სულ რამდენიმე დღეში მთავრობამ პრეზიდენტის ინიციატივა მიწასთან ისე გაასწორა, რომ მისგან არაფერი აღარ დატოვა. საქმე ეხება 45-დან 60 წლამდე ასაკის პირთა დასაქმებისას მეწარმის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების იდეას. აღმოჩნდა, რომ კერძო კომპანიებმა ასეთი ადამიანები 2012 წლის პირველ 6 თვეში უნდა მოძებნოს და დაასაქმოს და შეღავათსაც მხოლოდ 1 წლის განმავლობაში მიიღებს. რა გასაკვირია, რომ ასეთი უმნიშვნელო შეღავათს კეძო ბიზნესი აღარც გამოედევნება.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, ეს ინიციატივა არ გულისხმობს, რომ საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით ბიზნესმენმა 45 წელს ქვევით მყოფი ადამიანები გაათავისუფლონ.
“კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო, 45-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანების დასაქმების წახალისებას ეხება. აქვე მკაფიოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, თითქოს, ვინმემ დღეს დასაქმებული ადამიანი გაათავისუფლოს და მის ხარჯზე სხვა ადამიანი მიიღოს. ცვლილება მხოლოდ ახალშექმნილ სამუშაო ადგილებს შეეხება”, - განცახადა ხუროშვილმა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის ჯაბა ებანოძის ინფორმაციით, პროექტის არსებული ვარიანტით, თუ 45-60 წლამდე პირის დასაქმება 1-ლი იანვრიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით მოხდება, მომდევნო 12 თვის განმავლობაში მისი საშემოსავლო გადასახადი დაკავებული არ იქნება.
“ყველა საწარმო შემოსავლების სამსახურს წლის ბოლოსთვის დასაქმებულთა სიას გაუგზავნის და, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურისთვის ცნობილი გახდება, ხომ არ გაუშვეს ვინმე სამსახურიდან ამ ასაკის პირის დასაქმებისთვის და ა.შ.”, -განაცხადა ჯაბა ებანოიძემ საინფორმაციო სააგენტო “პირველთან”საუბარისას.
ექსპერტები არც კი ეჭვობდნენ, რომ მთავრობა, ისევე როგორც ხშირად, ამჯერადაც პრეზიდენტის ინიციატივის ინტერპრეტაციას მოახდენდა და იმდენად დააკნინებდა, რომ მისგან აღარაფერს დატოვებდა. მით უფრო, რომ სააკაშვილის იდეა იმთავითვე დაუხვეწავი და ხარვეზებიანი ჩანდა. საქმე ისაა, რომ საშემოსავლო გადასახადისაგან დაქირავებულის გათავისუფლება კერძო კომპანიას ისედაც ვერაფერს არგებს, რადგან საშემოსავლო გადასახადს უშუალოდ დაქირავებული იხდის და არა დამქირავებელი.
ამიტომაც დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება მეწარმისთვის პირდაპირი შეღავათი არ არის. ამ ინიციატივის რეალიზება კარგი იქნება მხოლოდ დასაქმებულისთვის, ვინაიდან იგი კონტრაქტში გაწერილი ხელფასს საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის გარეშე სრულად აიღებს.
საერთოდაც თუკი მთავრობას მეწარმეების დახმარება სურს, ჯობდა საგადასახადო წნეხი შეემცირებინა და მათთვის დაპირებული “პარტნიორული თანამშრომლობა” რეალობად ექცია. თუმცა, პრეზიდენტი სხვა გზით წავიდა და “ბიზნესმენების დასახმარებლად” ცინცხალი ინიციატივა პირდაპირ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს კერძო სექტორს, რათა ამ ადამიანების დასაქმება მოხდეს.
“ჩვენ გვყავს ძალიან განათლებული, შრომისმოყვარეადამიანები, უბრალოდ, ამ ხალხს გარემოებებში არ გაუმართლა. თუ ბიზნესმენები ამ ადამიანებს სამუშაოდ აიყვანენ, ჩვენ მივცემთ სტიმულს, რომ ისინი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ და კიდევ მოვიფიქრებთ, როგორ შევუწყოთ ხელი პირდაპირ თუ ირიბად, ასეთი ხალხის კერძო სექტორში დასაქმებას”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამ შეთავაზებიდან არაფერი რომ არ გამოვიდოდა იმთავითვე ჩანდა, მაგრამ მთავრობა თუ ასე მალე მოუღებდა ბოლოს არავის ეგონა.
957
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85