გია ხუხაშვილი: უზნეობაა, ერთი ხელით ივანიშვილისგან სარგებელს იღებდე და მას რუსეთის აგენტს ეძახდე

გია ხუხაშვილი: უზნეობაა, ერთი ხელით ივანიშვილისგან სარგებელს იღებდე და მას რუსეთის აგენტს ეძახდე

იმ ადამიანების სიების გამომზიურებამ, რომლებიც ბიზნესმენისგან ქველმოქმედებას, საჭიროების მიუხედავად იღებდნენ, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთნი დიდსულოვნად შეხვდნენ ამ სიახლეს, მეორენი კი აღშფოთდნენ, როცა სიაში შეძლებულ ადამიანთა გვარები ამოიკითხეს და ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაზე ალაპარაკდნენ, რომლებისთვისაც ეს ფული ფუფუნების კი არა, გადარჩენის წყარო გახდებოდა. 

საუბარია ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც თავიანთი შესაძლებლობიდან გამომდინარე, თავადაც შეეძლოთ გაეხსნათ უმწეოთა დახმარების ფონდები, მაგრამ ქველმოქმედების გაწევა არ ისურვეს და პირიქით, ბიძინა ივანიშვილის დახმარებას დაეწაფნენ.   

მართალია, „ქართუ ჯგუფში“ ირწმუნებიან, რომ სიების გავრცელება მათი ხელით არ მომხდარა, მაგრამ გაჩნდა კატეგორიული შეფასებებიც: ხომ არ იყო ეს ბიზნესმენის მომხრეების შურისძიება ინტელიგენციის იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც მის ფულს უყოყმანოდ იღებდნენ და ამ დროს კი მოქალაქეობრივ პოზიციას არად დაგიდევდნენ.

„შუა უნდა გაიკრიფოსო“, პირველი ინტერვიუს დროს აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და, როგორც მოგვიანებით დააკონკრეტა, აქ იგულისხმა ორპირი ხალხი, „ნიღბიანები“, რომლებიც თამაშობენ ოპოზიციონერობას და ამ დროს კი მთავრობის მეხოტბენი არიან.

საინტერესოა, ხომ არ იყვნენ ეს „შუა გასაკრეფები“ ის ინტელიგენტები, რომლებიც წლების მანძილზე ხელისუფლების მაამებლობასა და ჭეშმარიტების დაცვას შორის არჩევანს პირველის სასარგებლოდ აკეთებდნენ და, არისტოტელეს პერიფრაზით რომ ვთქვათ, ავიწყდებოდათ გამოთქმა - ხელისუფლება (და არა პლატონი) ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება კიდევ უფრო დიდი მეგობარი. საიდან გამჟღავნდა ეს კონფიდენციალური სია? ფონდი „ქართუ“ ამის მიზეზად საბანკო ამონაწერის ეროვნული ბანკისთვის 2011 წლის 9 ნოემბერს გადაცემას ასახელებს, დაფინანსებულ პირთა სია კი ქართულ მედიაში უმალვე, 10 ნოემბერს გამოქვეყნდა.

„ლუსტრაცია“, „შინლდლერის სია“, „სამარცხვინო ბოძი“, - ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მომლოდინე შეძლებული ადამიანების მისამართით შეფასებები მრავალგვარია... უკვე გაირკვა, რომ არც ეს სიებია უნაკლო. კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი თურმე საერთოდ არ იღებდა დახმარებას ბიძინა ივანიშვილისგან, ამ დროს კი სიაში მისი გვარი იკითხებოდა. ინტელიგენციის ზოგიერთ წარმომადგენელზე კი 4500 ლარი იყო გაწერილი, მაშინ, როცა ისინი ამ სოლიდური თანხის ნაცვლად ამჟამად 1000 ლარს იღებენ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი Presage.tv-სთან საუბარში იმ ადამიანების ზნეობრიობაზე მიუთითებს, რომლებიც დახმარებას ყოველგვარი მოტივაციის გარეშე იღებდნენ. 

ჩვენმა საზოგადოებამ აქამდეც კარგად უწყოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცალკეულ  ადამიანებს ეხმარებოდა. აქედან გამომდინარე, ამ სიების გამოქვეყნებამ რატომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი?

