პარლამენტის შენობის მშენებლობის საკითხით შესაძლოა, საგამოძიებო ორგანო დაინტერესდეს

პარლამენტის შენობის მშენებლობის საკითხით შესაძლოა, საგამოძიებო ორგანო დაინტერესდეს

პარლამენტის ქუთაისში მდებარე შენობის მშენებლობის საკითხით შესაძლოა საგამოძიებო ორგანო დაინტერესდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ ინფრასტრუქტურული პროექტებთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი კომისიის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

მისივე განმარტებით, კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ პარლამენტის აღნიშნული შენობის მშენებლობის შესახებ საკმარისი დოკუმენტაციების მოგროვების შემდეგ, მთლიანი მასალები საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება.

"პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, რომ საპროექტო, ესპანურ კომპანიასთან კიდევ ერთხელ მოხდება დაკავშირება, რათა გამოთხოვილი იქნას საპროექტო დოკუმენტაცია. ასევე, იგივე დოკუმეტაციას ჩვენ გამოვითხოვთ ქუთაისის მერიისგან, რომელიც წარმოადგენდა პროდუქტის დამკვეთ ორგანიზაციას, საპროექტო დოკუმენტაცია დღემდე არაა წარმოდგენილი, შესაბამისად ამ დრომდე უცნობია, რის საფუძველზე იქნა განხორციელებული მშენებლობა. თუ ეს დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი, შემდგომი მსვლელობა ვერ მიეცემა ამ პროექტს, მით უმეტეს, რომ დევს ცალკეული მიმართულებების შეფასებებთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რამდენიმე უარყოფითი დასკვნა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე განმარტებით, პროექტის შემდგომ მსვლელობასთან დაკავშირებით მსჯელობა დაახლოებით ერთ თვეში განახლდება, როცა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

"დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, როცა ყველა დოკუმენტაციას მოვაგროვებთ, გაიმართება კომისიის შემდეგი სხდომა და მივიღებთ გადაწყვეტილებას პროექტის შემდგომ მსვლელობასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით ფაქტი არის ის, რომ სახელმწიფოს აქვს კომპანიებისთვის ასანაზღაურებელი თანხა დარჩენილი, თუმცა თუ საპროექტო დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი, ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება. ამასთან, ვიმსჯელეთ იმაზეც, რომ მას შემდეგ, რაც ყველა ინფორმაცია მოგროვდება, მთლიანი მასალები გადაეცემა საგამოძიებო ორგანოს. რასაკვირველია, შესაძლოა, ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობის საკითხით საგამოძიებო უწყება დაინტერესდეს", - განმარტა დავით ნარმანიამ.