საგამოძიებო სამსახური სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამდებობის პირის საქმეს სწავლობს

საგამოძიებო სამსახური სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამდებობის პირის საქმეს სწავლობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით 10 პირი დააკავა.
როგორც საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონდარღვევით გამოყენების ფაქტები გამოავლინეს.

საქმე ეხება მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტებს, რომლებსაც სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს.

სააგენტომ ფონდიდან მიღებული დაფინანსებით გლეხებს დაურიგა სასოფლო-სამეურნეო ბარათები, რომლებითაც მათ საჭირო სასოფლო-სამეურნეო საქონელისა და ინვენტარის შეძენა პროექტში ჩართულ სავაჭრო ობიექტებში შეეძლოთ.

"მიუხედავად იმისა, რომ ვაუჩერებში მითითებული იყო, რომ დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიღება ფულადი თანხის სანაცვლოდ, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მისი კანონდარღვევით გამოყენების ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, პროგრამის მონაწილე მეწარმეები თავიანთ სავაჭრო ობიექტებში გლეხებისგან თანხის სანაცვლოდ იბარებდნენ ვაუჩერებს რეალურზე ნაკლებ ფასად, აყალბებდნენ მონაცემებს, რითაც ადასტურებდნენ, რომ თითქოს ფერმერმა ვაუჩერში მითითებული თანხის შესაბამისი საქონელი და ინვენტარი მიჰყიდეს. ამის შემდეგ ვაუჩერების ბანკში წარდგენით იღებდნენ ბარათში დაფიქსირებულ სრულ თანხას. ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად პროგრამის მონაწილე მეწარმეებმა თაღლითური გზით მიითვისეს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ნაწილი", - აღნიშნა ნათია სუხიაშვილმა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 4-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა საქმეს სწავლობს, ვისაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლი ევალებოდათ.