პარლამენტარ ირინა იმერლიშვილის მეუღლის კომპანია "ფუდ ლაინ ჯორჯია" თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში დისკვალიფიცირებულია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია სატენდერო პროცედურებიდან დაზუსტებული დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამოა დისკვალიფიცირებული.
კომპანიის მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სატენდერო კომისიის მორიგ შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროში განიხილეს. მინისტრის მოადგილემ ზაზა ბროლაძემ, სატენდერო კომისიის წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფის ტენდერის შესახებ იმსჯელეს.
სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყებამ სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის, სასადილოებისა და კვების საწარმოების მომსახურების შესყიდვების ღია ელექტრონული ტენდერი 2013 წელის 18 თებერვალს გამოაცხადა და ამჟამად, სატენდერო დოკუმენტაციის განხილვის პროცესი მიმდინარეობს.
შეხვედრაზე სატენდერო კომისიის წევრებმა ტენდერში მონაწილე კომპანიების - შპს "ფუდ ლაინ ჯორჯიასა" და შპს "GMM" მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია განიხილეს. განხილვის შედეგად, ორივე კომპანია სატენდერო პროცედურებიდან დაზუსტებული დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო დისკვალიფიცირებულია.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სატენდერო კომისია შემდგომი ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტებს მიმართავს.
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის მეუღლის კომპანიის, "ფუდ ლაინ ჯორჯიას" თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში გამარჯვების შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ორი კვირის წინ გავრცელდა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, აღნიშნული ტენდერების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებასა და ნეპოტიზმს.