- მეც ძალიან გამიკვირდა სიების გამოქვეყნება. პირველ რიგში, გავარკვიე, რომ ეს თავად ბიზნესმენის ინიციატივით არ მომხდარა. საკმაოდ გაურკვეველი მეთოდებით იქნა მოპოვებული ინფორმაცია და მე ვიტყოდი, - გარკვეული მიზნებით. ვიღაცამ ამის გამოყენება მის საწინააღმდეგოდ დააპირა. მიზანიც აბსოლუტურად გასაგები გახდა მას შემდეგ, რაც ამ თემაზე დებატებს ვუსმინეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი არის ქველმოქმედი, რომელიც არასდროს საუბრობდა თავის ქველმოქმედებაზე, პირიქით, სხვებს უკრძალავდა კიდეც  ამაზე საუბარს,  აკეთებდა სიკეთეს და თავისთვის წყნარად იყო, ახლა კი ვხედავ მცდელობას, რომ ზუსტად ამ მიმართულებით დასვან, პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და უცნაური კითხვები: ამას რატომ ეხმარებოდა? იმას რატომ უმართავდა ხელს? დიდი ბოდიშით რა, როდესაც ვიწყებთ ამის განხილვას, ეს ძალიან არასერიოზულია და ქართულ საზოგადოებაზე დადებითად არ მეტყველებს. თავისთავად, ძალიან ცუდია, რომ ეს ინფორმაცია გამომზიურდა. ხოლო, საზოგადოების მხრიდან იმაზე ლაპარაკი, კონკრეტულად ამა და ამ პიროვნებას ფული რატომ მისცა, ძალიან ულამაზოა. გული მწყდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულნი. მათ შორის, პატივსაცემი ადამიანებიც არიან. ჭორაობის დონეზე საუბარი და ასეთი ადამიანური დაწვრილმანება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ადამიანი აკეთებდა კეთილ საქმეს. ახლა თვითონ ვერ დაჯდებოდა და ვერ დაიწყებდა სიის შედგენას. არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებიც, მოთხოვნის შესაბამისად, ვიღაცებს ეხმარებოდნენ. ახლა, თუ ვინმეს მხრიდან, ანუ მიმღებების მხრიდან, რაღაც უსინდისოდ გაკეთდა, ეს მათი სინდისის საკითხია. იმავე ქრისტიანული მორალის თვალსაზრისით, თუ ადამიანი ჩემთან მოდის, არ უჭირს და მაინც მთხოვს ფულს, საშუალება თუ მაქვს, თანხას ვაძლევ. და, თუ ის მე მატყუებს, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი.  ვალდებული ვარ, თუ მაქვს საშუალება, დახმარების მთხოვნელს დავეხმარო.

დასახმარებელთა სიაში მოხვდნენ კიკაბიძე, ასანიძე, ანანიაშვილი...

 - იქ იყო ლაპარაკი კიკაბიძეზე, ასანიძეზე, ანანიაშვილზე და სხვა ადამიანებზე, რომლებსაც ნამდვილად არ ჰქონდათ იმის საჭიროება, ვიღაცისთვის ფული მოეთხოვათ. მაგრამ, თუ ისინი მიდიოდნენ და ამის უფლებას საკუთარ თავს აძლევდნენ, ეს არ გახლავთ ბიძინა ივანიშვილის პრობლემა. ეს არის ამ ადამიანების ზნეობრივი სახე და არა - ბიძინა ივანიშვილის.

ანუ, სიაში მოსახვედრი კონტინგენტის სოციალური ფონის გადამოწმება არ ხდებოდა, და აკმაყოფილებდნენ ყველას, ვინც სათხოვნელად მიდიოდა?

- რა არის, იცით? თუ ადამიანს არ უჭირდა და მაინც სთხოვდა ბიძინა ივანიშვილს თანხას, ეს მათი პრობლემაა. მე ვფიქრობ, ეს თემა უნდა დაიხუროს. თუ მაინცდამაინც ვსაუბრობთ ვინმეს შეცდომებზე, ან მორალზე, ისევ და ისევ ამ ადამიანებზე უნდა ვსაუბრობდეთ და არა ბიძინა ივანიშვილზე. ივანიშვილი ეხმარებოდა ყველას, ვინც მას მიმართავდა. ეს არის მთავარი. როდესაც ამ თემისთვის სხვა მიმართულების მიცემა ხდება, ეს არ არის ღირსეული საქციელი.

მაგრამ, საზოგადოების ნაწილში კითხვები რადგანაც გაჩნდა, ალბათ, საინტერესოა მათზე პასუხი.

- ჩვენ მორალს ვუკითხავთ ადამიანს, რომელიც ქველმოქმედებას ჩადიოდა?! თუ მორალი უნდა წავუკიხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ მისგან დაუმსახურებლად მიეღოთ რაღაც?

მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ერთგვარად ბრძოლის ხერხია ივანიშვილის წინააღმდეგ?

