დიტო გელოვანი: ხმამაღლა დუმდნენ ყვავები

დიტო გელოვანი: ხმამაღლა დუმდნენ ყვავები

მეორე დილით გულკეთილი ექიმი ჩვეულებრივ გამოვიდა გარეთ და რას ხედავს! კართან ორი, მადლიერებისგან თვალებგაბრწყინებული ძაღლი იდგა, თანაც ორი დასახიჩრებული მეგობარი მოეყვანა. მათ, რა თქმა უნდა, მყისვე მიიღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მერე კი, დაადეს თავი და არხეინად გაუდგნენ გზას. განცვიფრებული ექიმი ადგილიდადან ვერ დაძრულიყო, ეს რა საოცრებაა ჩემს თავსო.

მიიწურა ის დღე, გათენდა მეორე. ახლა მისი სახლის წინ ოთხი განკურნებული და ოთხიც განსაკურნავი ძაღლი იჯდა. ეს დღეც მიიწურა. გათენდა მეორე. ახლა მისი სახლის წინ თექვსმეტ ძაღლს მოეყარა თავი, აქედან რვა სულ ახალი დასახიჩრებული იყო. მთელი ქვაფენილი დაეკავებინათ. ასე რომ ხალხი გვერდს უვლიდა. შუადღისთვის, მართალია ყველა მოტეხილი ფეხი ნამკურნალევი იყო, მაგრამ კეთილი ექიმის თვალში თავდაპირველი საოცრების გრძნობა, როგორღაც,  თანდათან იბღალებოდა. ამოვიდა მზე და ექიმის სახლის წინ ოცდათორმეტი ძაღლი გამოეფინა, მათ შორის თქვსმეტი - ფეხმოტეხილი...

(მარკ ტვენი, „საქველმოქმედო ლიტერატურის შესახებ“)

 

საერთოდ, ასე ვიქცევი - კვირის ბოლოს, შაბათს ან კვირას, ჩამოვუვლი ხოლმე დაძმობილებული სააგენტოს მასალებს და ყველაზე საინტერესოებს ვარჩევ. შემდეგ რაღაცეებს ვიხსენებ, რაღაცეებს ერთმანეთთან ვაკავშირებ და გამოდის რაღაც. რაღაც რა - ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. ყველაზე საინტერესო ნიუსების სათაურებს შავი შრიფტით გამოვყოფ ხოლმე, მაგრამ გასულ კვირაში ისეთ სათაური წავიკითხე, რომ ჯერ გავაშავე, მერე გავაყვითლე და გადავწყვიტე, რომ თქვენთვის სრულად მომეწოდებინა. აი, სათაურიც - „თქვენმა წინამორბედმა მაჩუქა ნატოს ჰალსტუხი და იმედი მქონდა, რომ თქვენ ნატოს პიჯაკს მომცემდით“, - მიმართა სააკაშვილმა რასმუსენს“.

 

როგორც აღვნიშნე, ეს სათაური იყო და ტექსტს თუ იკითხავთ, წაიკითხავთ კიდეც. ა, ბატონო: „საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტს ნაყოფიერი უწოდა. როგორც ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა და სასარგებლო ორმხრივი დისკუსიები. სააკაშვილის თქმით, ქართულმა მხარემ ყურადღებით მოისმინა ნატოს წარმომადგენლების რეკომენდაციები და შეგნებული აქვს, რომ ბევრია გასაკეთებელი, რაც საშინაო დავალების სახით უნდა შესრულდეს. „თქვენმა წინამორბედმა, როდესაც ჩამოვიდა აქ 2007 წლამდე, მე მაჩუქა ნატოს ჰალსტუხი და იმედი მქონდა, რომ თქვენ ნატოს პიჯაკს მომცემდით და იმედი მქონდა, არ გავიყინებოდი ნატოს პიჯაკის გარეშე. მე მეგონა, მივიღებდი ამ პიჯაკს, რომელიც ამ ჰალსტუხს ძალიან მოუხდებოდა“, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა“.

 

ვიცი, რომ ღომს სულგუნი უხდება, გოჭს - ტყემალი, მწვადზე შავი ღვინო მიდის, ხაშზე - არაყი... პიჯაკს ჰალსტუხი უხდება, ხოლო ჰალსტუხს... თურმე ჰალსტუხი პიჯაკის გარეშე იგივეა, რაც ბრაჩნაია ნოჩ ბეზ ნევესტი. ოღონდ, ის ვერ გავიგე, ჰალსტუხს რომ შეჭამ, ზედ პიჯაკი უნდა დააყოლო თუ, მიშასთვის პიჯაკი ხელსაწმენდია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მას ცხვირსაწმენდი უნდა ვუწოდოთ? ვერ გავიგე და რადგან გაგებაა მთავარი, იქნებ თქვენ გამაგებინოთ.

