„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150-დან 190 დეპუტატამდე გაზრდას აპროტესტებს და საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში ინიცირებულ პროექტს „პრეზიდენტ სააკაშვილის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებად“ აფასებს.
ირაკლი ალასანიამ დღეს, პარლამენტის წინ ხელისუფლებას, საპარლამენტო უმცირესობას და საზოგადეობას 2003 წლის რეფერენდუმის შედეგები შეახსენა, რომლის თანახმად, ხალხმა მხარი პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირების დაუჭირა.
„ქართველ ხალხს და საზოდაგადოებას პარლამენტში დამატებით 40 დეპუტატი ნამდვილად არ სჭირდება. ეს არის მხოლოდ, რასაც სააკაშვილი სამუშაო ადგილების გაზრდის მიმართულებით აკეთებს“, - განაცხადა ალასანიამ და აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დამატებით 40 დეპუტატი ქვეყნის ბიუჯეტს დამატებით ათიათასობით ლარი დაუჯდება“.
პარლამენტის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე ალასანიამ ისიც აღნიშნა, რომ „დეპუტატთა უმრავლესობას ფართო საზოგადოება საერთოდ არ იცნობს და არაერთ რაიონში მოსახლეობის უმრავლესობამ პარლამენტში საკუთარი მაჟორიტარის სახელიც არ იცის“.
ალასანია ხელისუფლებას მოუწოდებს, პარლამეტის წევრთა რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება რეფერენდუმზე იქნას გატანილი.