პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში მშობლებს პრობლემები შეექმნათ. პრობლემის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადდა, რომ ბავშვების რეგისტრაცია 09:00 საათზე დაიწყებოდა, თუმცა რეგისტრაციის დაწყება 15 წუთით დაგვიანდა.
"15 წუთის დაგვიანების შემდეგ საიტზე სერვერმა არ შემიშვა. ორ წუთში კი, როდესაც საიტზე შესვლა შევძელი, საიტმა დამიწერა, რომ ყველა ადგილი შევსებულია", – ყვება ერთ-ერთი მშობელი.
მათივე თქმით, ბავშვის დარეგისტრირებას ერთდროულად რამდენიმე კომპიუტერიდან ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. მშობლებისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ისე, რომ ბავშვების დარეგისტრირება ვერ შეძლეს.
მათივე ინფორმაციით, ისეთ სკოლებში, როგორიცაა 51-ე, 53-ე, პირველი კლასიკური გიმნაზია და სხვა ბავშვების დარეგისტრირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ თიკო ფეიქრიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ "საიტზე პრობლემები არ ყოფილა".