- ეს არის ბრძოლის ხერხი და ეს არის შავი პიარის კლასიკური ნიმუში, როდესაც ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ მის უანგარო ქველმოქმედებას. მაგრამ, არა მგონია, ქართული საზოგადოება ამდენად გაუნათლებელი იყოს, ყველაფერს თავისი სახელი არ დაარქვას. უბრალოდ, მწყინს, რომ ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო ადამიანები ამ იაფფასიან პოლემიკაში ჩაერთვნენ. უნდა დაფიქრდნენ ისინი, როდესაც ამას აკეთებენ და კრიტიკულად უყურებენ ივანიშვილს და არა დავუშვათ, კიკაბიძეს, რომელიც სარგებელს მისგან იღებდა და, როგორც გავიგე, დღემდე იღებს. რამდენადაც ვიცი, მას არ აქვს ამის საჭიროება.

თქვენ ახსენეთ ამ ადამიანების მორალური სახე. ამ სიაში ნაციონალებიც არიან, ცნობილი მილიონრებიც.

- ანანიაშვილი დახმარებას რომ ითხოვს, ძალიან სასაცილოა, რადგან მისი ქმარი ჯერ ბიზნესმენი იყო, ახლა საგარეო საქმეთა მინისტრია. თვითონაც მაინცდამაინც არ უჭირს. საზოგადოებამ ამ ადამიანებს უნდა დაარქვას რეალური სახელი და არა ბიძინა ივანიშვილზე ილაპარაკოს.

შეძლებული ადამიანების სიაში მოხვედრა მათთვის სამარცხვინო დაფად,  ერთგვარ შინდლერის სიადაც შეფასდა.

- მე ასე კატეგორიული არ ვიქნებოდი. რა არის, იცით? საზოგადოებამ უნდა მისცეს შეფასება, მაგრამ შინდლერის სია... ძალიან შორს ნუ წავალთ. ეს არის უბრალოდ, მორალური განკიცხვის საფუძველი. გახსოვთ ალბათ, ამ ორი თუ სამი წლის წინ იყო თემა ერთ-ერთი დეპუტატის შესახებ, რომელმაც  დახმარება მიიღო ჯანდაცვის სამინისტროდან თავისი მეუღლის საოპერაციოდ.  არ დავასახელებ გვარს, მიხვდებით, ვისზეცაა საუბარი. მაშინ ეს სალაპარაკო თემა გახდა. არადა, ეს არის ბიზნესმენი, ძალიან შეძლებული ადამიანი, ოთხი თუ ხუთი ათასი ევრო ითხოვა და ჯანდაცვის სამინისტროდან მიიღო დაფინანსება.

ეს არის მორალური განკიცხვის საფუძველი, მაგრამ ძალიანაც არ უნდა „შევდგეთ“ ამ ადამიანებს, რადგან, შესაძლოა, მათ რაღაც შეეშალათ, ვერ გაიაზრეს. მათაც უნდა მივცეთ შანსი, ხვალ თუ ზეგ გასწორდნენ, არ უნდა გავაბოროტოთ. ამიტომ არ ვარ განწყობილი, გამოვიდე და ასანიძე და კიკაბიძე,- ვიძახო. ამ ადამიანებს უნდა მივცეთ შანსი, დაფიქრდნენ თავიანთ საქციელზე. საერთოდაც, როგორ იქცევიან, დღეს რას აკეთებენ? რომ ერთი ხელით ივანიშვილისგან სარგებლის მიღება უნდათ და, მეორე მხრივ, რუსეთის აგენტს ეძახიან. ეს უკვე ისეთი უზნეობაა, რომლის იქითაც აღარაფერი აღარაა. 

ჩვენი საზოგადოების უმეტესობა ღარიბი სოციალური ფენიდანაა. ამ სიების გამომზიურების შემდეგ რა განწყობა დაეუფლებათ ივანიშვილის მიმართ? ბზარი ხომ არ გაუჩნდებათ? საზოგადოება ძალიან კარგად გაიგებს, როცა ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა დოდო ჭიჭინაძეს და სოციალურად დაუცველ სხვა მსახიობებს, მეცნიერებს, მაგრამ - შეძლებულ ადამიანებს?

- ახლა მცდელობა აქვთ, რომ ამ მხრივ რაღაც ჩრდილი მიაყენონ ბიძინა ივანიშვილს. მე ვფიქრობ, ამით არაფერი შეიცვლება. ვინც დაგეგმა ეს სიბინძურე, ახლა ესენი „გაილაღებენ“ ცოტა ხანს, მაგრამ, დამერწმუნეთ, ქართულ საზოგადოებას სიცოცხლისუნარიანობა ბევრად მეტი აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია. ამ ადამიანებს ქართველების შესახებ ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ, როდესაც ჰგონიათ, რომ ასეთი სიბინძურით ვიღაცას ზიანს მიაყენებენ. ჩვენ ყველაფერი კარგად ვიცით, როგორც არის რეალურად.

ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ახლა მაინც თუ მოხდება ამ სიების კორექტირება?

- კორექტირება მოხდება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ადამიანს აქვს პრინციპი და ის არ განსაზღრავს დახმარებას მისდამი ლოიალობის საფუძველზე. მოგიყვანთ ასეთ მაგალითს: მეცნიერებათა აკადემიამ ახლა ანგარიშები გადაიტანა სხვა ბანკში. იმის მიუხედავად, რომ, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს ადამიანურად ეს სწყენოდა, მაინც აგრძელებს ამ ხალხის დაფინანსებას. მას ჰქონდა სრული უფლება, გაბრაზებულიყო და მათთვის დახმარება შეეწყვიტა. მაგრამ ამას არ აკეთებს. ის არ უდგება ადამიანებს მისდამი ლოიალურობის პრინციპით. ზუსტად ეს მის სასარგებლოდ მეტყველებს. მეცნიერებმა მის მიმართ ძალიან ცინიკური დამოკიდებულება აჩვენეს, ძალიან ცუდი დამოკიდებულება, მაგრამ, ამის მიუხედავად, ამ ხალხთან მიმართებით, მისთვის მთავარია არა საკუთარი პოზიციები და საკუთარი ემოციები, არამედ მას აწუხებს ქართული მეცნიერების ბედი. ამიტომ  ამ პროექტზე უარს დღემდე არ ამბობს.

მართალია, თქვენ აცხადებთ, რომ ქართული საზოგადოება შეგნებულად აღიქვამს ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ ადამიანების დაფინანსებას, მაგრამ რეალურად, ღარიბი მოსახლეობა შეძლებს, გაგებით მიუდგეს ამ საკითხს?

- არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, ვიღაც ამ სიბინძურეზე წამოეგოს, მაგრამ, დამერწმუნეთ, ჩვენი მოსახლეობა კი არის ღარიბი, მაგრამ  ღირსება არ დაუკარგავს, არც ანალიზის უნარი.

შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ასეთ გაჭირვებულ კატეგორიასაც ეხმარებოდა და ჩვენ არ ვიცით?

- რა თქმა უნდა, შესაძლოა კი არა - ეხმარებოდა. ის ეხმარებოდა მთლიანად საქართველოს. ახლა, ყველას ინდივიდუალურად ვერ მიუდგებოდა. ერთ ადამიანს, რაც არ უნდა მდიდარი იყოს, არ შეუძლია, ყველას დაემხმაროს. რადგან იცის, რომ მისი რესურსებიც კი არ ეყოფა ამ ყველაფერს, დღეს მისი ამოცანაა სოციალური პრობლემების მოგვარება. ის ცდილობს, შეცვალოს მთლიანად პროცესი, დასაქმდნენ ადამიანები და თავისი შრომით თავად მოიპოვონ სარჩო და არა - მათხოვრულად ფულის დარიგებით. საქართველოს მოსახლეობას ურჩევნია თავისი შრომით მოიპოვებდეს ღირსეულ შემოსავალს, ვიდრე - მათხოვრულად ვიღაცასთან რიგში დგომით. ბიძინა ივანიშვილს ეს ესმის და ზუსტად ამ პროცესში ჩაერთო. ამისთვის იბრძვის.

საინტერესოა, ამ ადამიანებმა დახმარების სათხოვნელად თავად მიმართეს ბიზნესმენს, თუ საკუთარი კეთილი ნებით თავად შეარჩია?

- რა თქმა უნდა, ამ ადამიანებმა თავად მიმართეს თხოვნით. ეს სხვაგვარად არ ხდება. მას ჰქონდა პროგრამა კულტურის მოღვაწეებზე (სახელფასო დანამატები) და მეცნიერებზე. რაც შეეხება ნინო ანანიაშვილს, გიორგი ასანიძეს და სხვებს, რა თქმა უნდა, ეს მათი მიმართვის საფუძველზე მოხდებოდა. მათ რომ არ მიემართათ, ივანიშვილს ხომ ვერ დაესიზმრებოდა?! თანაც, დამერწმუნეთ, ამას პირადად არ აკეთებდა. წარმოიდგინეთ, ახლა, ამხელა მასშტაბის პიროვნება თავად დამჯდარიყო და კორექტირება შეეტანა, ვის დახმარებოდა?! მას ჰყავდა მეურვეთა საბჭო, რომელსაც ჰქონდა ფონდი და, რომელიც ამას განკარგავდა.

გამოდის, ენდობოდა ამ ფონდს?

- რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ყველა კონკრეტული საკითხი ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს.