"საერთო სასამართლოების" შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პარლამენტი დღეს აპირებს. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, ამ ვეტოს პარლამენტი ისევე წარმატებით დაძლევს, როგორც "ამნისტიის შესახებ" კანონთან დაკავშირებით იყო.
"ეს ცვლილებები არის საშუალება იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი და გაჯანსაღდეს სიტუაცია საერთო სასამართლოებში. პირველ რიგში საჭიროა ძალიან სწრაფად ამ კანონის ძალაში შესვლა, რასაც სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ვეტოთი უშლის ხელს, მაგრამ უმრავლესობას ნამდვილად გააჩნია იმის რესურსი, რომ იმსჯელოს ამ შენიშვნებზე და, შესაბამისად, დაძლეულ იქნას აღნიშნული ვეტო", - აღნიშნა კობახიძემ.
იურიდიულმა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა პრეზიდენტის შენიშვნები გუშინ განიხილეს და არ გაიზიარეს.