თუ რომელიმე ჩინოვნიკმა ტეროტისტებთან თანამშრომლობა იკადრა, ზუსტად ის აგებს პასუხს და არა - მთელი ქვეყანა, - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა.
ივანიშვილი აცხადებს, რომ ტერორისტებთან თანამშრომლობის გამო ცალკეული ჩინოვნიკის დასჯა ქვეყნის იმიჯს ვერ შელახავს.
"რასაც გიორგი ბარამიძე და მისი გუნდის წევრები ახმოვანებენ, რომ ამით საქართველოს იმიჯი დაზარალდება, არ არის სწორი. ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ არიან ამ საზოგადოების რიგითი წევრები და არ წარმოადგენენ ქვეყანას. რაც მე მქონდა მხედველობაში - არსებობს ეჭვი, რომ თანამშროლმლობდნენ ტერორისტებთან, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო თანამშრომლობდა ტერორისტებთან ისევე, როგორც რუსებთან და ომთან დაკავშირებით იგივდებიან ქვეყანასთან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, ამ საკითხების გამოძიებით საქართველოს იმიჯი არ დაზარალდება.
"საქართველოს არავითარი ჩირქი არ მოეცხება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქართველი ხალხი არის მშვიდობიანი და არავითარი მსგავსი მოწოდებები არ გაკეთებულა. გამოძიება არ ხდება იმისთვის, რომ ქვეყანა დადანაშაულდეს ან არ დადანაშაულდეს. აქ საუბარია რომელიმე ან რამდენიმე ჩინოვნიკის ამ პროცესებში მონაწილეობის გამოძიებაზე. ბარამიძე არ არის საქართველო ისევე, როგორც მიხეილ სააკშვილი და ისევე როგორც მე. ჩვენ ყველას თანაბრად გვეკუთვნის ეს ქვეყანა და, როდესაც ქვეყანასთან უნდათ საკუთარი დანაშაულის გაიგივება, ეს არის მცდარი და ამით ნუ ჩქმალავენ პრობლემას. თუ ცალკეულმა ჩინოვნიკმა მოახერხა და დაარღვია კანონი, მან ამაზე პასუხი უნდა აგოს და არა - ქვეყანამ. მტკიცებულების ფორმა ამას არ აქვს, ეჭვის ფორმა აქვს და თუ რომელიმე ჩინოვნიკმა ტერორისტებთან თანამშრომლობა იკადრა, ზუსტად რომ ის აგებს პასუხს", - განაცხადა ივანიშვილმა.