ქართული მართლმსაჯულების პორნო-გრაფია

ქართული მართლმსაჯულების პორნო-გრაფია

პროლოგის ნაცვლად:

რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ სიტყვებისა და ენების შესახებ, გახლავთ ის, რომ სიტყვები წარმოადგენს მხოლოდ სიმბოლოებს და თავის თავში არ შეიცავენ აბსოლუტურ ან შეუცვლელ მნიშვნელობას...

 

ანუ, ამ შემთხვევაში,  სიტყვა “პორნოგრაფია” არ გულისხმობს რაიმე ეროტიკულ მოვლენას ან სხვა მსგავს რამეებთან დაკავშირებულ აქტს.

ქართული მართლმსაჯულების სიშიშვლეზე, ურცხვობასა და ამორალურ საქციელზე გვსურს თქვენი ყურადღების მიპყრობა.

 

შესავალი ანუ 3 ეპიზოდი

 

ეპიზოდი 1.

“ევროპის სასამართლომ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო – შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ადგილობრივი სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტი – ერთობლივად მოქმედებდენ იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის სანდრო გირგვლიანის  მკვლელობის შემზარავ საქმეში”

2011 წლის 26 აპრილი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზეენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ

 

ეპიზოდი 2.

“საქართველოში პატიმრობის ძალზე მაღალ მაჩვენებელს, მკაცრი სასჯელების პოლიტიკასა და მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობას ნამდვილად შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ბრალდებულზე და მან, უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი, ბრალი აღიაროს, რაც მართლმსაჯულების სამართლიანობის პრინციპის დარღვევას გამოიწვევს.”

სტრასბურგი. 2011 წლის 30 ივნისი. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი ტომას ჰამარბერგი.

 

ეპიზოდი 3.

“ქართული მართლმსაჯულების მიმართ მოქალაქეთა ნდობის დინამიკა ბოლო ხუთი წლის მანძილზე საგრძნობლად გაზრდილია. 2011 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 72 პროცენტი აცხადებს, რომ ენდობა სასამართლოს”

საქართველო. 2011 წლის 3 ნოემბერი. კოტე კუბლაშვილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. (პავლე კუბლაშვილის ძმა)

 

სასამართლო კვლევების 5 წლიანი პორნო-გრაფია

ბიძინა ივანიშვილის 230–ჟურნალისტიანი პრესკონფერენცია დასრულებული არ იყო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა თავის სასამართლოში მედიის წარმომადგენლები რომ მიიწვია. მართალია, 230 ჟურნალისტი არ ჰყავდა, მაგრამ მის მიერ შერჩეული მედიის წარმომადგენლებს ამცნო, რომ 2011 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევების თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 72 პროცენტი სასამართლოს აბსოლუტურ ნდობას უცხადებს! ნიუსი ასეთი სახელწოდებით სრულიად საქართველოს მედიამ გაავრცელა.

 

კუბლაშვილისვე განცხადებით,  სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი ბოლო 5 წლის განმავლობაში “ელვის სისწრაფით” იზრდება! ეს იცით რომელი 5 წელიწადია? ის 5 წელიწადი, რაც თავად კუბლაშვილი თავმჯდომარეობს სასამართლოს და შესაბამისად, “რეიტინგის ზრდაც”, რაღა თქმა უნდა, მის მოღვაწეობას უკავშირდება.

ამ “კვლევებზე” დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე რეიტინგული მოსამართლე ის გიორგი ჩემია გამოვა, რომელმაც საქართველოს სახელით სანდრო გირგვლიანს მეორე “სასიკვდილო განაჩენი” გამოუტანა.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამაჯერებელი ტონისა და სანდომიანი სახის მიუხედავად, კვლევის შედეგები საქართველოს მოსახლეობის 72 პროცენტმა ეჭვქვეშ დააყენა და მათ რიცხვში აღმოვჩნდი მეც.

 

უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “კვლევა განხორციელდა 8 საქალაქო და რაიონულ სასამართლოში. სულ გამოიკითხა 2765 მოქალაქე, რომელიც გამოკითხვის დროისთვის იმყოფებოდა სასამართლოში.”

