სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული შეუთავსებლობა რუსეთთან, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას არ სურს ამ რეგიონის, მათ შორის საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროდან გასვლა და ცივილიზებულ სამყაროში გადასვლა.
"დიალოგს რუსეთთან არავინ ეწინააღმდეგება. მივესალმებით, წარმატებას ვუსურვებ ახალ მთავრობას, თუ წინ წასწევენ რაიმე საქმეს, მათ შორის რუსეთის ბაზარზე შესვლას. ჩვენი ინტერესია, ჩვენი პროდუქცია გავიდეს რუსეთის ბაზარზე, თუმცა, გადაჭარბებულ მოლოდინებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ეს იქნება კარგი, მაგრამ არ იქნება გარღვევა ქართულ ეკონომიკაში, რადგან საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა და მისი დივერსიფიცირება მოხდა. რომ იყოს რაღაც პროგრესი, ეს ვერ იქნება გარდამტეხი ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში და ეს ილუზია ჩვენს საზოგადოებას არ უნდა შეუქმნას ახალმა ხელისუფლებამ", - აღნინა ბოკერიამ.
უშიშროების საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ სიფრთხილეა საჭირო, რათა რაიმე სფეროში საქართველო ისევ რუსეთზე დამოკიდებული არ გახდეს, რადგან, მისი თქმით, რუსეთი ყველა ბერკეტს იყენებს იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც მასზეა დამოკიდებული. "განსაკუთრებით ეს ეხება ენერგეტიკის სფეროს. აი, აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. უნდა ვიყოთ დივერსიფიცირებული, გავაგრძელოთ ინვესტიციები, რაც სამწუხაროდ ახლა არ ხდება", - განაცხადა ბოკერიამ.