ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არანაირი "შეთქმულების თეორია" არ არსებობს, - ამის შესახებ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა .
მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფომ და მისმა სამართალდამცველმა უწყებამ გააკეთა ყველაფერი, რაც ევალდებოდა და შეაჩერა შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციაში გადასვლას ცდილობდა.
"მე ვნახე სახალხო დამცველის ე.წ. მოხსენება, ეს ვერსია არის აბსურდული სწორედ იმის გამო, რომ არანაირი ფაქტებით არ არის გამყარებული. ადამიანმა მოყვა რაღაც ნარატივი, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მონათხრობს, რომელიც წლებია ასევე არანაირ ფაქტებს არ ეყრდნობა. სახალხო დამცველს ზოგიერთ შემთხვევაში მოჰყავს კომიკური "მტკიცებულება", მათ შორის ერთ-ერთია შეირაღებული ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და ეს აქვს მოყვანილი, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო უკეთებდა ამას ორგანიზებას. ნათელია, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე. საქართველოს უამრავ მოქალაქეს აქვს უფლება შეინახოს იარაღი და ის ვალდებულია დაარეგისტრიროს. ეს ყველაფერი ერთი-ერთზე ემთხვევა რუსეთის პროპაგანდას. ასეთი თეორიების "სროლა", ყოველგვარი ფაქტების გარეშე, არის, როგორც მინიმუმ გაუგებარი, უპასუხისმგებლო და სერიოზული შეშფოთების და ეჭვების საფუძველს იძლევა. დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ფაქტზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ვიცით, არანაირი საიდუმლო შეთქმულებების თეორია არ არსებობს", - განაცხადა ბოკერიამ.
Mამასთან, უშიშროების საბჭოს მდივანმა პრემიერ-მინისტრის ის განცხადებაც გააკრიტიკა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ საქართველოში ჩრდილოკავკასიელი ტერორისტები გარკვეულ მომზადებას გადიოდნენ და მას ქვეყნისთვის "საზიანო" უწოდა.
"გამოძიება ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ერთი მთავარი კითხვა ისმის. რატომ არ დაელოდა პრემიერ-მინისტრი გამოძიებას, მით უფრო, რომ ესაა დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი და მის სიტყვებს აქვს დიდი დატვირთვა. ერთი მოტივი შეიძლება იყოს ის, რომ ეს რუსეთსაც აწყობს, ამით მოხდება მასთან ურთიერთობის დალაგების საქმეში წინსვლა, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს, გარდა იმისა, რომ უპრინციპობაა, პრაგმატულადაც გულუბრყვილობაა, რადგან თუ რუსეთთან ურთიერთობას იწყებ იმის აღიარებით, რომ შენ ტერორისტებს მფარველობდი აქამდე, ეს ძლიერი კი არა უსუსტესი პოზიცაა, მით უმეტეს, რომ მოგონილია და თუ ფაბრიკაციას არ მიმართეს, არასდროს არაფერი დადასტურდება", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.