საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეიარაღებულ ძალებს ქართული არმიის იუბილეს ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს , რომელშიც ქართველი ჯარისკაცების მიღწევებზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ 2008 წელს საქართველო სწორედ მათმა გმირობამ გადაარჩინა.
"მინდა ჩვენს ჯარისკაცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების, ქართული არმიის 22 წლისთავი მივულოცო და მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ამ ხნის განმავლობაში თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ სამშობლოს. თქვენ ყოველთვის ერთგულად იდექით საქართველოს თავისუფლების, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე.
2008 წელს საქართველო თქვენმა გმირობამ გადაარჩინა. ქართული ჯარი, რომელმაც 5 დღის განმავლობაში შეაჩერა 100-ჯერ მრავალრიცხოვანი მტერი, იყო ჩვენი დროის 300 არაგველი. სწორედ ქართულმა ჯარმა მოგვცა დიპლომატიური აქტიურობის და მთელი მსოფლიოს გამოღვიძების დრო", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ახალმა მთავრობამ 26 მაისს აღლუმის ჩატარებას "ხელი შეუშალა" და აღნიშნავს, რომ აღლუმის სხვა ღონისძიებით ჩანაცვლება მისთვის მიუღებელია.
"სამწუხაროა, რომ წელს მთავრობამ პოლიტიკური მოტივებით, ხელი შეუშალა აღლუმის ჩატარებას, არადა აღლუმი შესაძლებლობაა ხალხმა წელიწადში ერთხელ მაინც გადაუხადოს მადლობა საკუთარ არმიას. 26 მაისს აღლუმის სხვა ღონისძიიებებით ჩანაცვლება მიუღებელია, რადგან სწორედ შეიარაღებული ძალები არის ჩვენი დამოუკიდებლობის უმაღლესი გამოხატულება. კიდევ ერთხელ გამოვხატავ უდიდეს მადლიერებას, რადგან შეუფასებელია ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში მიუძღვის", - განმარტავს პრეზიდენტი.