ალბათ, გაინტერესებთ ვინ იყვნენ ეს მოქალაქეები. ესენი გახლდნენ სასამართლოში მისული ადვოკატები, მოსარჩელე-მოპასუხეები, მოწმეები, ბრალდებულები და აუდიტორიის წევრები. გამოკითხული რესპოდენტების თანაფარდობა კი ასე ნაწილდება: ყველაზე დიდი პროცენტი მოდის იმ ადამიანებზე, რომელთა საქმე ჯერ კიდევ განხილვაშია, შემდეგ მოდიან ისინი, რომლებმაც მოიგეს საქმე და ყველაზე მცირე პროცენტი მოდის მათზე, ვინც საქმე წააგო.

 

ბოლოს ჩატარებულ კვლევაზე არ დევს ეს პროცენტული მაჩვენებელი,  მაგრამ წინა კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 17,6% წარმოადგენდა მოგებულ მხარეს, ხოლო 7,4% – წაგებულ მხარეს. გამოკითხულთა 64%-მა ჯერ არ იცის სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ამავე კვლევების მიხედვით, ყველაზე ობიექტურ რესპოდენტებად სწორედ ეს 65%-ია მიჩნეული. ერთი წამით შევჩერდეთ აქ და წარმოვიდგინოთ შემდეგი სურათი:

 

დაგვიბარეს მოწმედ (ღმერთმა ყველას გვაშოროს) ვანო მერაბიშვილის შუშებიან, გამჭვირვალე შენობაში და წარმოდგენა არ გვაქვს, რას გვიპირებენ: დაგვაპატიმრებენ, გაგვიშვებენ, გვაწამებენ თუ გაგვაუპატიურებენ. არადა, ასეთი რამეები რომ ხდება იქ, ყველამ ვიცით.  ამ დროს, როცა განაჩენის მოლოდინში ვართ, მოდის ჩვენთან პატრულის გოგო სანდომიანი ღიმილით და გვიტარებს გამოკითხვას, –

 

უკაცრავად, იქნებ გვიპასუხოთ, ენდობით თქვენ ვანო მერაბიშვილს და შინაგან საქმეთა სამინისტროს?

– გულზე ხელი დაიდეთ ყველამ (ერთი-ორი გმირის გარდა) და თქვით, რა პასუხს გასცემთ? იტყვით არაო, როცა იცით, რომ ხვალ ისევ იქ უნდა მიხვიდეთ? და ისიც მშვენივრად იცით, რომ ყველაზე უკადრებელიც რომ გაკადრონ, ქართულ სასამართლოში სამართალს მაინც ვერ ჰპოვებთ. სტრასბურგის ვერდიქტამდე კი ან იქნებით ცოცხალი, ან - არა.

 

მაგრამ, თუ დაგვაპატიმრებენ და გვაწამებენ, იქედან გამოსულები, უკვე დასაკარგი რომ აღარაფერი დაგვრჩენია, კი ვიტყვით – არ ვენდობითო, მაგრამ მანამდე ვინ ოხერია ხმის ამომღები? თუ არადა, ყველას გვახსოვს, მთელი საქართველო ფეხზე დადგა ფოტორეპორტიორების საქმეზე, ისინი კი მაინც “ბოლომდე ენდნენ” სასამართლოს.

 

უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნანა ვასაძის განმარტებით, რესპოდენტებს თავი უფრო თავისუფლად რომ ეგრძნოთ, გამოკითხვა კონფიდენციალურად ჩატარდა, ანუ რესპოდენტებს ვინაობა არ დაუსახელებიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამოკითხვის ანკეტის სისწორეს ვერავისთან გადავამოწმებთ. იქნებ, ამ უსახელო რესპოდენტებს სულაც ერთი კაცის სახელი და ხელწერა აქვს?

თუ, ბატონ კოტეს ვენდოთ სიტყვაზე? რომელ ბატონ კოტეს? რომელმაც თომას ჰამარბერგს განუცხადა, რომ  “სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებელი იმით აიხსნება, რომ პროკურორები სასამართლოს კარგად დასაბუთებულ და კარგად მომზადებულ საქმეებს წარუდგენენ”.

