ვალერი ხაბურძანია საპრეზიდენტო კანდიდატებად გიორგი მარგველაშვილსა და პაატა ბურჭულაძეს მოიაზრებს

ვალერი ხაბურძანია საპრეზიდენტო კანდიდატებად გიორგი მარგველაშვილსა და პაატა ბურჭულაძეს მოიაზრებს

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატებად განათლების მინისტრ, გიორგი მარგველაშვილსა და პაატა ბურჭულაძეს მოიაზრებს. ამის შესახებ ვალერი ხაბურძანიამ დღეს "პირველი რადიოს" პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძეს რაღაც პრობლემები შეექმნა საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების გამო.

"შიდა ინფორმაციებით ვიცი, რომ ამ ორ კანდიდატზე მიმდინარეობს მსჯელობა. ჩემი აზრით, პაატა ბურჭულაძის კანდიდატურა ყველაზე კარგია", – აცხადებს ხაბურძანია.

მისივე თქმით, იგი აპირებს ჩამოაყალიბოს პარტია, რომლის სახელწოდებაშიც აუცილებლად იქნება სიტყვა "თერგდალეულები". ხაბურძანია აცხადებს, რომ იგი აპირებს ითანამშრომლოს კახა კუკავასა და ნინო ბურჯანაძის პარტიასთან.

"მე არ ვითანამშრომლებ იმ პარტიებთან, რომლებსაც წმინდა პროდასავლური კურსი აქვს აღებული. ბურჯანაძესა და კუკავას ჯერ არ შევხვედრივარ, თუმცა ვაპირებ მათთან საუბარს და თანამშრომლობის შეთავაზებას", – აცხადებს ხაბურძანია.

მისივე თქმით, პარტია, რომელსაც იგი შექმნის, იქნება რუსეთზე ორიენტირებული და პრორუსული.

"NDI-ის კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში რუსეთისადმი დადებითად განწყობილია გამოკითხულთა 25%, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში რუსულ ორიენტაციას თავის მხარდამჭერები ჰყავს", – აცხადებს ხაბურძანია.