინც გაურისკავთ.
“კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა, რომ დამირეკეს, აზრი არა აქვს წამოსვლასო. ფეხით რომ გადმოვსულიყავი რიკოთზე, მაინც უნდა წამოვსულიყავი. რამდენიმე დღეში ვადა მიმთავრდება და უსაბუთოდ რომ დავრჩე, კიდეც გადავირევი!”– ცხარობდა ქალბატონი ნათელა, რომელიც რომიდან იტალიის სამხრეთით მატარებლით უნდა გამგზავრებულიყო.
“მეც მაგ დღეში ჩავვარდი და მაშინვე ტაქსის მძღოლებთან ვარეკინე ქმარს. რომელიც გაბედავს და წამიყვანს, ის გამოიძახეთქო. ჩემს შვილებთან ყოფნას არაფერი მერჩივნა, მაგრამ ძლივს მეღირსა მათი ნახვა ამ საბუთის გაკეთების იმედით და ეს რომ ვერ მოვასწრო, მერე როდის მოვახერხებ ლეგალურად ჩამოსვლას, ვინ იცის!” – დარდობდა ზესტაფონელი ქალბატონი.
“მერე რისთვის გაგვაჩერეს იმდენ ხანს გორთან, მაინც ვერ გევიგეთ. იქ დიდი თოვლი არც იყო. ტელევიზორში რომ გამოჭიმულიყვნენ და ეთქვათ, არიქა, გზები გავწმინდეთ და ხალხს ვუშველეთო, ამიზა გვაწვალეს მგონი!”– ქოთქოთებდა იმერულ დიალექტშენარჩუნებული ქალბატონი ნათელა.
აბა როგორ ჩამოაღწიეთ?– ვიკითხე ბოლოს.
– გვირაბი გახსნეს, გენაცვალე. რას აკეთებენ ამდენ ხანს და, ამ ზამთარში თუ შეიძლება გვირაბის დაკეტვა, მითხრან ერთი! არაფერი ამგენმა არ იციან...
“ცოტაც მეითმინეთ და მალე გვეშველება ყველას. იქედან ეგებ სირბილითაც კი გამევიქცეთ!”– იმშვიდებდა თავს და სხვებსაც ამშვიდებდა საჩხერელი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც აშკარად საიმედოდ ეჩვენა მისი კუთხის კაცის პოლიტიკაში მოსვლა.
გამიკვირდა, რომ სხვა ქალბატონებმა ეს აზრი მაინცდამაინც არ აიტაცეს. თითქოს ვერც კი ხვდებოდნენ, მარი ასე იმედიანად რატომ საუბრობდა.
“მეტი არაა ჩემი მტერი, საქართველოში მალე არ გამოსწორდეს სიტუაცია. თვარა, ჩვენც მაგი არ გვინდა?”– ჩაილაპარაკა ბოლოს ქუთაისელმა.
როგორც შევნიშნე, საინფორმაციო საშუალებების მაინცდამაინც აქტიური მაყურებლები არ ჩანდნენ. რადგან ზესტაფონელმა, ჩემდა გასაკვირად, ივანიშვილის გვარი ვერ გაიხსენა. “ის კაცი რომ გამოჩნდა ახლა, ადრე რომ არავინი იცნობდა, იმისთვის წოურთმევიათ მოქალაქეობა და ჩვენ გაგვახარებენ მაგენი?”– დასძინა 50 წელს გადაცილებულმა ქალბატონმა.
“ჰოდა, ის კაცი რომ გამოასწორებს სიტუაციას, მეც მაგის იმედი მაქვს და მერე გვეშველება ჩვენც. თვარა, აბა ახლა რომ ამდენი ხალხი მარტო აგერ ერთ აეროპორტში შევიკრიბეთ ერთ რეისზე და ზოგი სად ვბრუნდებით, ზოგი - სად, აგია, ჩვენი ხელისუფლება რომ იზახის, მეტი ბრუნდება უკან, ვიდრე ემიგრაციაში მიდისო? ნეტა ჩვენ რომელ კატეგორიაში მიგვათვალეს?”– იკითხა საჩხერელმა ახალგაზრდა ქალმა და თითქოს ჩემს მიერ არერთგზის დასმულ კითხვას შეეხმიანა.
