ლაშა თორდია -

ლაშა თორდია - "ყველას რუსეთის კლიშე დაედება, ვინც ივანიშვილის ქოლგის ქვეშ გაერთიანდება..."



"ახლა ბევრი კარგი რამ შემიძლია დავაანონსო - გადატვირთულობისა და ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრების პრობლემა პენიტენციალურ სისტემაში 2013 წლისთვის აღარ იარსებებს - ამას ახლავე ვაცხადებ და 2012-2013 წელს ივანიშვილი გამოჩნდება თუ ნებისმიერი სხვა, მას ნუ დავუკავშირებთ, რა! ახლა შენდება ქსანში დამატებითი შენობა, ტუბერკულოზის პრობლემის მოსახსნელად. გადატვირთულობის პრობლემას კი ლაითურის ციხე 2013 წელს მოხსნის - იგი 3000-კაციანი იქნება, ევროსტანდარტების სრული დაცვით აშენდება და დაახლოებით 200 მლნ ლარი დაჯდება. რა თქმა უნდა, განსაზღვრული პროექტები დროშიც გაიწელება, რადგან შეუძლებელია ერთ დღეში აშენდეს ციხე და გამოიყოს 200 მლნ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ეს არავის გამოჩენას არ უკავშირდება", - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია, გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ყველას რუსეთის კლიშე დაედება, ვინც ივანიშვილის ქოლგის ქვეშ გაერთიანდება!"

"ჯერ რუსული პასპორტის ჩაბარების პროცედურაც დასასრულებელია. მოქალაქეობის მინიჭება კი ერთ თვეში ნამდვილად არ ხდება, თუ არ ვცდები, ამას ექვსი თვე უნდა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული წვლილიც არაა პირდაპირ კავშირში. კაცი რუსეთში მოქმედი ბიზნესმენია და ზუსტად მაშინ, როცა პოლიტიკაში მოვიდა, მის ბანკ "როსიისკი კრედიტს" გაუქმებული ლიცენზია გაუგრძელეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი ამ ხალხს, ვითომ ქართველ მეცენატებს, ხალხის საყიდლად აგზავნის. სურთ აქ თავისი გუბერნატორი ჰყავდეთ. ასეთი იყო ბურჯანაძე, ნოღაიდელი. კიდევ არიან სხვებიც და აზრს ვერავინ შემაცვლევინებს - ივანიშვილის ბანკისთვის ლიცენზიის გაგრძელება პირდაპირი მინიშნებაა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ლაშა თორდია. 

"ჯერ არ ჩანს და ერთგვარი ფანდია, რომ თითქოს აქტივებს დათმობს რუსეთში. ეს წლობით გაწერილი პროცედურაა, მაგრამ დღეს ისევ ფაქტები მეტყველებს, რომ კაცი დამატებით დებს სახსრებს რუსულ ეკონომიკაში, ჩვენთან კი არანაირი ეკონომიკური საქმიანობა არ აქვს, არც ერთი თეთრი არ ჩაუდია საწარმოების გახსნაში, დასაქმებაში. დამატებითი არგუმენტია მისი ბურჯანაძესთან თანამშრომლობაც! მომავალი ჯერ წინაა, ვნახოთ, მივა თუ არა ბურჯანაძე ივანიშვილთან. ეს სწორედაც რომ ხაზგასმა იქნება ამ კაცის რუსული პოლიტიკისა, ისევე როგორც მისი განაცხადი ხოდორკოვსკისა და ნატო-სთან დაკავშირებით. ასეთი რამეები თვით ბურჯანაძე-ნოღაიდელსაც არ უთქვამთ. მსოფლიომ აღიარა, ხოდორკოვსკი პუტინის პირადი პატიმარიაო და მხოლოდ ივანიშვილი ამბობს, დასაჭერი იყოო. ეტყობა, ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს პუტინისგან აღებული, რადგან სიმართლის თქმასაც ვერ ბედავს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ამასთანავე, ძალაში რჩება ყველა ძველი მოთამაშეც - ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ებრალიძე, გულუა და ისინი, ალბათ, ახლო მომავალში გააქტიურდებიან, თუმცა რუსეთის ბოლო კოზირი მაინც ივანიშვილია და ამ გეგმის ნაწილი გახდებიან ისინიც, ვინც მის გარშემო მისივე ფულის გადასანაწილებლად შეიკრიბნენ. არ მინდა ყველას ეს კლიშე დავადო, მაგრამ დაედებათ - დიახ, ყველას რუსეთის კლიშე დაედება, ვინც ივანიშვილის ქოლგის ქვეშ გაერთიანდება! არც იმ აზრს ვიზიარებ, თითქოს ხალხში განწყობა მასობრივად შეიცვალა. საბოლოოდ ამ განწყობას არჩევნები განსაზღვრავს. ბოლო კვლევით ჩვენ 62%-იანი მხარდაჭერა გვაქვს - ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ კვლევა ნამდვილად არ მოგვიწყვია, მაგრამ კვლევები მომავალშიც იქნება", - დასძენს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. 

"ის კი ზუსტად ვიცი - მხოლოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ამბობენ, უმრავლესობით მოვალო. ანდა ისინი, ვინს ხალხს შეურაცხყოფას აყენებს, ფულით გიყიდითო. ეს არაა განცხადება, რომლის გამოც მოსახლეობა ხმას მოგცემს, თან ივანიშვილთან ისეთი პარტიები მივიდნენ, ვინც წინა დღეებში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, საერთოს ვერ პოულობდნენ, ერთ დღეს ერთიანდებოდნენ, მეორე დღეს იშლებოდნენ - ასეთ გაერთიანებაში დიდი პერსპექტივას ვერ ვხედავ. ვერ ვხვდები, უცებ ასე რამ დაამეგობრა საერთო ფასეულობების გარეშე. ამას ერთი კონკრეტული საფუძველი აქვს - ფული და სხვა არაფერი, მაგრამ ფულით საზოგადოებრივი არჩევანი არ კეთდება", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "არც პუტინის არჩევნებს ელოდებით, მერე ხელოვნური მეთოდებით ვადამდელი საპარლამენტო-საპრეზიდენტო არჩევნების ერთად დასანიშნად?" - პასუხობს:

"პუტინის არჩევნებს ელოდება ივანიშვილი. ჩათვალეთ, რომ ამაზეც ანონსს ვაკეთებ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებს - საქართველოში ვადამდელი არჩევნები არ იქნება. 25 ნოემბერს რაც შეეხება, ეს კრება არავის არანაირ საფრთხეს არ უქმნის. მთავარია, ივანიშვილის "ქართული ოცნება" 25-ში არ იქცეს "რუსულ ოცნებად".