თეთრი სახლის მაღალჩინოსნის განცხადებით, დონალდ ტრამპის გააფთრებული რიტორიკა რუსეთის მიმართ „მოლაპარაკებების ტაქტიკაა“, რომელიც კრემლზე ზეწოლას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის მაღალჩონოსანმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის აშკარა პოზიციის შეცვლა უკრაინის მიერ საკუთარი ტერიტორიის სრულად დაბრუნების სასარგებლოდ არის ნიშანი დონალდ ტრამპის უკმაყოფილებისა ვლადიმირ პუტინის მიმართ.
მაგრამ ტრამპი არ მიანიშნებდა აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებაზე კიევის მიმართ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გატარებული დღის განმავლობაში, რომლის ფარგლებშიც ის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, განაცხადა ოფიციალურმა პირმა. მან, ისევე როგორც სხვებმა, ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში მიანიშნებდა, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას ტერიტორიის დათმობა მოუწევს, ამიტომ მისი განცხადება, რომლის მიხედვითაც კიევს „უკრაინის თავდაპირველი ფორმით დაბრუნება შეუძლია“ შესაბამისი მხარდაჭერით, ნიშანდობლივი გარღვევა იყო.
მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება და არა ბრძოლის ველზე - აშშ-ის არსებული პოლიტიკის გამეორება, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ტრამპის ახალი მიდგომა პრაქტიკულ მოქმედებებში არ გარდაიქმნებოდა.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, „იმ პრიზმიდან განიხილება, თუ როგორ შეიძლება გარიგების დადება“.
ტრამპი „პუტინით დიდი ხანია იმედგაცრუებულია. ის ძალიან ძლიერ გზავნილს აგზავნის. რუსეთი დიდი ქვეყანაა, მასშტაბური ეკონომიკით - მათ აქვთ ომის ეკონომიკა - და უკრაინამ მაინც შეძლო თავდაცვა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. ყველაფერი რასაც ის [ტრამპი] ამბობს არის, ნახეთ, თუ პუტინს მშვიდობა არ უნდა, ბრძოლა გაგრძელდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ნატოსთვის იარაღის მიყიდვას“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.