 

საინტერესოა, ასეთს რას უსაბუთებენ კუბლაშვილს პროკურორები, 2010 წელს, სისხლის სამართლის 16 641 საქმეზე მხოლოდ 7 გამამართლებელი განაჩენი რომ გამოიტანა მისმა სასამართლომ? ან “კარგად მომზადებული” საქმეები რას ქვია? 16 641 საქმიდან 13 345 საპროცესო გარიგებას?

 

რომელ ბატონ კოტეს ვენდოთ, რომლის “სასამართლო და საქართველოს პრეზიდენტი – ერთობლივად მოქმედებდენ იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის სანდრო გირგვლიანის  მკვლელობის შემზარავ საქმეში?!”

 

და რომლის სასამართლოშიც, საქართველოს სახელით დღემდე გამოაქვს გადაწყვეტილებები მოსამართლე ჩემიას?! რომელიც კუბლაშვილმა გირგვლიანის საქმის “განხილვის” შემდეგ დააწინაურა და საქალაქოდან სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანა?

 

იწილო, ბიწილო, ახოს, მახოს კვლევის ჩამტარებლის კითხვები ვნახოთ...

დღემდე საიდუმლოდ რჩება, ვინ არის კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია. ინფორმაცია რესპოდენტების შესახებ კონფიდენციალურია. ვინ ვის ენდო და ვის რა ანდო, გაურკვეველია. ღია მხოლოდ ის 72%-ია, რომელიც, სავარაუდოდ, რომელიღაც დონორი ორგანიზაციის ანგარიშში ჩასაწერად გამზადდა. ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვაზე – ვის მიერ იქნა და რის საფუძველზე  კვლევა დაკვეთილი და რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა? რის საფუძველზე შეირჩა ეს ორგანიზაცია? – უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნანა ვასაძემ ასეთი პასუხი გაგვცა: კვლევა ჩატარდა უზენაესი სასამართლოს ინიციატივით. მსგავსი კვლევები ხშირად ტარდება სასამართლოს მიერ. მსგავს კვლევებს ატარებენ უცხოეთის სასამართლოებშიც და იგი გამიზნულია, სასამართლოში არსებული სიტუაციის ანალიზისთვის. ამ ტიპის კვლევების ჩატარების ერთ-ერთი რეკომენდატორიც სწორედ სასამართლოს პარტნიორი უცხოური ორგანიზაციები გახლდათ.”

 

რეკომენდატორი ერთია და კვლევის ჩამტარებელი – მეორე. დასმული კითხვისა და მიღებული პასუხის მიხედვით, გვაქვს თუ არა საფუძველი ვიფიქროთ, რომ სულაც უზენაესმა სასამართლომ ჩაატარა ეს კვლევა? იქნებ თავად შეარჩია სასურველი კითხვებიც, რესპოდენტებიც, ინტერვიუერებიც და ის ადამიანებიც, რომლებმაც ანკეტები შეავსეს?

 

რადგან სიტყვა კითხვებზე ჩამოვარდა, ახლავე მოგახსენებთ, რომელმა კითხვებმა განსაზღვრა სასამართლოსადმი 72%-ინი ნდობა. 1. რა სტატუსით მობრძანდით სასამართლოში? 2. საქმის კატეგორია? 3. რამდენ ხანს მოგიწიათ ლოდინი, ვიდრე ყურადღებას მოგაქცევდნენ? 4. მიიღეთ თუ არა თქვენთვის საჭირო ინფორმაცია? და ბოლო, მე-5 და ყველაზე უმნიშვნელო კითხვად შემოიტოვეს – ენდობით თუ არა სასამართლოს?