 

იმედი მქონდა, არ გავიყინებოდიო... ვერ მოიშალა ამ ხალხმა მათხოვრობა. ჩემი გმირი გიწოდეო - მერაბ სეფაშვილმა და ის დროა „ხომ არ შეგცივდა, მეგობარო, ხომ არ შეგცივდა“-ს უმღეროდეს. ნოემბერია, აცივდა „დაგჩხააა, ფისო?“ - კითხეს სააკაშვილს ოქტომბრის დასაწყისში. დაცხა და ახლა სცივა. ციებ-ცხელება დაეწყო. „თავი გრილად შეინახე, ფეხები თბილად და ღრმად ნუ ჩაფიქრდები“ - ამბობდა მოლა ნასრედინი. „თავს ფეხებზე ვერ დავიკიდებ“ - გაიფიქრა გასულ კვირაში სააკაშვილმა, ხმამაღლა კი ასე თქვა: „ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს და პრემიერ-მინისტრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანად პარლამენტზეა დამოკიდებული. არც თუ საინტერესო პოზიციაა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტია“.

 

მდაა... ორი ვარიანტია.  ან წასვლა გადაწყვიტა და ანაც სვიმონ მასხარაშვილი უკვე მუშაობს გენეალოგიური ხის შედგენაზე, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი ბაგრატიონების პირდაპირ შთამომავლად მოგვევლინება. გიორგი მესამემ დემნა უფლისწულს თვალები რომ დათხარა და დაასაჭურისა, სინამდვილეში ის დემნას ორეული იყო, ნამდვილი დემნა კი ცხრუკვეთში გაიქცა და სააკა (ანუ საარაკო) დაირქვა. იმის შთამომავალია მიშა. მასხარაშვილს ეგ არ შეეშლება. პირველად ვხედავ, კაცი გვარს ასე ამართლებდეს და სწორედ მაგაზეა ზედგამოჭრილი ეს ანეკდოტი: კახელმა პირველად ნახა კენგურუ. უყურებს, უყურებს და უცებ კენგურუს ჩანთიდან პატარა კენგურუმ ამოყო თავი. „ვააა - გადაირია კახელი - პირველად ვხედავ, ასო თავის პატრონს აგრე გავდეს“.

 

რაც დრო გადის პატრონს სულ უფრო დაუფრო ემსგავსებიან გიორგი თარგამაძე (ოთხი შტატივი და ერთი ჩითის კაბა) და დავით გამყრელიძე (ზიზია მემარჯვენეები). ერთი დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით წავიკითხე სამი ნიუსი: „მიხეილ სააკაშვილი ლონდონში გაემგზავრა“, „გიორგი თარგამაძე ლონდონში გაემგზავრა“, „დავით გამყრელიძე ლონდონში გაემგზავრა“. ამას ასეთი სათაური მოყვა - „მიხეილ სააკაშვილი ლონდონის ტაუერში სიტყვით გამოვიდა“.

 

პატრონი - პატრონია, და იმის პატრონია, რომ ტაუერში სიტყვით სწორედ ის უნდა გამოსულიყო. რას აკეთებდნენ ამ დროს თარგამაძე და გამყრელიძე? ვერ გეტყვით. შესაძლოა, სადმე ისხდნენ. სხვათა შორის, იმ დღეს ლონდონელებმა შენიშნეს, რომ ტაუერის ბინადარ ცნობილ ყორნებს შორის ორი ყვავიც იჯდა. ერთ ყვავს ნისკარტით „შირნჰოფერის“ ძეხვი ეკავა, ხოლო მეორეს, რატომღაც, ცალი თხილამური გაედო მარჯვენა მხარზე.

