თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი. "დაველოდოთ", - ასე უპასუხა ალასანიამ გადაცემა "პოზიციის" წამყვანს შეკითხვაზე, რამდენად შესაძლოა კოალიციამ პრეზიდენტობის კანდიდატად სწორედ ის დაასახელოს.
ამასთან, ალასანიას ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატს დაახლოებით 2 კვირაში წარადგენს.
"დღესაც გვქონდა საუბარი კონსულტაციებზე, რომლებიც უნდა გავმართოთ. დაახლოებით ორ კვირაში პრემიერ-მინისტრი წარადგენს კანდიდატს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანდიდატი იქნება ღირსეული და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ", - აღნიშნა ალასანიამ.