კონცერტი ორკესტრისა და მაესტროსათვის

კონცერტი ორკესტრისა და მაესტროსათვის

თავისი არსებობის ხანმოკლე ისტორიაში ქართულმა პარტიამ სახელი დაიმკვიდრა და გაითქვა არა როგორც პოლიტიკურმა წარმონაქმნმა, არამედ როგორც მუშტიკრივის უბადლო ოსტატების საბადომ. არავითარი გეგმა, არავითარი სტრატეგია, უბრალოდ სლოგანი – ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და მთავარი აქცენტი – ოქრუაშვილი სააკაშვილის ბუაა, ამიტომ იგი იმ დროს უნდა გამოჩნდეს, როცა ეფექტი დიდი იქნება. ამიტომ იყო, რომ ოქრუაშვილი მისმა მთავარმა პიარშიკმა ეროსი კიწმარიშვილმა სულ რამდენჯერმე გამოაჩინა ეკრანზე. ოქრუაშვილი თავის ფუნქციას კარგად ასრულებდა პარიზიდან გულზე მჯიღს ირტყამდა, იმუქრებოდა, სააკაშვილი კი ადექვატურად პასუხობდა – ხსნიდა ახალ ქარხანას, სტადიონს ან შადრევანს და კომენტარში აუცილებლად ახსენებდა ყოფილ თანაგუნდელს.

მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბევრი საეჭვო გარემოება გამოიკვეთა. ოქრუაშვილის პარტიის ყოფნა-არყოფნის საკითხი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება. ივანიშვილმა ქართული პარტიის თავმჯდომარე თავისთან მიიწვია, მართალია მას ეს მეორედ აღარ გაუმეორებია, მაგრამ კითხვა “ქართული ოცნება” “ქართულ პარტიას” თავმჯდომარის გარეშე დატოვებს თუ არა, დღემდე ისე დგას დღის წესრიგში, თითქოს ქართულ პოლიტიკაში სხვა ყველაფერი რიგზე იყოს.

სოზარ სუბარი უკვე ერთი კვირაა რაც ჩამოვიდა ჟენევიდან, სადაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩევლის რანგში მრჩეველთა საბჭოს სხდომებს ესწრებოდა. ერთი კვირა ცოტა დრო არაა და სუბარს საჯაროდ (და არა ვთქვათ რომელიმე ერთ გამოცემასთან) უნდა დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება. ეს არ მომხდარა. საქმე ისაა, რომ სუბარი პარტიის წევრებსაც არ ეკონტაქტება.

“ქართული პარტია” ვერ ელევა თავმჯდომარეს, მაგრამ მთავარ დამფინანსებელს კოტე გოგელიას ადვილად იმეტებს. რატომ გაუშვეს თუ წავიდა გოგელია პარტიიდან, ამის შესახაბ სრულ და ამომწურავ ინფორმაციას presage.tv რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. ახლა, რაც შეეხება მთავარ პრობლემას, რომელიც პარტიიდან გოგელიას გაშვებას უკავშირდება და რაც ქართულ მედია-სივრცეზე, ასე თუ ისე, გავლენას მოახდენს.

კოტე გოგელია გარდა იმისა რომ ქართული პარტიის დამფინანსებელი იყო, იგი ასევე ფლობს ტელეკომპანია მაესტროს 25%-იან წილს. იმ დროს როცა ეს წილი გოგელიას ცოლმა მაკა ასათიანმა (ლევან გაჩეჩილაძის ნათესავმა) გადაიფორმა, არავინ ფარავდა რეალობას – გოგელიას ეს წინადადება ეროსი კიწმარიშვილმა შეთავაზა. კიწმარიშვილი თანაგუნდელს ენდო, 25% გოგელიას, მართვის კომპანია კი თავად მას - კიწმარიშვილს! პარტიული ნიშანი ტელეკომპანიას არ დატყობია, ერთი უბრალო მიზეზით – თავად პარტიაში არასდროს ყოფილა საქმე ისე აწყობილი, ტელეკომპანია გახსენებოდა ვინმეს. კიწმარიშვილისთვის მედია-სივრცე ბიზნესია, მას კარგად შეუძლია დემოკრატიულ ნიღაბში ისე შეფუთოს პროდუქცია, ეჭვიც კი არ დაბადოს. რუსთავი-2-ს კიწმარიშვილი მთლიანად აკონტროლებდა და სწორედ მის ხელში გახდა ეს ტელევიზია ძალიან პოპულარული. “მაესტროც” მიაღწევდა წარმატების გარკვეულ ზღვარს, რომ არა ის დაპირისპირება რასაც ადგილი ჰქონდა.