 

იმედი მაქვს, ის დღეც დადგება, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #2 ტაუერში გამოვა სიტყვით. რაც შეეხება ლონდონის ტაუერს, სააკაშვილმა, დევიდ ქემერონთან მიმართებაში, ფაქტობრივად, იგივე ეპითეტები გამოიყენა, რაც ანაკლიაში (ყველაზე დიდი საფეხმავლო ხიდი ევროპაში) და ქუთაისში (ყველაზე ევროპული ქალაქი): „კომერციული ფრენების არარსებობის მიუხედავად, ის იყო პირველი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და ისეთი რამ თქვა, რამაც, ჩემი აზრით, რუსეთზე სხვა განცხადებებზე მეტად იმოქმედა. კემერონმა მაშინ თქვა, რომ შეუძლებელია, ერთდროულად საკუთარი ტანკები დაუმიზნო ევროპულ ქვეყანს და თან სელფრიჯს საყიდლებზე ეწვიო. ვფიქრობ, ასე არც ერთ იდეას არ შეუშინებია ოკუპანტი ქვეყნის გენერლები, რომ ერთ დღესაც მათი ცოლები ან თავად ისინი ვეღარ შეძლებდნენ სელფრიჯში საყიდლებზე დაბრუნებას“.

 

ქლიბების, კვერცხებისა და ყვავების ცოლებს ის ამშვიდებთ, რომ რუსთავის #2 ტაუერში გახსნილია და წარმატებით მოქმედებს სურსათ-სანოვაგისა და რკინა-კავეულის მაღაზიები. აქვეა გახსნილი „ავერსის“ აფთიაქიც და დარწმუნებული ვარ, პაატა კურტანიძე შიშით ელის იმ დღეს, როდესაც იძულებული გახდება ტკივილგამაყუჩბელი სწორედ „ავერსში“ შეიძინოს.

 

ამ დღეს აუცილებლად მოვესწრებით და ამის თქმის საფუძველს თუნდაც ის მაძლევს, რომ გორის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. რა შუაშია? როგორ თუ რა შუაშია?! პრემიერაც არის და პრემიერაც - როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეატრიდან აცნობეს, დასი ირაკლი სამსონაძის პიესის „ყოფილების სარეცელის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლით წარდგება მაყურებლის წინაშე.

 

„ყოფილების სარეცელი“... გორის თეატრი ფანი ვარ!!! უკვე წარმოდგენილი მაქვს, როგორ ნებივრობს სარეცელზე მწვანეშარვლიანი და ყვითელქურთუკიანი ჩოყლაყ-კაცუნა. საწოლზე, მარცხნივ ნეკნებჩამტვრეული ქალი უზის და რომელიღაც ტურისტული ფირმის ბუკლეტს უკითხავს, ხოლო მარჯვნივ, პრესრელიზით ხელში, ზის ასევე ქალი, რომელსაც ტვინის შერყევის ნიშნები აქვს. ფეხმომტვრეულ სუბიექტს კი უზარმაზარი მარაო მოუმარჯვებია და ცრემლებად იღვრება: „ნუ მეძახით თუქსუსს, რამე ევროპული დამიძახეთ“. „შნირი გაწყობს“ - ეკითხება ჩოყლაყი. „შნირი რუსული სიტყვაა. ეგ მე დამიძახეთ - კულისებიდან თავს გამოყოფს ულვაშებიანი ლოქო და ამოიოხრებს - მოგიკვდეთ, შვილებო, იდიოტი მამა, რა მინდოდა ქინძმარში!“.

 

ნინო კალანდაძემ უარყო სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს გრიგოლ ვაშაძე სომხეთში დაძაბულობის განმუხტვისთვის ჩადის... არაა... სარგსიანთან მაკნატუნა უნდა იცეკვოს, ცოლისთვის ახალი პუანტები უნდა შეიძინოს, ერევანში „პა“-ს რომ დაიძახებს „დე-დე“-ს თბილისიდან მიაშველებენ. :D:D… “ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი განხორციელდება. აქ რაიმე დამატებითი ქვეტექსტების ძიება ალბათ, არ არის სწორი”, - თავისივე სიტყვებში შეიტანა ეჭვი ჭყეტელა ნინომ, ერთხელ თვითმფრინავში რომ შეიჭყიტა და მერე მთავრობიდან რომ გამოიჭყიტა. მატროსოვი გაგიგია, ცუნცულ? ამბრაზურას რომ გადაეფარა, ის. ჰოოოდა, მაგის სახელობის ქუჩა იყო თბილისში და იმ ქუჩაზე იყო ერთი დაწესებულება, ქალები იჭყიტებოდნენ იქიდან.

