„დარეჯან დეიდა მიშველეთ“, - ასე იწყებოდა წერილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მივიღე. ჩემთვის „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“ არასდროს ყოფილა, მაგრამ მოხდა ისე, რომ წერილი ბოლომდე ვერც წავიკითხე და არსებობაც ეგრევე დამავიწყდა, საკუთარი პრობლემის გამო. რამდენიმე დღის წინ დამირეკეს - „ალია-ჰოლდინგი“ ასეთი პრობლემებით არ ინტერესდებაო? სიცხიანი ვიყავი და ჯერ წერილი ვერ გავიხსენე, მერე შინაარსი ვიკითხე... მეორე დღესვე დავიბარე რედაქციაში... მოვიდა... ჩემს წინ 13 წლის ულამაზესი, თვალხატულა ბავშვი იჯდა... იგი ტიროდა და ტიროდა გულამოსკვნილი... თავის ბედს არ ტიროდა პატარა ქალი... მას სამი და-ძმა ყავს, სამივეს ტიროდა ერთად... 5 დეკემბერს ჩემი რესპოდენტი და მისი და-ძმა, ეს ოთხი ბავშვი, ქუჩაში აღმოჩნდება... სახლი, სადაც ახლა ბავშვები დროებით ცხოვრობენ, ნათესავისაა. ან გადასახადები გადაიხადეთ ან წადითო, უთქვამს ნათესავს. იმანაც რა ქნას? თავისი გაჭირვებია, ალბათ. 1500 ლარი კი ცოტა არაა, არც ადვილად მოსაგროვებელი.
„არ მინდა ეს ბავშვი ქუჩაში გავიდეს, არ მინდა ამ ბავშვმა თავისი სუფთა, პატარა ხელი მოწყალებისთვის გაწიოს“, - სტატუსად დავდე სოციალური ქსელში. ბევრმა გამოთქვა შეშფოთება, ბევრი აღშფოთდა. თუმცა ამ ბავშვებისთვის დახმარების სურვილი მხოლოდ მსახიობ ბესო ზანგურს და მის მეგობრებს გაუჩნდათ. საზღვარგარეთიდან კი მხოლოდ დევნილი, ძებნილი და თავადაც უსახსროდ დარჩენილი ჩეხეთის სათვისტომოს წარმომადგენელი გიორგი ალანიამ გამოთქვა დახმარების სურვილი. არადა, პატარა გვანცა მაისურაძის ოჯახს არც არაფერი უჭირდა, რომ არა მისი ძმის ავადმყოფობა - ოჯახს ორი სახლი ქონდა.
საქართველოში ხელფასია დაბალი თორემ, გადასახადები იცოცხლე, ჰოდა, ოპერაციას, წამლებს და მკურნალობას ერთი სახლი შეეწირა, მეორე სახლი ბანკმა გაყიდა. ცოტა ხანში კი ამ ბავშვების თავზე წისქვილის ქვამ დაიწყო ტრიალი.
გვანცა მაისურაძე: - საიდან დავიწყო არ ვიცი, არ ვიცი რა გითხრათ? რომელი გითხრათ, მიჭირს ლაპარაკი. 13 წლის ვარ... დედა პატიმარია, მამა ავადაა... ოთხი და-ძმა ვართ... ორი და და ერთი ძმა მყავს. ერთი ჩემზე პატარაა ორი ჩემზე დიდი.
სკოლაში დადიხარ?
- არა, ვერ დავდივარ, წიგნების ფული კი არა ხშირად პურის ფული არა გვაქვს და მშივრები ვართ. დედა თაღლითობაზე დააკავეს. დედას თავისი საქმე ქონდა, რომელიც გადააბარა ერთ კაცს. ამ კაცმა საქმე ვერ გააკეთა და დედაჩემს დააბრალა თავისი დანაშაული. იმ კაცს ქონია ვალი ვისაც დედაჩემმა საქმე გადააბარა და დედაჩემსაც მიაწერეს ეს ვალი, უპასუხისმგებლო ხარო და დააკავეს. ის კაციც დააკავეს და დედაჩემიც, 13 წელი მიუსაჯეს.
და დედის გათავისუფლება გინდა სთხოვო ხელისუფლებას?
- (ტირის) რას ვითხოვ? რას ვითხოვ და... მე მინდა, რომ ჩემი პატარა და ჩემი ტოლი... (ტირის) ჩემი ტოლი რომ იქნება... ჩემი ტოლი რომ იქნება, მინდა სახლი გვქონდეს და ქუჩაში არ ვიყოოოოთ.
სახლიც არა გაქვთ?
- სადაც ვართ სახლში იქიდან გამოგვყრიან 5-ში. ეს ახლობელის ბინა იყო, ჩვენი რომ გაყიდეს, ან ფული გადამიხადეთ და ისე იცხოვრეთ აქ, ან სახლიდან გამოდითო. მთელი ოჯახი ქუჩაში ვრჩებით.
მამაშენი სად მუშაობს?
- 15 წელია არ მუშაობს. დედა გვაცხოვრებდა ფაქტიურად... 13 წელი მიუსაჯეს, შარშან 7 სექტემბერს. რამდენიც არ უნდა მოვითხოვო დედას ვინ გამოუშვებს ქალბატონო... უკრაინაში იყო დედა, აქ ამ კაცმა რომ ვერ გადაიხადა ვალი და ჩამოვიდა. დაურეკეს, სახლში იყავი არ წახვიდე არსადო, საშიში ხარო, მოვიდნენ და დაიჭირეს... ახლა რომ გამოგვასახლებენ ქუჩაში ვრჩებით, ღია ცის ქვეშ.
