საქართველომ აზერბაიჯანს საბრძოლო თვითმფრინავების ერთობლივი წარმოება შესთავაზა.
როგორც აზერბაიჯანული სააგენტო "АПА" წყაროზე დაყრდნობით იუწყება, საქართველო თბილისის საავიაციო ქარხანაში "Su-25"-ის მოდერნიზებული ვერსიის წარმოებას გეგმავს.
მისივე ცნობით, "ოფიციალურმა თბილისმა აზერბაიჯანს პროექტის დაფინანსებისა და ერთობლივი წარმოების წინადადებით მიმართა. აზერბაიჯანულ სამხედრო წრეებში ამ წინადადებას დადებითად შეხვდნენ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს".
თუ პროექტი განხორციელდება, თვითმფრინავების გარკვეული ნაწილის წარმოება შესაძლოა, აზერბაიჯანის სამხედრო ქარხნებში მოხდეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანმა 2002-2003 წლებში საქართველოსგან თბილისის საავიაციო ქარხანაში ებრაული კომპანია "Elbit Systems"-ის პროგრამის ფარგლებში წარმოებული 13 Su-25 შეიძინა.