 

გასულ კვირაში სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას (ეს ადამიანები მხოლოდ პარლამენტში შეადგენენ უმრავლესობას) შეხვდა. შეხვედრა დახურული იყო, ვერავინ შეიჭყიტა. აბა, რას გაიგებ რაზე ისაუბრეს მიშამ და ქლიბებმა, თუმცა, როგორც ვხვდები, თავიდანვე დათქვეს, რომ გავალთ, ვთქვათ, რომ ამაზე და ამაზე ვმსჯელობდითო. შეხვედრის შემდეგ ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ვისაუბრთო - დასაქმებაზეო, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზეო, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეო. „პარლამენტის პირველი სხდომა 26 მაისს ჩატარდება ქუთაისში. არა მარტო ერთი სხდომა, არამედ, პარლამენტი მზად იქნება, რომ ატაროს სხდომები ქუთაისში“, - უთქვამს მიშას და გეგუთის #3 დაწესებულების ნახაზები წარმოუდგენია. „მომავალ წელს ჩვენ გვაქვს კახეთში გრანდიოზული პროექტი, რომლის მსგავსი არ გვქონია არც ერთ რეგიონში. არა მხოლოდ იმის გამო, რომ მე კახეთში დავფუძნდი, არამედ იმიტომ, რომ ეს ობიექტურად საჭიროა კახეთისთვის და მთლიანად საქართველოსთვის“, - ესეც მიშიკოს სიტყვებია.

 

ისა და... საგარეჯოში კიდევ არის კოლონია თუ გურჯაანში უნდა აშენდეს რაღაც გრანდიოზული? „საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა“ - სხდომის შემდეგ განაცხადა შოთა მალაშხიამ, რომელიც, როგორც ცნობილია, აქ ცოცხლებს აკლია და იქ - მკვდრებს.

 

საერთოდ, არ მიყვარს რეჟისორის საქმეებში ჩარევა, თუ რამე - რჩევას ვაძლევ ხოლმე. ჰოდა, „ყოფილების სარეცელის“ რეჟისორს ერთ იდეას ვაწვდი: სცენაზე შემორბის ტრუსიკ-მაიკიანი შოთა მალაშხია და ყვირის: „ივანიშვილზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი“. ამის შემდეგ სრულიად ბუნებრივად მთელი დარბაზი წამოხტება და ერთხმად დაიძახებს: „იმდენი მოგხვდა ლერი ხაბელოვის“. ნეკნებჩამტვრეული და ტვინშერყეული ქალები ყურებს დაცქვეტენ. „მე არა, ამათ მოხვდეს“ - ამბობს მალაშხია და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გარბის.

 

მგონი, მართლა კარგი სპექტაკლი გამოდის, ხო იცი!

 

სანამ მიშა ვიწრო უმრავლესობას ხვდებოდა, ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ორი წელიც რომ გაგრძელებულიყო, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მაინც ვერ შეძლებდნენ საკუთარი თავის ღირსეულად წარმოჩენას. არა იმიტომ, რომ დრო არ ეყოფოდათ, არამედ იმიტომ, რომ თავი ღირსეულად რომ წარმოაჩინო, ამისათვის უნდა იყო ღირსეული და თუ ღირსეული ხარ, საკუთარი თავის წარმოჩენას არ შეეცდები. დარბაზში კი თითოოროლა ღირსეული თუ იჯდა.

 

ეს მხოლოდ ჩემეული ვერსიაა, შეხვედრიდან გამოსულ ხმებზე და დედუქციურ მეთოდზე დაფუძნებული. ალბათ, როდესმე ვიხილავთ შეხვედრის სტენოგრამას, რომელსაც ჩაუჯდებიან მედია-ექსპერტები და ეთიკის ქარტიის შესაბამისად ჩაუტარებენ კონტენტ-ანალიზს.

 

„ივანიშვილის ახალი პოლიტიკური ძალის წარმომავლობა, პირდაპირ დაკავშირებულია კრემლთან. ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ეს არის ხმა ღრმა პოლიტიკური სამარიდან და ვერასოდეს რუსული ინტერესი საბჭოთა კავშირის აღდგენის, რუსული ე.წ გრავიტაციული ველის გავრცელება, ოდიოზური პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოში ვერ განხორციელდება“, – ყოველმხრივი ანალიზის შემდეგ განაცხადა ნუგზარ (ბოცო) წიკლაურმა.

 

ეჰე-ჰეიიი, თქვე კეთილმოწყობილებო, დაგაჯდათ სარეცელის ბუზი?! დაგაჯდათ!!! აბა, ხელმარაოიანი თუქსუსი მარტო იმას ყავს, სარეცელზე რომ გაშხლართულა და ვერც ის გადარჩება.