არც შენი და სწავლობს არსად?
- ჩემი და ახერხებს სკოლაში სიარულს, წიგნებს თავის ამხანაგებს სთხოვს და ისე სწავლობს. მე მაგასაც ვერ ვახერხებ... ერთი წელია ერთი წიგნიც არ მჭერია ხელში. მუდმივადაც როგორ ვთხოვო წიგნი...
საჭმელს რას ჭამთ?
- რა ვიცი, ხან მეზობელს შემოაქვს.
გამოდის ნახევრად მშიერი ხარ?
- გამოდის, არა, ეგრეა ქალბატონო, ორი წელია წესიერად არ მიჭამია. ამას უკვე მივეჩვიე. სოუთბორდზე დავდივარ თემქაზე. ადრე შანსი მქონდა წავსულიყავი ამერიკაში, ვერ მოვახერხე, ამისთვის ბევრი ფული იყო საჭირო... რომ წავსულიყავი მთელი ცხოვრება ვითამაშებდი და ახლა თქვენს წინ არ ვიჯდებოდი.
ვინ გიხდის ვარჯიშის ფულს?
- უფასოა.
მგზავრობის ფული გაქვს?
- ავტობუსით დავდივარ. რაც ეს პლასტიკური შემოვიდა ჩემი ასაკის ბავშვებსაც სთხოვენ ბარათს. მე სკოლაში არ დავდივარ და საიდან მექნება ბარათი? იმ დღეს ავტობუსში ამოსული იყო კონტროლიორი... (ტირის) გინდა თუ არა 16 წლისა ხარო, გადამეკიდა. არა ვარ 16 წლის მეთქი, რა უნდოდა ჩემთან? დაჯარიმება უნდოდა ჩემი, ძლივს დავიხსენი თავი.
თვალცრემლიანი წავიდა გვანცა, „თქევნი იმედი მაქვს, ქალბატონოო“, - დამიბარა.
„ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია“, - არ ვიცი ეს სტრიქონი რამ გამახსენა. ბავშვი მარტო იყო მოსული და ტელეფონის ნომერი გამოვართვი, თავი დავიზღვიე მაინც, ვაითუ მისი მშობელი გაბრაზებულიყო.
გვანცას მამა მინდია მაისურაძე: - ჩემი შვილების დედას, ფატი კიპაროიძეს, პირველად სამი წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ მან თავის თანამშრომელს მისცა ხელფასის ცნობა. იმ ქალს ეს ცნობა არაფერში გამოუყენებია, მაგრამ მერე სახლი გაუჩხრიკეს, ეტყობა რაღაც დანაშაულის გამო და ეს ცნობა ნახეს. ეს დანაშაულად ჩაუთვალეს. ამის შემდეგ იჩივლა ვიღაც ქალმა დავზარალდი, ბინა მეკარგებაო.
ანუ ბინების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული?
- არა, არა. ჩემს მეგობარ ადვოკატს მიუყვანა კლიენტი, რომელსაც რაღაც პრობლემა ქონდა. ადვოკატმა თავის კლიენტს გამოართვა თანხა, მერე კიდევ დამატებით გამოართვა თურმე ფული. არ ვიცი დეტალები და ამ ქალმაც იჩივლა დავზარალდიო. დასამალი არაფერი აღარა გვაქვს ამის მეტი რა უნდა მოხდეს. რომ დააკავეს პირდაპირ უთხრეს ან აღიარეთ, ან იმ ინციდენტისთვის შენს ვაჟს დავაკავებთო.
რომელი ინციდენტისთვის?
- პოლიცია სახლში რომ მოვიდა ჩემი ბიჭი გადაეღობათ და წინააღმდეგობააო. ამასაც რა გზა ქონდა აღიარა, აბა ბავშვს ხომ არ დააჭერინებდა.
ბინა როგორ დაკარგეთ?
- ბანკიდან სესხი ქონდა გამოტანილი, გარკვეული პერიოდი იხდიდა თანხას. რაც პროცენტშია გადახდილი. ამ ფულით ბიზნესის დაწყებას აპირებდა, საქონელი უნდა ჩამოეტანა, მაგრამ გამოგზავნილი საქონელი ჩვენამდე ვერ მოვიდა, გზაში გაიტაცეს. ერთადერთი რასაც ვითხოვდით იყო ის, რომ ჩვენთვის არ დაეწერათ ეს საქონელი, არ მიგვიღია ეს ფაქტი იყო... რა გავაკეთოთ არ ვიცით რა. ვთქვათ უბედურებაა, არ ვთქვათ ესეც უბედურებაა. ის კი არადა, ახლა ვფიქრობ გვარი და სახელი რომ მიაწეროთ უარესი არ მოხდეს.
უკრაინაში იმალებოდა?
- არა, რა იმალებოდა იქ მუშაობდა და რომ გაიგო აქ რაც მოხდა ჩამოვიდა. დანაშაული არაფერი ქონდა და რას ან ვის დამალვოდა? საშინელ დღეში არიან ბავშვები.