 

აი, ამ კითხვებით მიღებული შედეგით აძლევენ თავს იმის უფლებას, რომ 72%-იანი ნდობის სახელით ესაუბრონ ქართულ მედიას და მთელს საზოგადოებას! ან, რა იგულისხმება ბოლო კითხვაში – „მოსამსახურე პერსონალისადმი ნდობა“? ეს არის ტიპიური შიდა გამოკითხვა საკუთარი სერვისის შესახებ, რომელიც შემდგომ შიდა თათბირზე უნდა განიხილებოდეს სერვისის გაუმჯობესების მიზნით.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერვიუერების საკითხიც. უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებით, ეს მისია დაკისრებული ჰქონდა კონკურსის საფუძველზე შერჩეულ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთა დატრენინგება კვლევითი კომპანიიდან მოწვეული ექსპერტის მიერ მოხდა. ეს ის კვლევითი ინსტიტუტია, რომლის წარმოშობაც ვერ გავარკვიეთ. არადა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რათა მათგან გაგვეგო ამ “ფანტასტიკური” კვლევის მეთოდოლოგია...

 

რის კონკურსზე შეირჩნენ ეს სტუდენტები, როგორ მოქმედებდნენ და რატომ ანდეს ასეთი “რეიტინგული” კვლევის ჩატარება, ეს კიდევ სხვა თემაა. მაგრამ უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე დევს ინფორმაცია, რომ 2011 წლის თებერვლის სასამართლოს მომხმარებელთა გამოკითხვა სასამართლოს სტაჟიორების დახმარებით ჩატარდა. ჟურნალისტური ენით რომ ავხსნათ, ეს იგივეა რომელიმე მედიასაშუალების დირექტორმა თავის ჟურნალისტებს თავისსავე გაზეთზე, ჟურნალზე ან სააგენტოზე კვლევა რომ ჩაატარებინოს და მერე შედეგად დადოს, მთელი საქართველო ჩვენ გვკითხულობსო...

 

ნაწილობრივ + მთლიანად = მთლიანად (ფალსიფიკაციის ფორმულა)

მართლმსაჯულების ენაზე სიტყვა “ნაწილობრივ” ნიშნავს იგივეს, რასაც სიტყვა “მთლიანად”, უზენაესი სასამართლოს კვლევების თანახმად, ეს სიტყვები სინონიმებია და საერთო ჯამში, სახეზე გვაქვს ქართული ენის რეფორმირების მცდელობა.

 

სავარაუდო პასუხები სასამართლოს ბოლო კვლევის ბოლო კითხვაზე, – ენდობით თუ არა სასამართლოს, ასეთია: ა) ვენდობი; ბ) ნაწილობრივ ვენდობი; გ) არ ვენდობი; ე) მიჭირს პასუხის გაცემა.

 

ყველაზე საინტერესო გახლავთ მესამე სავარაუდო პასუხი, – “ნაწილობრივ ვენდობი”. ეს ისეთი ქოთანი აღმოჩნდა, ყველა მხრიდან რომ აქვს ყური და საიდანაც გინდა მოატრიალებ. გააჩნია, როდის და როგორ ჭირდება უზენაესი სასამართლოს კვლევებს.

 

რას გულისხმობს ტერმინინაწილობრივი ნდობადა იქნა თუ არა განმარტებული რესპოდენტთა მიერ თავად რას გულისხმობდნენ ამ ტერმინში ნაწილობრივ”?

ნანა ვასაძე: კითხვარი შედგენილი იქნა მსგავსი კვლევების ჩატარების გამოცდილების მქონე კვლევითი კომპანიების ექსპერტებთან. მათივე განმარტებით ეს არის ცვლადი, რომელსაც მსგავსი ტიპის გამოკითხვებში იყენებენ. მათივე განმარტებით სიტყვა “ნაწილობრივ ვენდობი” ნიშნავს, რომ ისინი სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ ენდობიან სასამართლოს“.

 

თუ სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ ენდობიან, ამ ნაწილებს ვინ ანაწილებს? ან, თუ ანაწილებენ, ნაწილობრივ ნდობას რატომ უმატებენ სრულ ნდობას, და არა –უნდობლობას?

 

შევეცდები, უფრო გასაგებად აგიხსნათ. უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულ კვლევების შესახებ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

 

“2010 წლის მაისში, სასამართლოს მომხმარებელთა მორიგი კვლევა განხორციელდა

სასამართლოს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის (DFK) და უზენაესი სასამართლოს ერთობლივი მონაწილეობით. გამოკითხული რესპოდენტების 53% სრულად ენდობა სასამართლოს, ხოლო 24% – ნაწილობრივ. ერთიანობაში 77% ენდობა სასამართლოს.”