 

„ჩვენ ახლა უნდა ვიდგეთ დიდი ბადით საქართველოს საზღვრებთან და დავიჭიროთ სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოქცეული კაპიტალი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა“.

 

არა, მითხარით, მაგას რამე გადაარჩენს?

 

„ვერც ერთი ქვეყანა ახლოს ვერ მოვა საქართველოსთან საინვესტიციო ფონით, კორუფციის არქონით, უსაფრთხოების უმაღლესი დონით“ - უმრავლესობას უთხრა სააკაშვილმა, ხოლო უმრავლესობამ სწორედ ის გაიფიქრა, რასაც დარბაზი შოთა მალაშხიას ეტყვის. უმრავლესობამ გაიფიქრა, ხმამაღლა კი დუმილი ამჯობინეს.

„ჭამე მანიქაში, თორემ ტარიელ ჭანტურია ლექსებს წაგიკითხავ“ - ასე ემუქრებოდა ახლობლის ახლობელი თავის შვილს, ხოლო სამტრედიელმა მანდატურებმა ასეთი მუქარა ამჯობინეს: „დახატეთ, თორემ...“ რა საშინელი მრავალწერტილი იყო! „თორემ, ჰალსტუხი არავის მოაჭამო“ - ხითხითებდნენ ბავშვები, მაგრამ მაინც დახატეს. „15 აღსაზრდელის ნამუშევრები გამოცდილ მხატვრებთან ერთად, მანდატურებმაც შეაფასეს და სამი გამარჯვებული გამოავლინეს“ - ნაუწყებარს იუწყებოდა ჩემი უსაყვარლესი სააგენტო და იქვე მაცნობა, რომ „საპრიზო ადგილი აღსაზრდელთა ყველაზე პატარა წევრს, 5 წლის რიკარდო თავართქილაძეს ხვდა წილად, რომელმაც საკონკურსო ნამუშევრად ოჯახის თემა შეარჩია“.

 

მაშ, მაშ - ოჯახის თემა გასულ კვირაში ყველაზე აქტუალური იყო. გულამოსკვნილმა მიშამ ნიშნისმოგებით გვაცნობა, დედაჩემს სადაზღვევო პოლისი არ მისცესო. მჯერააა, ნამდვილად მჯერა, რადგან ამას წინათ ერთ სრულიად ჯანმრთელ ქალსაც არ მისცეს პოლისი. „სახლში გიჟი გყავს და რა ვიცი, როდის რას მოგწევს. გიჟი კი არ ვარ, პოლისი მოგცე!“ - უთქვამს სადაზღვევო აგენტს მისთვის.

 

„დედაჩემს სადაზღვევო პოლისი არ მისცეს“ - წუწუნებს ყოფილების სარეცელზე გაშხლართული მწვანეშარვლიანი ჩოყლაყი.

 

„იმდენი...“ - ყვირის დარბაზი და ზოგი ლერი ხაბელოვს ახსენებს, ზოგი დავით გობეჯიშვილს და ზოგიც რიჩარდ ლომგულს.

 

ფარდა? არავითარი ფარდა!!! ამ სპექტაკლს სულ უნდა ვუცქიროთ, წელიწადში 365 დღე და დღე-ღამეში 24 საათი.

 

ძ.ე. (ძირითადად, ეგრეა) როცა ერთხელ კიდევ გათენდა, ჩვეულებრივ გარეთ გამოვიდა და დაინახა მთელი ჯოგი ძაღლებისა, რომლებიც ყმუოდნენ და შველას ითხოვდნენ, გულკეთილმა ექიმმა წამოიძახა:

- არა, არა, ნამდვილად იმ წიგნებმა გადამრია. ისინი მხოლოდ ამბის ბედნიერ ნაწილს მოგვითხრობენ და მერე სდუმან. აბა, თოფი, თოფი ჩქარა. საკმარისია, მეტი არ შეიძლება!

და მართლაც, დაავლო თოფს ხელი, გამოვარდა გარეთ და უნებურად სწორედ იმ ძაღლს დაადგა ფეხი, რომელიც პირველად განკურნა. ძაღლმა, რა თქმა უნდა, არ დააყოვნა და იმწამსვე უკბინა.

(მარკ ტვენი, „საქველმოქმედო ლიტერატურის შესახებ“)