ცოტა ხანში საუბარში კაცები ჩაერთვნენ. “ჩვენ ამდენი წელია “პერეგონშიკებად” დავდივართ გერმანიაში. განათლება კი მაქვს და უმაღლესის დიპლომიც, მარა მანქანების გაყიდვა რომ არ დამეწყო, ცოლ-შვილს რითი შევინახავდი? იძულებაა აგი, ამდენი ქართველი რომ მიეხვეტება სამშობლოდან, თორემ ალბათ, არც თქვენ და არც ამ გოგოს (ჩემზე მიუთითა) უნდა უცხო ქვეყნებში ვირივით შრომა და წლების მანძილზე ოჯახთან განშორება? მე რაცხა ორი კვირა ვარ გერმანიაში და მერე რამდენიმე დღე გზაში ვწვალობ და მაინც დიდი არაფერი შემოსავალი მაქვს” – უკმაყოფილოდ ჩაარაკრაკა სათქმელი შესუქებულმა, წითურმა ახალგაზრდა კაცმა. მე არ ვთქვი, რომ სამუშაოდ კი არა, ემიგრანტებთან შესახვედრად მივდიოდი. რაკი არ მიცნობდნენ, მინდოდა სათქმელი თამამად ეთქვათ.
“იძულებაა აბა რა, თორემ ორი დიპლომი მრჩება ოხრად. არც ჩვენ გვიხარია მოხუცების მოსავლელად ამხელა გზაზე გადახვეწა, ჩვენი მოხუცები და შვილები ბედის ანაბარად რომ გვყავს მიტოვებულები!” – ჩამოართვა სიტყვა 60 წელს მიტანებულმა ქალბატონმა, რომელიც ბელგიაში ბრუნდებოდა. “რამდენი წელია აქეთ ვარ და წელიწადში ერთხელ ვერ ვახერხებ ჩამოსვლას. 5 წელი არც მენახა ოჯახი. ამდენ წვალებად მაინც ღირდეს ის თანხა, რასაც ჩვენ გამოვიმუშავებთ. მაგრამ საქართველოში შიმშილით დავიხოცებოდით ჩვენც და ჩვენი ოჯახის წევრებიც. ესაა იძულება, თორემ ევროპის დასათვალიერებლად ჩვენ არცერთი არ დავდივართ”.
მე თავი ვალდებულად ჩავათვალე, რომ მეთქვა მათთვის, ვინ ვიყავი და რომ სწორედ წამოსვლის დღეს, ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, სახელდახელო საუბრისას, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ემიგრანტების შესახებაც ჩამოუგდო სიტყვა. უთხრა, რომ ისინი ხელმოწერებს აგროვებენ, საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად.
“ღმერთმა ქნას!.. ნეტაი კი გვეშველოს რამე... ეგებ მაგან მაინც შექმნას ჩვენი უკან დაბრუნების პირობები... რა ვიცი, რა ვიცი... ბევრი ისე დამკვირდრა, ალბათ არც დაბრუნდებიან, მაგრამ ვინც დროებით ვართ გადახვეწილები, იმათ მაინც გვეშველოს!” – გაისმა აქეთ-იქიდან.
ჰოლანდიაში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრისას კი აშკარად შევიგრძენი სახელისუფლებო მედიის გავლენა. ყველა შეკითხვა ისეთი პოზიციიდან იყო დასმული, რა ეჭვებსაც და უარყოფით განწყობასაც ეს საინფორმაციოები უქმნიან აქაურ ქართველებს. როცა მათ შეკითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებდნენ, მრავალმნიშვნელოვანად გაიქნევდნენ თავს და იტყოდნენ “არ ვიცი, ვნახოთ.”
ასე დაიწყო ჩემი წინასაშობაო მივლინება ევროპაში, ემიგრანტებთან შესახვედრად.