ქუთაისში პარლამენტის დატოვების მოხოვნით, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა, რომელიც სოციალურ ქსელში დაიგეგმა.
აქციის მონაწილეები პარლამენტის ქუთაისში დატოვებასა მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
"ხშირად გაიმართება ეს აქციები, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში და ქუთაისს მიეცეს განვითარების საშუალება", - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" საპარლამენტო კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, აქციის მსვლელობისას მონაწილეებსა და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ, კობა დავითაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტი მოჰყვა აქციის მონაწილეების მიმართ კობა დავითაშვილის რეპლიკას – "ვაი თქვენს პატრონს, თქვე ნაციონალებო". აქციის მონაწილეებმა დავითაშვილის რეპლიკა გააპროტესტეს და მას პრორუსული პოლიტიკოსი უწოდეს. ამის შემდეგ კობა დავითაშვილმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ მართლმსაჯულება აღსრულდება ყველას მიმართ და მითუმეტეს "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ.
"სამარცხვინო ხალხი ხართ, გრცხვენოდეთ. ეს აქცია არა უბრალო მოქალაქეების, არამედ, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის დაგეგმილი", - აღნიშნა დავითაშვილმა.
აქციის მონაწილეების ნაწილმა დაადასტურეს, რომ ისნი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. "მერე რა რომ ნაციონალი ვარ, უნდა გამრიყოთ", - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.