 

ანუ, ამ შემთხვევაში ნაწილობრივი ნდობა მიამატეს მთლიანს და ჯამში მიიღეს 77%. 53%+24%=77%  საბოლოო შედეგადაც ეს პასუხი დაფიქსირდა. მაგრამ ამ ბოლო კვლევაში აღარ დაჭირდათ ასეთი დაჯამება და იცით რატომ? იმიტომ, რომ ისედაც მაღალი პროცენტი ჰქონდათ 2010 წელთან შედარებით.

 

წინა მეთოდისთვის რომ მიემართათ, ახლა ჩვენი შედეგი არა თუ 72 %, არამედ 72%+12% (ნაწილობრივი ნდობა) = 84% გვექნებოდა.

 

მედიის წარმომადგენლებს ხშირად გვსაყვედურობენ, შეფასებებისგან თავი შეიკავეთო, მაგრამ არავის უთქვამს, ფალსიფიკატორები და მანიპულატორები არ ამხილოთო.

 

კოტე კუბლაშვილი VS ტომას ჰამარბერგი

სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ქვეთავში,” რომელიც 2011 წლის 30 ივნისს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის, თომას ჰამარბერგის ანგარიშში გამოქვეყნდა, ვკითხულობთ: “სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო სასამართლო სისტემის მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოების მხრიდან მეტი კონტროლის უზრუნველსაყოფად, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელების მნიშვნელოვანი გარანტიაა.”

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უთხრა კომისარს, რომ საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი 60%–ით გაიზარდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ მეტია გასაკეთებელი საქართველოში სასამართლო სისტემისადმი ნდობის განსამტკიცებლადო.

 

მიუხედავდ იმისა, რომ თომას ჰამარბერგთან შეხვედრის დროს კოტე კუბლაშვილს მომხმარებელთა  არაერთი კვლევა ჰქონდა ჩატარებული შთამბეჭდავი პროცენტებით, კომისარს  არა მომხმარებელის, არამედ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები შეთავაზა, თანაც 2009 წლის, რომელიც ასე გამოიყურება:

 

2009 წელს ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის შედეგების მიხედვით:

1. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 55% ეთანხმება შემდეგ წინადადებაში გამოთქმულ მოსაზრებას: ,,საქართველოში სასამართლო მოსახლეობის ერთი

ნაწილის მიმართ სამართლიანია, ხოლო დანარჩენის მიმართ უსამართლო“.

2. მოსახლეობის მხოლოდ 12,1% მიიჩნევს, რომ ,,საქართველოში სასამართლო ყველას მიმართ თანაბრად სამართლიანია და არავის ანიჭებს უპირატესობას“.

3. მოსახლეობის მხოლოდ 27,8% მიიჩნევს, რომ საქართველოში სასამართლო პოლიტიკურად დამოუკიდებელია.

 

გაეროს მიერ დაფინანსებული 2009 წლის დეკემბრის კვლევის მიხედვით:

1. სასამართლო სისტემას ,,სრულიად დამოუკიდებლად“ მოსახლეობის მხოლოდ 6% მიიჩნევს.

2. მოსახლეობის 73% ფიქობს, რომ სასამართლო ხელისუფლებას ნაწილობრივ მთავრობა აკონტროლებს.

 

რატომ არ წარუდგინა კუბლაშვილმა ჰამარბერგს 2010 ან 2011 წელს ჩატარებული კვლევების შთამბეჭდავი შედეგები? პასუხი მარტივია – ჰამარბერგი არც კონკურსის საფუძველზე შერჩეული სტუდენტი-რესპოდენტია და არც კუბლაშვილის სტაჟიორი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ დაიწერა ის ანგარიში, სადაც ევროსაბჭოს კომისარმა განაცხადა: “პატიმრობის ძალზე მაღალ მაჩვენებელს, მკაცრი სასჯელების პოლიტიკასა და მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობას ნამდვილად შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ბრალდებულზე და მან, უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი, ბრალი აღიაროს, რაც მართლმსაჯულების სამართლიანობის პრინციპის დარღვევას გამოიწვევს...”

 

“მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობასოოო..”