პირველი სკანდალი ეკა ბერიძის ქმარს უკავშირდება. როგორც ამბობენ, ტელეკომპანიის დირექტორს კომპანიისთვის დღემდე აქვს დასაბრუნებელი თანხა. მომდევნო სკანდალი წილების გადანაწილებას უკავშირდება, ივანიშვილის განცხადებას ტელეკომპანიის შესყიდვასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მფლობელის - ღლონტის ისეთი მძაფრი რეაქცია მოყვა თითქოს ღლონტი არ იყო, ორიოდ წლის წინ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში რომ აცხადებდა – თუ საინფორმაციო ბადეზე გავლენას არ მოახდენენ, მე დაფინანსებას ხელისუფლებისგანაც მივიღებო.

ფაქტია - ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ტელეკომპანიები ყოველგვარი დაბრკოლების და წინააღმდეგობის გარეშე გადასანსლა და მოინელა. მეცხრე არხი, რომელიც ივანიშვილის საკუთრება იყო და 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ რუსთავი-2-ის პროექტად გამოცხადდა. მეცხრე არხი ივანიშვილმა მაშინ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაუთმო კიწმარიშვილს. ისიც ფაქტია, რომ მიუხედავად არა ერთი მცდელობისა, რევოლუციამდე მეცხრე არხის საინფორმაციო ბადეზე ვერავინ მოახერხა გავლენის მოპოვება. ეს იყო ფაქტი, ანუ თქმა იმისა რომ ივანიშვილი გვიყიდის და სათავისოდ გამოგვიყებნებს, უბრალოდ თითიდან გამოწოვილი იყო და მეტი არაფერი. ახლა „მაესტროს“ საქმე უფრო რთულადაა ვიდრე ეს გარედან ჩანს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ 25% გოგელიასია, ეს - ოფიციალურად, რეალურად კი, ყველამ კარგად იცის რომ გოგელიასა და ოქრუაშვილს შორის არსებობს შეთანხმება რომლითაც ეს 25% რეალურად ოქრუაშვილისაა. კიწმარიშვილმა გოგელია უბრალოდ გამოიყენა, თავისთავად - ოქრუაშვილმაც. ამიტომაა რომ მიუხედავად არსებული განხეთქილებისა, „მაესტრო“ ვერც გაჩეჩილაძეებმა და ვერც გოგელიამ ვერ დაისაკუთრეს. არც ერთ მხარეს პრეტენზია არ გამოუხატავს ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის წინააღმდეგ. ერთადერთი, ვინც კიწმარიშვილის საწინააღმდეგოდ ილაპარაკა, ეკა ბერიძის ქმარი იყო. დღემდე არავინ არაფერს ამბობს, როგორ არ გაუშვა ბერიძე „მაესტროდან“კიწმარიშვილმა. სხვათა შორის ეს თემა „მაესტროზე“ განიხილებოდა, თუმცა, როგორც ამბობენ, სწორედ კიწმარიშვილი წავიდა წინააღმდეგი.

არსებული ინფორმაციით, გოგელიას „მაესტროს“ თემაზე ოქრუაშვილთანაც ჰქონდა საუბარი. საბოლოოდ გადაწყდა, რომ იმას, რაც არ ეკუთვნის, გოგელია ვერ მიიღებს. პრინციპში არც ის ითხოვს „მაესტროს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წილს. ახლა „მაესტროს“ საკითხი ასე დგას: რეალურად მას მართავს ეროსი კიწმარიშვილის მართვის კომპანია, რომლის ანგარიშზეც 25%-იანი წილი ირიცხება, ყოველ შემთხვევაში მანამ, ვიდრე ოქრუაშვილსა და კიწმარიშვილს შორის შავ კატას არ გაურბენია.

ახლა, როცა ივანიშვილს ძალიან უნდა ტელევიზიის შეძენა... ახლა, როცა საუბარია გაუცემელ ხელფასებზე და შტატების შემცირებაზე... ახლა, როცა საუბარია კულუარულ გარიგებებზე, არაა გამორიცხული, კიწმარიშვილის კოზირი – „მაესტრო“, ვაჭრობის საგანი გახდეს, თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად კომფორტულია ეროსი კიწმარიშვილთან თუნდაც - ვაჭრობა და თუნდაც - ბიზნეს-პარტნიორობა.

რატომ დათმო გოგელიამ ასე ადვილად ყველაფერი? რატომ არ აპროტესტებენ ამას გაჩეჩილაძეები და რატომ დუმს ყველა? ამ კითხვებზე პასუხი ძალიან მარტივია. Presage.tv-მ მოიპოვა რამდენიმე დოკუმენტია, რომელიც ბევრ დღემდე გაუცემელ კითხვას ცემს პასუხს, მასალას ამ თემაზე, როგორც დაგპირდით, უახლოეს მომავალში წაიკითხავთ.