დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ხონის ინციდენტზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს და აცხადებს, რომ თუკი სამართლებლივი შედეგი არ დაიდება , პარლამენტარებს ყოველდღე სამარცხვინო შოუებს დაუდგამს. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
"აბსოლიტურად გაუგებარია ხონში გუშინწინ მომხდარი ფაქტი. ქონების მართვის სააგენტოს უკანონოდ დაკავებული ფართებიდან ადამიანები უნდა გამოესახლებინა და აბსოლიტურად გაუგებარია, რა შუაშია აქ ძმები ბობოხიძეები. პოლიციამ მართალია დროულად იმოქმედა, მაგრამ ვნახოთ როგორ დასრულდება ეს გამოძიება. თუ ეს 100 ლარიანი ჯარიმით დამთავრდება, მაშინ ჩემი ხელფასი მომცემს იმის საშუალებას, რომ ყოველ თვე 100 ლარი გადავიხადო და სამარცხვინო შოუები მოგიწყოთ. მინდა მაგალითი ვნახო იმისა, თუ თანაბარ პირობებშია ჩვენი და თქვენი აქტივისტები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები შეიჭრნენ პარლამენტის ოფისში", - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ ბიუროს სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინწინ, ხონში, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით ჭავჭანიძის ბიუროს ოთახში შეიჭრნენ და პარლამენტარს, საკანონმდებლო ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტა მოსთხოვეს. აქტივისტებმა ასევე დეპუტატის ბიუროს ოთახში პრეზიდენტის სურათი დაწვეს და ოთახში არსებული ინვენტარი დააზიანეს.